კომენტარი

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს EU-ს კანდიდატობას ბრიუსელში უშლის ხელს

22 მაისი, 2022 • 1947
ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს EU-ს კანდიდატობას ბრიუსელში უშლის ხელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “მათთან აფილირებული” ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამის შესახებ მას ბრიუსელში ვიზიტისას უთხრეს:

“სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ გვარებს და სახელებს, ცნობილი ლიდერები არიან, მითხრეს – რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ იქნებ რაიმენაირად პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაშიო”, – თქვა ღარიბაშვილმა გუშინ, 21 მაისს ჟურნალისტებთან.

კითხვაზე საუბრობდა თუ არა პრემიერ-მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობაზე”, ღარიბაშვილმა უპასუხა: “დიახ, და არამხოლოდ. მათთან აფილირებული წარმომადგენლებიც”.

“[ეს მითხრეს] ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. ისინი გაოცებულები არიან, რომ დღესაც ერთადერთი მათი მიზანია, რაიმენაირად… ამათ ჩააქვთ იქ დეზინფორმაცია, ათასი სისულელეები და ავრცელებენ ამ ცილისმწამებლურ განცხადებებს და ცნობებს. მათი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს, დაისაჯოს ჩვენი სახელმწიფო. აქ ჩვენზე [მთავრობაზე] კი არ არის საუბარი, ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზეა საუბარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი