კომენტარი

“ნეტავი, მეც მოვეკალი” — ბუჩის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ქალი

6 აპრილი, 2022 • 7955
“ნეტავი, მეც მოვეკალი” —  ბუჩის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ქალი

“სიკვდილის წინ, მე, ეზოში მყოფმა, მცირე ხნით მოვკარი თვალი ღია ჭიშკრიდან, როცა მუხლებზე მდგომმა თავისი ბოლო სიტყვები წარმოთქვა… იკითხა, რატომ” — ეუბნება BBC-ს უკრაინის ქალაქ ბუჩაში მცხოვრები ვოლოდიმირ აბრამოვი, რომლის სიძე, ოლეგი, საკუთარი სახლის წინ მოკლეს.

ბუჩა რამდენიმე კვირის მანძილზე რუსი სამხედროების მიერ იყო ოკუპირებული. მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დაიბრუნეს, ქალაქის ქუჩებში მრავალი სამოქალაქო პირის ცხედარს მიაგნეს.

40 წლის ოლეგ აბრამოვი მათ შორის ერთ-ერთია. BBC-ს მიხედვით, სახლში, რომელშიც ის ცხოვრობდა, რუსი სამხედროები ჭიშკრიდან შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი გაუხსნეს.

ამ სახლში ოლეგი თავის ცოლთან — 48 წლის ირინასთან ერთად ცხოვრობდა. იქვე ცხოვრობდა მისი სიმამრი — 72 წლის ვოლოდიმირი.

ვოლოდიმირის გადმოცემით, საოკუპაციო ძალებმა ოლეგი ეზოს გარეთ, ტროტუარზე გაიყვანეს, სახლში კი ყუმბარა შეაგდეს, რომლის აფეთქებამაც ხანძარი გამოიწვია.

აბრამოვების დამწვარი სახლი. ფოტო: BBC

72 წლის ვოლოდიმირმა მცირე ზომის ცეცხლმაქრით სცადა ხანძართან გამკლავება.

“სად არის ოლეგი! ოლეგი დამეხმარება!” — დაუყვირა მან ქალიშვილს, თუმცა ირინას ნაცვლად პასუხი რუსმა სამხედროებმა გასცეს:

“ოლეგი ვეღარ დაგეხმარება!”

ოჯახის წევრებმა ოლეგის ცხედარი ჭიშკრის გარეთ, ტროტუარზე ნახეს. ირინას თქმით, გვამის პოზა ნათელს ხდიდა, რომ ოლეგი დააჩოქეს და ახლო მანძილიდან თავში ესროლეს.

გარდაცვლილის ცოლი ტელეკომპანიას უყვება, რომ რუს სამხედროებს ოლეგისთვის “არაფერი უკითხავთ”.

“მათ არაფერი უკითხავთ ან უთქვამთ, უბრალოდ მოკლეს… მხოლოდ ის უთხრეს, რომ მაისური გაეხადა [არაერთი ადამიანი ჰყვება, რომ მკვლელობამდე მსხვერპლებს მაისურებს ახდევინებდნენ და თავზე წამოაცვამდნენ სროლამდე. რედ.] და დაეჩოქა, შემდეგ კი ესროლეს”, — აღნიშნავს ირინა.

ის ჰყვება, რომ იმ მომენტში, როცა ეზოდან გამოვიდა და თავისი ქმრის გვამი ნახა, ოთხი რუსი სამხედრო ადგილზე იყო და თითქოს არაფერი მომხდარა, წყალს სვამდა.

ქალმა დაუყვირა, რომ მისთვისაც ესროლათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორჯერ შემართა და დაწია იარაღი, შემდგომ კი ვოლოდიმირმა ჭიშკრის შიგნით შეიყვანა ქალიშვილი,

“ნეტავი, მეც მოვეკალი” — ციტირებს BBC ირინას.

“სამხედროებმა გვითხრეს, რომ სამი წუთი გვქონდა [ადგილის] დასატოვებლად… ბუჩა აპოკალიფსს ჰგავდა: ყველგან გვამები, კვამლით სავსე ქუჩები”, — დასძენს ვოლოდიმირი.

ცხედარი ქუჩაში თითქმის 1 თვის მანძილზე ესვენა. ოჯახის წევრებმა, რომელთაც ნათესავის სახლს შეაფარეს თავი, მხოლოდ მას შემდეგ სცადეს ოლეგის დამარხვა, რაც ადგილთან მიახლოება უსაფრთხო გახდა.

ვოლოდიმირი თავდაპირველად ცდილობდა, ტროტუართან ახლოს, ხრიოკ მიწაში დაემარხა თავისი სიძე, თუმცა, დაქანცულმა და რუსი სამხედროების გამო შეშინებულმა, ცხედარი სახლის ეზოში გადაიტანა და იქ დაასვენა.

გარკვეული ხნის შემდეგ, ვოლოდიმირის გადმოცემით, ცხედარი უკრაინელმა სამხედროებმა წაიღეს სატვირთო მანქანით.

ვოლოდიმირი აჩვენებს ადგილს, სადაც, მისი თქმით, ოლეგი დააჩოქეს და ესროლეს. ფოტო: BBC

“წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვიპოვით მას”.

“ის იყო უბრალოდ მშვიდობიანი, მეოჯახე კაცი, შემდუღებელი, რომელიც ხერხემლის მოტეხილობას ებრძოდა… მთელი ცხოვრება”, — აღნიშნავს დაღუპულის სიმამრი.

უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩის ქუჩებიდან ცხედრები გაიტანეს, თუმცა არის შიში, რომ კერძო სახლებსა და სარდაფებში მეტ გვამს იპოვიან.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. მოსკოვში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის რუსმა სამხედროებმა დატოვეს.

რუსეთის ამ მტკიცებას აბათილებს NY Times-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ცხედრები ქუჩებში მარტის შუა რიცხვებშიც ფიქსირდებოდა, ანუ იმ დროს, როცა ქალაქს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი