კომენტარი

იან კელი და კრამერი: პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში

24 მაისი, 2022 • 2533
იან კელი და კრამერი: პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში

ავტორები:

  • იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • დეივიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი

მათი მოსაზრება გამოქვეყნდა პორტალ „ბულუორკზე“.

დიდი ხნის განმავლობაში, უკრაინა და საქართველო რუსეთის საზღვრებთან ყველაზე პრო-ევროპული და პრო-ნატო ქვეყნები იყვნენ და გარდამავალი წარმატებით იბრძოდნენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის და კანონის უზენაესობისთვის. 30 წლის განმავლობაში, ხშირად ისე ჩანდა, რომ სანამ ერთი პროგრესირებდა, მეორე უკან მიდიოდა. იგივე ტენდენცია ახლაც მეორდება – მამაცი უკრაინელები რუსეთს ებრძვიან და ხუმრობენ, მისცენ თუ არა ნატოს უკრაინაში გაწევრების საშუალება, ხოლო საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

გეოგრაფიულად საქართველო შეიძლება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იყოს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში (75%) და ევროკავშირში (88%) გაწევრებას. რიტორიკის დონეზე, მმართველი პარტია კვლავაც უჭერს მხარს დასავლეთთან ინტეგრაციის პოლიტიკას, მაგრამ მისი ქმედებები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა თავის ბედს არასწორ ხალხს უკავშირებს.

უკრაინაში კრიზისის დაწყებიდან, საქართველოს ძალაუფლების სისტემა სულ უფრო და უფრო წააგავს რუსულს – ერთპარტიულ მმართველობით და ოპოზიციის დევნით. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა მოახდინონ გავლენა საქართველოზე, რათა დახმარება აღმოუჩინონ [საქართველოს] დესტრუქციული ძალების კონტროლში. იმ ქართველების მიმართ, ვისაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების იმედი აქვს, ვალდებული ვართ, დავუწესოთ მოგზაურობის აკრძალვა და სხვა სანქციები იმ პირებს, ვინც ძირს უთხრის იმედს ერთიან მომავალზე დასავლეთთან.

ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი შემაწუხებელი ნაბიჯი წინა კვირას გადაიდგა, როცა მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეარხის, „მთავარის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამწლიან პატიმრობაზე მეტი მიუსაჯა პოლიტიკურად მოტივირებულები ბრალდებების გამო. აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ გვარამიას საქმე „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი“ და არასწორ გზავნილს წარმოადგენს საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე მაშინ, „როცა თბილისს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა, წინ წაწიოს თავისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“.

„ქართული ოცნება“ აკონტროლებს სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს არა მხოლოდ თავისთვის სასარგებლო ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების უზრუნველსაყოფად, არამედ ძლიერი ოპოზიციის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. „ოცნება“ აწარმოებს დევნისა და დემონიზაციის კამპანიას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, კონკრეტულად – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დააპატიმრეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ციხეში მას ცუდად ეპყრობიან, ასევე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს არა იმის მიხედვით, რამდენად გააფართოებს პოლიტიკა ინტეგრაციას დასავლურ ნორმებთან, არამედ იმის, გააბრაზებს თუ არა ეს დიქტატორს კრემლში. შიდა პოლიტიკაში მთავრობა განუხრელად აგროვებს მთელ ძალაუფლებას, ხელისუფლების სამივე შტოში და აწარმოებს იმ ინსტიტუტების მარგინალიზაციას ან გაუქმებას, რომლებსაც ძალაუფლების კონტროლი შეუძლია. კონკრეტულად, ეს გამოვლინდა ხელისუფლების უარში, გაეტარებინა აშშ-ის, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული რეფორმები დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფისთვის.

ძალაუფლების კონცენტრაციისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის სურვილი ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის. წინა მთავრობის ლიდერებს, სააკაშვილსა და ედუარდ შევარდნაძეს, ამავეში სდებდნენ ბრალს. თუმცა, ამ რეჟიმს გამოარჩევს რუსეთის დაშოშმინება და რეფორმების ნელ ტემპთან ან მათ მიგდებასთან დაკავშირებით დასავლეთის შეშფოთებისადმი ნაკლები ინტერესი, ან სულაც სრული იგნორირება.

მაგალითად, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე თავის შეკავებაზე მოწოდებებზე უარის გარდა, „ქართული ოცნების“ მთავრობა გამოვიდა აშშ-ისა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც აუცილებელი საარჩევნო რეფორმების გატარებას ითვალისწინებდა; მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებს, რომლებიც ძირს უთხრიან დასავლურ ღირებულებებს და ემხრობიან კულტურულ კავშირებს რუსეთთან; გააუქმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი გამოდიოდა.

ყველაზე შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უკრაინის მიმართებაში. როგორც რუსეთის შეჭრის მსხვერპლი, საქართველო უკრაინის მოკავშირე იყო. თუმცა, მთავრობის უარმა, დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, [გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს] მოქალაქეების უკრაინაში ბრძოლის პრევენციისთვის და სავარაუდო ძალისხმევამ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებოდა, უკრაინას თბილისიდან ელჩის გაწვევისკენ უბიძგა.

პუტინის მსგავსად, „ოცნების“ ლიდერები, როგორც ჩანს, ომს ოპონენტებზე იერიშის მისატან შესაძლებლობად ხედავენ. პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ“ ბრძოლაში მყოფი უკრაინის მთავრობა ელჩის გაწვევისთვის გააკრიტიკა და დაადანაშაულა „კოორდინირებულ მცდელობაში, საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიოს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთქმულების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საქართველო „მეორე მარიუპოლი“ იქნებოდა.

რატომ აირჩია საქართველომ დაშოშმინების პოლიტიკა (განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოკითხულთა 3/4 მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება) და რატომ უტევს უკრაინის ბრძოლაში მყოფ ლიდერებს? ხელისუფლების მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ საქართველო მოწყვლადია ნატოს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. იმედგაცრუება ნატოს წევრობის მხრივ (რომელსაც საქართველოს 14 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე დაჰპირდნენ) პროგრესის ნაკლებობის გამო რეალურია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ქართველთა 3/4 მაინც უჭერს მხარს ნატოში გაწევრებას. რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, დასავლეთი უნდა ზრდიდეს სამხედრო დახმარებას საქართველოსთვისა და უკრაინისთვის.

საზოგადოებრივ აზრთან კონტრასტში მოდის ის, რომ „ოცნების“ შიდა წრის ცნობილ წევრებს, კონკრეტულად ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მილიარდერს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან პირადი ეკონომიკური კავშირების დაცვაში ადანაშაულებენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სავარაუდოდ მარტში გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის პუბლიკაცია, ანუ [საუბარი შედგა], უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ევტუშენკოვი სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის მიერ.

წარსულის ორმა შემთხვევამ უნდა მიიქციოს ივანიშვილის ყურადღება: აშშ-ში მოგზაურობა აეკრძალათ უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის და მოლდოვის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოლიგარქ ვლადიმირ პლოხოტნიუკს, „მნიშვნელოვან კორუფციასა“ და „დემოკრატიული ინსტიტუტებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირგამომთხრელ კორუფციულ ქმედებებში“ მონაწილეობისთვის.

პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან განსხვავებით, კოლომოისკი და პლოხოტნიუკი წარმოადგენენ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ისდამი მეგობრულად არიან განწყობილი. ეს არის საჭირო და დაგვიანებულიც კია ივანიშვილის შემთხვევაში. კოლომოისკისა და პლოხოტნიუკის წინააღმდეგ სანქციები მაშინ დაწესდა, როცა ისინი მთავრობაში აღარ იყვნენ. ასეა ივანიშვილისა და მისი შიდა წრის შემთხვევაში – ისინი არ არიან ანგარიშვალდებულნი ამომრჩევლების მიმართ, მაგრამ ნათლად აქვთ დიდი გავლენა მთავრობის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე.

რუსეთის საზღვართან მდებარეობს ბევრი დამთმობი რეჟიმი, რომელსაც ეშინია ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობა და პუტინის გაბრაზება. ჯერ კიდევ არაა გვიანი საქართველოს ასეთ რეჟიმად ქცევის პრევენციისთვის. თუმცა, აშშ-მ და ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ და აჩვენონ შეშფოთება ამ ტენდენციებთან დაკავშირებით. მათ უნდა იმოქმედონ, რათა საქართველოს მთავრობას და კულისების უკან მყოფ პირებს არ სურდეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საქართველოს დასავლეთისგან აშორებს და რუსეთთან აახლოებს.


თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი