“თიბისი” ბანკმა, რომელიც “ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 49 პროცენტს მართავს, კომპანიის მენეჯმენტი შეცვალა და ელიტ ელექტრონიქსის დამფუძნებლისგან აქციების 75 პროცენტი მოითხოვა. კომპანიის მმართველი, ანზორ ქოქოლაძე მიიჩნევს, რომ ბანკი “ელიტ ელექტრონიქსის” მითვისებას გაკოტრების გზით ცდილობს.
– ბატონო ანზორ, როდის და როგორ დაიწყო პრობლემები, რომელმაც დღეს კომპანიის დაკარგვის საფრთხე შეგიქმნათ?
– ეს პრობლემები “თიბისი” ბანკს უკავშირდება. ათი წელია ამ ბანკთან კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა და ბოლო წლებამდე ეს ურთიერთობა საკმაოდ სასარგებლო და კომფორტული იყო ორივესთვის.
2008 წლის აგვისტოს ბოლოს, შექმნილი სიტუაციის გამო, გარკვეული პერიოდით დავიკეტეთ, ბანკმა ისარგებლა ამით და სასამართლოში კომპანიის მართვის უფლება მოითხოვა. 15 დღის შემდეგ “თიბისი”-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გადახდის უუნარობაზე. სასამართლომ ბანკის მოთხოვნა დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. როცა დაკეტილი იყო კომპანია, ჩვენ მაშინაც ვიხდიდით, გრაფიკის მიხედვით.
სასამართლომ დანიშნა მეურვე, რომლის გარეშე კომპანიას ნებისმიერი მომსახურება ეკრძალება. ამის პარალელურად “თიბისი”-მ დაგვბლოკა _ ვერ ვაღებდით მაღაზიათა ქსელს. ამ მდგომარეობამ სამ თვეს გასტანა. ბოლოს მოვახერხეთ ბანკებთან მოლაპარაკება, რომლის შედეგად 50-პროცენტიან წილში შემოვიდოდნენ ბანკები, 50 პროცენტი კი მე დამრჩა იმ პირობით, რომ კრედიტს გადამივადებდნენ და ეს რეაბილიტაციის გეგმაში გაიწერებოდა. ამ გეგმით ვმუშაობდით 2008 წლის ნოემბრიდან. სამი თვის განმავლობაში გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა კომპანიამ, ვიდრე რეაბილიტაციის გეგმით იყო გათვალისწინებული, შემოსავალმა მოსალოდნელს ოთხი მილიონი ლარით გადააჭარბა. ნაცვლად 2016 წლისა, როგორც შეთანხმებული იყო, კომპანია 2012 წელს დაფარავდა ყველა ვალს.
2010 წლის იანვრის ბოლოს “თიბისი”-მ დაინახა მაღალი შედეგი. ყველა ბანკი და კრედიტორი, ბუნებრივია, გახარებული იყო. ერთადერთი “თიბისი”-ის მოუნდა მეტი აქციების მითვისება. 50/50-ზე შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო იანვრის თვეში, მაგრამ 23 თებერვალს, ღამით მივიღეთ შეტყობინება, რომ მენეჯმენტი გადაყენებულია, ანუ “თიბისი”-მ გამოიყენა ის უფლება, რაც მას უსაფუძვლოდ მიანიჭა თავის დროზე სასამართლომ და დანიშნა ბანკირებით დაკომპლექტებული მენეჯმენტი. მივიღეთ ახალი შემოთავაზება – 50-ის ნაცვლად 70 პროცენტი. ამას “თიბისი” სხვა ბანკების საშუალებით აკეთებს, სინამდვილეში ეს ბანკები იძულებულნი არიან თანამონაწილეები იყვნენ, თუმცა, როგორც ვიცი, ისინი არ უჭერენ ამ იდეას მხარს.
რა არგუმენტი ჰქონდა “თიბისი“–ს, როცა 75 პროცენტი მოითხოვა?
ვერც ერთი საფუძვლიანი პრეტენზია ვერ მოვისმინეთ. ითქვა, რომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო უფრო მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეთანხმებული ვიყავით რეაბილიტაციის გეგმაზე: ანუ “თიბისი”-სთვის მისაღები იყო, რომ პროცესი 2016 წლამდე გაგრძელებულიყო. ზუსტად ამაში მიიღეს 50 პროცენტი. 2016 წლის ნაცვლად კომპანია სესხს ფარავდა 2012 წლამდე, ეს რატომ არ უნდა ყოფილიყო მისაღები? “თიბისი” საუბრობდა არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაც აფსურდი და არგუმენტების არ არსებობის გადაფარვის მცდელობაა: რეაბილიტაციის პროცესის მმართველად კრედიტორებმა დანიშნეს “თიბისი”-ს დირექტორის მოადგილე. მისი თანხმობის გარეშე კომპანიიდან არც ერთი თეთრი არ გადარიცხულა. მეტიც, ჩვენ გაცილებით ნაკლები დანახარჯი გავწიეთ, ვიდრე რეაბილიტაციის გეგმით იყო გათვალისწინებული. მესამე ბრალდება იყო, თითქოს კომპანიაში ნათესაურ-კლანური დაჯგუფება და არაკვალიფიციური კადრები გვყავდა. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ “ბათუმელებთან”, ბათუმში ბევრი ნათესავი მყავს, მაგრამ ამ კომპანიაში 6-7 კაცზე მეტი ჩემი ნათესავი არ მუშაობს და ის ადამიანებიც არა ნათესაური, არამედ კვალიფიკაციიდან გამომდინარე დასაქმდნენ, ამიტომ ეს ბრალდებაც უსუსურია. ამჟამად რაღაც ანგლო-საქსური მენეჯმენტი მოიყვანეს (თავად ასე უწოდებენ), ეს ტერმინი ვერ იქნება კომპანიის სწორად მართვის გარანტია. “ელიტ ელექტრონიქსში“ ინერგებოდა ყველა მენეჯმენტ-ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. არ ვიცი, რა ტექნოლოგიები უნდა დანერგონ ისეთი, რაც ამ კომპანიისათვის უცნობია.
რა ხდება დღეს „ელიტ ელექტრონიქსში“, როგორ ნაწილდება კომპანიის შემოსავლები?
კომპანიის 70 პროცენტი მე მეკუთვნის, როგორც ელიტელექტრონიქსის დამფუძნებელს. აქედან “თიბისი”-ს აქვს 49 პროცენტზე მართვის უფლება, 30 პროცენტის მფლობელია “ბანკი რესპუბლიკა”, – ეს 30 პროცენტი სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო. “ბანკ რესპუბლიკას” თავის დროზე სწორედ “თიბისი”-მ აიძულა ჩივილი. თუმცა მოლაპარაკების შედეგად ამ წილის დაბრუნება შესაძლებელია.
რაც შეეხება სიტუაციას კომპანიაში, “თიბისი”-მ დანიშნა ბანკირებისგან დაკომპლექტებული მენეჯმენტი. ისინი შესაძლოა საბანკო სფეროში გამოცდილები არიან, მაგრამ საცალო გაყიდვებში ეს მენეჯმენტი სრულიად უსარგებლოა. მე შემომთავაზეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა, რაზეც უარი იმ მიზეზით ვთქვი, რომ არ მექნებოდა მართვის ბერკეტი: “თიბისი” კომპანიაში მდგომარეობას გამოუცდელი მენეჯმენტით გააუარესებდა, მე კი პასუხისმგებელი ვიქნებოდი შედეგებზე და “თიბისი” კანონიერად მიიღებდა დანარჩენ 25 პროცენტსაც.
როგორ დაიწყო თანამშრომლობა “თიბისისთან”?
2008 წელს, საფონდო ბირჟაზე გასვლას ვაპირებდით და “თიბისი”, როგორც ბროკერი, ისე გვემსახურებოდა ამ პროცესში. შესაბამისად, ბანკმა ჩვენი კომპანია შეაფასა და სხვათა შორის, საკმაოდ მაღალ ფასადაც. კომპანიის შესახებ, “თიბისი” ბანკი ყველა ინფორმაციას ფლობდა და მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა კომპანიის პოტენციალი, რომ 2012 წელს, “ელიტ ელექტრონიქსის” რელაური ღირებულება იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე 2008 წელს იყო შეფასებული. ორი წლის წინ, “თიბისი” ბანკმა ჩვენი კომპანია 80 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა. იცოდნენ მომდევნო წლებში რა ფასი ეღირებოდა „ელიტ ელექტრონიქსი“, ამიტომ გადაწყვიტეს უფრო მეტი მოეგოთ. მათ კომპანიის სრულად მითვისება მოინდომეს. ამის ორი გზა არსებობდა, – გაკოტრებისკენ წაეყვანათ, ანუ მთელი აქტივების ქსელი გადაეტანათ სხვა კომპანიაზე, ჩამოეცილებინათ ყველა დანარჩენი კრედიტორი და მათ დარჩენოდათ ყველაფერი, მეორე – სხვა ინვესტორით ჩაენაცვლებინათ და ძალადობრივი მითვისების კვალი დაეფარათ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით აპირებენ წასვლას.
საქმე მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს ეხება? ხომ არა აქვს ამ პროცესს პოლიტიკური სარჩული?
ვფიქრობ, მხოლოდ ბიზნეს ინტერესებთან გვაქვს საქმე. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არასდროს მქონია პოლიტიკასთან შეხება.
როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენი შეცდომა, რომელმაც კომპანია აქამდე მიიყვანა?
რამდენიმე მიზეზი არსებობს. 2007 წელს ხანძარი გაჩნდა და ცენტრალური საწყობი დაგვეწვა, შემდგომ ომმა და კრიზისმა ბევრი კომპანია დააზარალა, მათ შორის ჩვენც. ამის შედეგად კომპანიამ გაყიდვაში 70-პროცენტიანი ვარდნა განიცადა. შემდგომში “თიბისი”-სთან გაჩნდა პრობლემები, როცა მივიჩნევდით, რომ ჩვენ გვერდით ჩვენი ბანკი იყო, სრულიად სხვაგვარად აღმოჩნდა. ეს ის პროცესებია, რამაც კომპანია კრიზისამდე მიიყვანა. რაც შეეხება ჩემსა და მენეჯმენტის შეცდომას, არ მოვიჩნევ, რომ სტრატეგიაში რაიმე შეცდომა დავუშვით, საკმაოდ სწორად მივდიოდით და გვესმოდა არსებული რისკები, მაგრამ ომის წინ არალიკვიდურ აქტივებში აღმოგვაჩნდა რესურსები. რესურსები ლიკვიდურ აქტივებში რომ გვქონოდა, ასეთი რისკის შემთხვევაში („თიბისი“-ს, ან რომელიმე კრედიტორის მხრიდან) სწრაფად მოვახერხებდით გადაფარვას. წამოწყებული გვქონდა გრძელვადიანი პროექტები, იგივე ბათუმის უნივერმაღის შენობა, რომელშიც ოთხ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, დაწყებული იყო თბილისის ნავთლუღის რკინიგზის სადგურის პროექტი…
რა ბედი ეწია ამ პროექტებს?
ძირითადი ქონება მეოთხედ ფასში გადავეცით “თი ბი სი”-ს, გარდა ბათუმის პროექტისა. ვფიქრობ, ბათუმის პროექტს სხვა ინვესტორთან ერთად განვახორციელებთ.
რა ბრუნვა ჰქონდა „ელიტ ელექრონიქს“ სანამ პრობლემები შეექმნებოდა?
ყველაზე დიდი ბრუნვა გვქონდა 2008 წელს _ 260 მილიონი ლარი. 2009 წელში ას მილიონამდე ვგეგმავდით, მაგრამ ომისა და ნოემბერ-დეკემბერში დახურვის გამო 52 მილიონს მივაღწიეთ.
რამდენი იზარალა ამ დროს კომპანიამ?
მხოლოდ სამი თვით დახურვის გამო ზარალი სამი მილიონი იყო. მსოფლიოს ნებისმიერი დიდი კომპანია თავისუფლად შეიძლება გაკოტრდეს, თუ სამ თვეს გააჩერებ. საქართველოში არ მეგულება არც ერთი კომპანია, რომელიც სამთვიან დახურვას გადაიტანს.
რა ბერკეტები გაქვთ პროცესის შესაჩერებლად და იმის დასაბრუნებლად, რაც დაკარგეთ, რა შანსები არსებობს?
არანაირი მექანიზმები არ გვაქვს. მხოლოდ მონიტორინგი შეგვიძლია. ის, რაც ამ გუნდმა 14 წელი ააშენა, დღეს მათ თვალწინ ინგრევა. ამ გუნდის წინაშე პასუხისმგებელი ვარ და ვალდებული ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო. ვალდებული ვარ საზოგადოების წინაშეც, რადგან ეს იქნება ცუდი პრეცედენტი იმათთვის, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი საქმის დაწყებას. შესაძლოა მათ იფიქრონ: რა აზრი აქვს რაიმეს გაკეთებას, თუ საბოლოოდ მაინც წამართმევენ?!
რაც შეეხება დაბრუნებას, ვფიქრობ, დაბრუნების შანსები საკმაოდ მაღალია, ოღონდ ძნელია იმის თქმა, რა დრო დასჭირდება ამას. ეს შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა კომპანია დანგრევის პირას მივა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ახლო მომავალში დაბრუნების შესაძლებლობასაც. თუ პროცესი დროში გაიწელა, სახიფათოა. ჩვენ ამ ეტაპზე ვცდილობთ არ დავუშვათ კომპანიის გაყიდვა და სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ არ გასხვისდეს იმ 49 პროცენტის მართვის უფლება. ამის შეჩერებას შევეცდებით, მაგრამ კომპანიის შიგნით მიმდინარე პროცესებს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. ამის გავლენა ჩვენ არა გვაქვს. როცა არაკვალიციფიურ მენეჯმენტს ნიშნავ, ესე იგი წირავ კომპანიას. “თიბისი”-ს ნაბიჯები ამას ნიშნავს.
რამდენიმე დღის წინ თქვენ საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვეთ. მზად ხართ თუ არა ისაუბროთ ისეთ თემებზე, როგორიცაა არჩევნები და ბიზნესი, იყო თუ არა თქვენი კომპანია პირდაპირ ან ირიბად პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმული?
არ ყოფილა. „ელიტ ელექტრონიქსი“ ყოველთვის აპოლიტიკური კომპანია იყო, ვერავინ იტყვის, რომ ეს კომპანია პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული რომელიმე მხრივ. ვფიქრობ, ახლა მხოლოდ ფინანსური პრობლემა დგას, “თიბისი”-მ ფინანსური პოტენციალი დაინახა, ამიტომ ცდილობს კომპანია დაანგრიოს და მერე ხელახლა გადატვირთოს, მაგრამ ეს გადატვირთვა ადვილი არ იქნება, შეიძლება ხელში გაუკოტრდეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ უფრო მშვიდად გადაივლიდა ეს ყველაფერი და ფიქრობდნენ, რომ ჩვენ დავთანხმდებოდით მათ შემოთავაზებას. არ მესმის, რატომ ეგონათ ასე, მაგრამ ვფიქრობ, ამას ელოდნენ.
ამ პროცესებით სახელისუფლებო წრეები თუ ინტერესდებიან, რამე მინიშნება ხომ არ ყოფილა?
არ ყოფილა.
