კომენტარი

ევროპელი ექსპერტი ხსნის, როგორ შეიძლება EU-ს კანდიდატობის შანსების გაზრდა – ინტერვიუ

8 აპრილი, 2022 • 2256
ევროპელი ექსპერტი ხსნის, როგორ შეიძლება EU-ს კანდიდატობის შანსების გაზრდა – ინტერვიუ

უკრაინის ომის მიმდინარეობისა და დასრულების რა შესაძლო სცენარები არსებობს და როგორი იქნება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რა საფრთხეების წინაშე დგანან რუსეთის სხვა მეზობლები, მათ შორის საქართველო, და რა შანსი აქვს მას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოსაპოვებლად.

ამ და სხვა კითხვებით ნეტგაზეთმა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის, CEPS-ის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, მაიკლ ემერსონს მიმართა.

მაიკლ ემერსონი ძირითადად მუშაობს აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე, კავკასიის, ბალკანეთისა და კვიპროსის კონფლიქტებზე. ბოლო წლებში ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს, მათ შორის მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს იკვლევს.

მინდა დავიწყოთ უახლესი ამბებით უკრაინიდან. კიევის ცნობით, რუსეთმა ბუჩასა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები დახვრიტა. შესაძლოა თუ არა, რომ ეს გახდეს უფრო მკაცრი, ახალი სანქციების დაწესების მიზეზი და რა შეიძლება იყოს ეს სანქციები?

დიახ, თქვენ ხედავთ, რომ ეს უკვე ხდება ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში. დღის წესრიგშია ენერგეტიკული სანქციების გამკაცრება, რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის შეზღუდვა და გაზის იმპორტის თანდათანობითი, მაგრამ უფრო აქტიური შემცირება.

ასევე, ბევრი რუსი დიპლომატია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებიდან გაძევებული. დასავლეთის ბანკებში არსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა იყო უზარმაზარი ნაბიჯი, რამაც გამოიწვია კითხვები, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს თანხები მომავალში, მაგალითად, უკრაინის აღდგენისთვის. ამ იდეაზე ოფიციალურად ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ თუ რუსული ბოროტება გაგრძელდება და გაძლიერდება, ამის დროც შეიძლება დადგეს.

ომის დაწყების შემდეგ რუსულმა მხარემ შეცვალა საკუთარი სტრატეგია და ყურადღება დონბასისა და სამხრეთი ფრონტისკენ გადაიტანა, ნაცვლად კიევისა. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს და რას უნდა ველოდოთ ან მოვლენებისგან?

ნათელია, რომ რუსეთის გეგმა A, „გაეთავისუფლებინა“ კიევი და მარიონეტული მთავრობა შეექმნა, სრულიად ჩაიშალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პუტინი და მისი მრჩევლები საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობდნენ.

ახლა გეგმა B აშკარად არის ის, რომ მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, განსაკუთრებით, აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე. შეიძლება ველოდოთ მათ მიერ ტრაგიკულად განადგურებული მარიუპოლის დაკავებას, მაგრამ არა ოდესის აღებას.

ომის დასრულების რა სცენარები არსებობს და თითოეულის შემთხვევაში როგორი იქნება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება?

ბევრს შეუძლია იწინასწარმეტყველოს მრავალი სცენარი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ, მაგრამ არავინ იცის, თუ რა მოხდება შემდეგ. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ პუტინმა დაუშვა გიგანტური და ტრაგიკული სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რუსეთის მოსახლეობის გარდა, რომლებიც მხოლოდ ოფიციალური სატელევიზიო გადაცემებით არიან ინფორმირებულნი და ავრცელებენ თავიანთ სიცრუეს, როგორიცაა უკრაინის დენაციფიკაცია.

მაგრამ სიმართლე თავის დროზე ნამდვილად გაირკვევა. ეს შეიძლება გახდეს და იმსახურებს გახდეს პუტინის დასასრული პოლიტიკურად, შემდეგ კი იქცეს მრავალ სხვადასხვა სცენარად თავად რუსეთისთვის, როცა ხალხი გაიგებს, თუ რას აკეთებდა მათი ხელმძღვანელობა.

ეს იქნება ტრავმული, რაც აშკარაა, ჩვენს ღირსეულ და ინფორმირებულ რუს მეგობრებთან საუბრიდან გამომდინარე, რომლებიც სრულიად შეწუხებული არიან.

უკრაინის გარდა, რა საფრთხეები ემუქრებათ რუსეთის სხვა მეზობლებს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა საქართველო, და როგორ უნდა დაიცვან თავი? როგორ შეაფასებდით მათ მიერ უკვე არჩეულ სტრატეგიებს?

ცხადია, მოლდოვაც და საქართველოც დაუცველები, მოწყვლადები არიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეძლებს დაიკავოს ტერიტორიები აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, რაც მას გამბედაობას შემატებს.

ორივე ქვეყანას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ უკრაინულ მოდელთან მოკავშირეობით, შემდეგი გაგებით – პუტინი ფიქრობდა, რომ მის ოკუპანტ ჯარებს უკრაინაში მიესალმებოდნენ. თუმცა მიხვდა, თუ როგორ შეიძლება გახდეს საოკუპაციო ომი წარუმატებელი, როდესაც მოსახლეობა გაერთიანებულია და გადაწყვეტილი აქვს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და ფუნდამენტური თავისუფლებები.

უკრაინის ომის პარალელურად, რა შანსები აქვს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის  წევრობისკანდიდატი ქვეყანა და რა არის საჭირო ამ შანსების გასაზრდელად?

შეკითხვა კანდიდატი სტატუსის შესახებ ახლა ნამდვილად ღიაა, რომლის პირველი პასუხიც დამოკიდებული იქნება იმ „აზრზე“, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მომზადდეს კომისიის მიერ.

[რედ. კანდიდატი სტატუსის მიღებისთვის] შანსების გასაზრდელად საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ სანდო და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა საარჩევნო დემოკრატიისა და სასამართლო ხელისუფლების ნამდვილი პოლიტიკური დამოუკიდებლობის უნაკლო სტანდარტების დასამკვიდრებლად – არა „პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“.

პირველ რიგში, როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დაველოდოთ 2024 წლის არჩევნების ჩატარებას. ცხადია, აქ, ბრიუსელში, არ დავიწყებიათ მთავრობის მიერ პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მედიატორობით შექმნილი შეთანხმების უარყოფა, ასევე, არც უფრო ადრე, პრეზიდენტ ზურაბაშვილის არჩევნების მეორე ტურში ხმების მოსყიდვა.

სასამართლო სისტემის შემთხვევაში საჭიროა კიდევ ერთი რეფორმის პაკეტი, რომელიც უნდა იყოს გადამწყვეტი და არა მხოლოდ მეორეხარისხოვან დეტალებთან თამაში, რომელიც არავის არწმუნებს.

2024 წლის საარჩევნო გრაფიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ რაიმე სახის პირობით მხარდაჭერას (მხარდაჭერას პირობების სანაცვლოდ) კანდიდატის სტატუსისთვის.

რა რეალური მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს ან მის მოსახლეობას? არის იმედის ნაპერწკალი, თუ პირიქით, საქართველოს მიმართ ვხედავთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას?

ევროკავშირი აკვირდება ერთგვარ გათიშვას ორ შეხედულებას შორის, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებაში, რაც მისაღებია ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისთვის და იზიარებს ჩვენს შეხედულებას იმ საშინელების გამო, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, მეორე მხრივ კი, მთავრობის ხარვეზებს შორის, რაც გამოიხატება საშინაო პრობლემებისა და უკრაინის საკითხის შესახებ ორაზროვან პოზიციაში.

საქართველოს მიერ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში, ეკონომიკური და მარეგულირებელი რეფორმების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით, რეალური პროგრესის კარგი საფუძველი არსებობს.

ევროკავშირის ინსტიტუტებში და წევრ ქვეყნებში, რომლებიც იცნობენ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანები მოხარული იქნებიან, თუ თქვენი ქვეყნის პოლიტიკა პოზიტიურად შემობრუნდება და ამით ერთმნიშვნელოვნად ჩაერთვება ევროკავშირთან ინტეგრაციაში.


სტატია მომზადებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზაციის პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი