კომენტარი

„ოცნება“ ოპოზიციას და უცხოელებს მოუწოდებს, უკრაინაზე შენიშვნების ჩამონათვალი წერილობით გაასაჯაროონ

23 მაისი, 2022 • 1218
„ოცნება“ ოპოზიციას და უცხოელებს მოუწოდებს, უკრაინაზე შენიშვნების ჩამონათვალი წერილობით გაასაჯაროონ

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას და “მის ლობისტებს” მოუწოდებს, წერილობით გაასაჯაროონ შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ისმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების „აბსტრაქტული კრიტიკა“ უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა არგუმენტების გარეშე.

„ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული, იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს და ომს ვერ აჩერებს. თუმცა ანალოგიური შინაარსის განცხადებები მოგვიანებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა. რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი არ მალავს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის არგახსნით არის უკმაყოფილო. ბევრი ამ აზრს ღიად არ აფიქსირებს. სანქციების დაწესებას, რომლებიც რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას და ხალხს უმძიმეს ტვირთად დააწვებოდა, არავითარი გამართლება არ ექნებოდა. საკუთარ ქვეყანას და ხალხს ჩვენ სანქციებს ვერ დავუწესებდით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ერთადერთი, რაშიც არ გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხიც იგივე მდგომარეობაში არ არის ჩავარდნილი“.

„თუ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს ის აღიზიანებს, რომ საქართველოში დღეს მშვიდობაა და ქვეყანას წლის პირველ კვარტალში 14,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ გვგონია, რომ ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციით უკრაინასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მხოლოდ იმითაა უკმაყოფილო, რომ საქართველო ომში არ ერთვება. თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ. ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველით თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათ ფულს უხდით თუ რაიმე სხვა ფორმით ემუშავებით. ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და „ნაციონალების“ რიტორიკა ერთმანეთს. კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა“, — განაცხადა კობახიძემ.

მიის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის ოპონირების ფასი და უშეცდომო არავინაა.

„შეიძლება ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით. მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი არგუმენტირებული შენიშვნა, ოღონდ არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ხელისუფლებას და რა გინდათ თქვენ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოვლენებს სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ან ემოციებს არის აყოლილი, მძევლად გყავთ აყვანილი. გთავაზობთ დისკუსიის ნებისმიერ გონივრულ ფორმატს, რომელიც საქმეში ყველაზე ჩაუხედავ ადამიანსაც კი გააგებინებს სიმართლეს. მოდით და არა ცარიელი სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და არგუმენტებით გვესაუბრეთ ჩვენ და ესაუბრეთ საზოგადოებას“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია და მისი ლობისტები შენიშვნების ჩამონათვალს არ გაასაჯაროებენ, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, „ოცნება“ მზად არის, გამართოს საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით.

კობახიძეს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლების ლანძღვაზე, როდესაც იგივე ტერმინები არასდროს გამოუყენებიათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

„რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არის ომის მდგომაროებაში უკრაინა, მისი ხელისუფლების მიმართ ვცდილობთ, მაქისმალურად თავშეკავებული ვიყოთ, მაგრამ ხშირად რთულია, არ გამოხატო პოზიცია მაშინ, როდესაც ალოგიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგალითად, ელჩი გაჰყავთ; ამბობენ, რომ რუს სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმე, გარდა უკრაინელი ქალების და ბაშვების დახოცვისა, ანუ უნდა ჰქოდეთ საქმე, ქართველი ქალების, ბავშვების და კაცების დახოცვა… ამაზე როდესაც საუბრობს მათი უშიშროებს საბჭოს მდივანი, როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ., რა თქმა უნდა, ამას სჭრიდება სათანადო მკაცრი პასუხები. თვითონ პიროვნებებთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვის ნიშნები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და საქმით. მაგალითად, პოდოლიაკი იყო იანუკოვიჩთან დაკავშირებული, გონჩარენკო იყო იანუკოვიჩის პარტიის წევრი და ა.შ.“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირდაპირი კავშირია იმ ორი ფაქტს შორის, რომ მათ საქართველოში ომი უნდათ და წარსულში დაკავშირებული იყვნენ იანუკოვიჩთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი