კომენტარი

თურქეთი და ნატოს ნორდიკული გაფართოება: რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

20 მაისი, 2022 • 1550
თურქეთი და ნატოს ნორდიკული გაფართოება: რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

ავტორი: ნინო სამხარაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი

ნატოს გაფართოების შესახებ გააქტიურებული დისკუსია რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასავლური კონსოლიდაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შეცვლა შეუძლია. ფინეთმა და შვედეთმა ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს და ალიანსში გაწევრება ოფიციალურად მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ნატოს წევრების უმრავლესობა ამ სიახლეს დადებითად შეხვდა, თურქეთის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ეს საკითხი მის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის, ამიტომ მან ორი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრების შესახებ დისკუსიის დაწყება დაბლოკა.

თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ერთადერთი მეზობელი სახელმწიფო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და თბილისის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ამიტომ, თბილისში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი მოქმედებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, რა შეიძლება შეიცვალოს თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში ანკარას მიერ ნატოს ნორდიკული გაფართოების დისკუსიის დაბლოკვის შედეგად და რას ნიშნავს თურქეთის ეს პოზიცია საქართველოსთვის.

თურქეთის ეროვნული ინტერესები და ნატოს ნორდიკული გაფართოება

როგორც წესი, თურქეთი ნატოს ის წევრი სახელმწიფოა, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას აქტიურად უჭერს მხარს. თუმცა, ნატოში კონკრეტულად ორი ქვეყნის – ფინეთის და შვედეთის – გაწევრების საკითხი წინააღმდეგობაში მოვიდა თურქეთის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან. ანკარას ორმხრივი ურთიერთობები სტოკჰოლმთან და ჰელსინკისთან, დიდწილად, განსაზღვრულია ორი ფაქტორით: შვედეთი და ფინეთი ქურთული საზოგადოების თავშესაფარ ქვეყნებს წარმოადგენენ, უფრო მეტიც, ქურთული საზოგადოება შვედეთის პარლამენტშიცაა წარმოდგენილი, რაც ძლიერი პოლიტიკური დაბრკოლება შეიძლება იყოს თურქეთთან მოლაპარაკების პროცესში. ამასთან, თურქეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინეთის და შვედეთის მიერ დაწესებული სანქციები სირიაში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ. 

თურქეთის ამგვარი პოზიციონირების ფონზე, ამ უთანხმოების წარმატებით მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ისე ფინეთისა და შვედეთისთვის. ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების ამ ეტაპზე, ალიანსის ჩრდილოეთით გაფართოება ის უმთავრესი ცვლილებაა, რომლითაც მას შეუძლია უპასუხოს რუსულ აგრესიას. ამასთან, ძლიერი პოლიტიკური და სამხედრო რესურსების მქონე სკანდინავიური ქვეყნების საკუთარ რიგებში ხილვა ალიანსის გაძლიერების ისტორიული პროცესია. თავის მხრივ, უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურადაა შეცვლილი თავად ფინეთისთვის და შვედეთისთვის, ამიტომ, მათი გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფი, ოპერატიული და მყარია.

ამავე დროს, ანკარასთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ამ სიტუაციაში შეძლებს და დასავლელ აქტორებთან დიპლომატიური ვაჭრობის შედეგად მიაღწევს იარაღის შეზღუდვის მოხსნას, რომელიც მას სკანდინავიურმა ქვეყნებმა 2019 წელს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად დაუწესეს. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი და ფინეთი უარს აცხადებენ თურქეთის მიერ მოთხოვნილი 33 ქურთის ექსტრადიციაზე, ეს საკითხი ანკარას მხრიდან კვლავ მოლაპარაკებების მაგიდაზე რჩება. საინტერესოა ისიც, რომ თურქეთის მხრიდან ამგვარი მოთხოვნები არსებობს არა მხოლოდ გაწევრების მსურველ შვედეთთან და ფინეთთან, არამედ, აშშ-სთანაც: ერდოღანი შეეცდება, მიაღწიოს რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შემდეგ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას და F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში ანკარას კვლავ ჩართვის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ნატოც და ორივე ნორდიკული სახელმწიფოც აქტიურად შეეცდებიან თურქეთთან აქტიურ მოლაპარაკებებში შესვლას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საერთო წნეხის განხორციელებას. ანკარას პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის ალიანსის 29 წევრის სურვილთან ნატოს ჩრდილოეთით გაფართოების შესახებ. შესაბამისად, მიუხედავად თურქეთის დიდი წონისა, რომელიც მას ალიანსში აქვს, საკმაოდ დიდი იქნება მასზე წნეხი.

მეორე მხრივ, ერდოღანის თურქეთთან ამგვარ წითელ ხაზებზე საუბარი საკმაოდ რთული იქნება: ქვეყნის შიგნით არსებობს ორპარტიული და ფართოსაზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ კონკრეტულ საკითხში. ამასთან, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს საკუთარი გეოპოლიტიკური წონის დემონსტრირება როგორც რეგიონში, ისე თურქული საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძალაუფლების და საზოგადოებრივი მხარდაჭერის გასამყარებლად ამ მნიშვნელოვან შანსს ხელიდან გაუშვებს. 

შესაბამისად, დასავლეთს წინ რთული გზა ელის ალიანსის შიგნით ამ კონკრეტული ბზარის ამოსავსებად. ნატომ უნდა იმუშაოს არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ ფინეთთან და  შვედეთთანაც, რომ თურქეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების რისკებად აღქმული საკითხების მოგვარება ყველა მხარისთვის სასარგებლოდ შეძლოს.  და, ამგვარად, შეინარჩუნოს ის ერთსულოვნება, რომელიც ალიანსს გეოპოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილების პროცესში განსაკუთრებით სჭირდება.

არაპირდაპირი რისკები საქართველოსთვის

თურქეთის მიერ ნატოს ნორდიკული გაფართოების დისკუსიის დაბლოკვა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე პირდაპირ უარყოფით გავლენას არ ნიშნავს, თუმცა ეს საქართველოსთვის სასურველი სცენარი მაინც არ არის: ისედაც რთული ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თბილისი მზად უნდა იყოს მადრიდის სამიტამდე კიდევ უფრო გართულებული გარემოებებისთვის, რაც, შესაძლოა, წარმოქმნას ალიანსის შიგნით თურქეთის დანარჩენ წევრებთან დაპირისპირებამ. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ვერ შეძლებს ანკარასთან ამ უთანხმოების აღმოფხვრას, ჩნდება რამდენიმე არაპირდაპირი საფრთხისშემცველი ფაქტორი, რომლებმაც, შეიძლება, დამაზიანებლად იმოქმედოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე:

  • სახიფათო გზავნილი რუსეთის მიმართ: უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის რუსეთი უმთავრესი საფრთხეა. ამიტომ, ნატოს რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ გაერთიანება და გაძლიერება, მათ შორის, გაფართოების პოლიტიკის გააქტიურებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ფონზე, თურქეთის პოზიციას, რომელიც ალიანსის ყველა სხვა წევრის დღის წესრიგთან მოდის წინააღმდეგობაში, ზოგიერთი მიმომხილველი უწოდებს „არასწორ გზავნილს არასწორ დროს“. დემონსტრირება იმისა, რომ ალიანსის შიგნით ერთიანობა დარღვეულია გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის ასეთ მნიშვნელოვან დროს, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ალიანსის შიგნით ერთსულოვნების სტაბილურად შენარჩუნება განსაკუთრებით ახლა, მადრიდის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  • თურქეთის როლი ალიანსში: თურქეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და მძლავრი თავდაცვის რიგით მეორე წევრი სახელმწიფოა. მისი პოლიტიკური და სამხედრო წონა ალიანსის შიგნით ანგარიშგასაწევია და ეს არაერთხელ დამტკიცდა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნატოს ნორდიკული გაფართოების საკითხის გარშემო მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოიძებნება გადაჭრის გზები, ნატოს წევრმა დანარჩენმა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, დაიწყოს თურქეთზე დამატებითი წნეხის, და მისი პოზიციის ამგვარად გადაბალანსების ალტერნატიული მექანიზმების ძებნა. მოვლენათა ასეთი მწვავე განვითარების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ალიანსის შიგნით ანკარას პოზიციები დაზიანდეს და მისი იზოლაციაც კი გამოიწვიოს. მაშინ, როცა თურქეთი საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია, თბილისისთვის სასურველი არც ეს სცენარი იქნება.
  • თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობების დაძაბვა: ანკარამ საკმაოდ მკაცრად თქვა უარი უარი უშუალოდ ფინეთთან და შვედეთთან მოლაპარაკებებზე. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ამ ერთგვარ ვაჭრობაში ჩართვა აქტიურად მოუწიოთ ალიანსის წევრ დიდ მოთამაშეებს, განსაკუთრებით, აშშ-ს. თუ ეს მოლაპარაკებები შედეგიანად ვერ დასრულდა, ურთიერთობები ანკარასა და ვაშინგტონს შორის კიდევ უფრო დაიძაბება. ეს კი საქართველოსთვის სასურველი სცენარი ვერ იქნება, რადგან თბილისისთვის ეს ორი სახელმწიფო უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაა და თბილისს მათი შეთანხმებული მოქმედება ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

მადრიდის სამიტის წინ: ახალი ტესტი ალიანსისთვის და საქართველო

ნატოს ნორდიკული გაფართოების შესახებ დისკუსიის ალიანსის წევრი თურქეთის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოსვლა მნიშვნელოვან საფიქრალს წარმოქმნის კოლექტიური დასავლეთისთვის. ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ალიანსის შიგნით შეთანხმება მოხდეს და ეს უთანხმოება ყველა მხარისთვის სასარგებლოდ გადაიჭრას, რადგან საქართველოს ახლა განსაკუთრებით სჭირდება ნატოს შიგნით კონსოლიდაციის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ევროატლანტიკური ასპირაციისთვის დამაზიანებელი გარემოება შეიძლება შეიქმნას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა რამდენიმე კვირით ადრე მადრიდის სამიტამდე, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობა უნდა შეიძინოს და საბოლოოდ ჩამოაყალიბოს ალიანსის უსაფრთხოების ხედვა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში კი საქართველოს სჭირდება საკუთარი ადგილის პოვნა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთსულოვნად მობილიზებული დასავლეთის გვერდით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი