კომენტარი

ბითაძე ოპოზიციას „ოცნების“ განცხადებების პლაგიატში ადანაშაულებს

29 მარტი, 2022 • 7688
ბითაძე ოპოზიციას „ოცნების“ განცხადებების პლაგიატში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი მაია ბითაძე ოპოზიციას მმართველი გუნდის განცხადებების პლაგიატში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღეა ახალ დაკვირვებას ვაწარმოებ. ვცდილობ, რომ ვუყურო ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს ტელევიზიებში და დაკვირვებით მოვუსმინო. იცით, რას დავაკვირდი? – დავუშვათ, დილით ირაკლი კობახიძე ან რომელიმე ჩვენი კოლეგა გააკეთებს განცხადებას, რომელიც სწორია და მათაც იციან, რომ სწორია, შემდეგ ტელევიზიებში თავისად ასაღებენ და იქით გვარიგებენ ჭკუას.

მაგალითად, გუშინ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან არაფერი გვაქვს საომარი, ამის შემდეგ საღამოს ეთერში დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ასე უნდა გეთქვათო და ეს თქვა ირაკლი კობახიძემ და ასე ხდება ყველაფერზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გუშინ, 28 მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის პასუხად განცხადებები გააკეთეს როგორც დავით უსუფაშვილმა, ისე ირაკლი კობახიძემ. თუმცა, არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ბითაძემ აღწერა.

კერძოდ, გუშინ დილით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე, დავით უსუფაშვილმა ოლეკსი დანილოვის პასუხად განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რაიმე ფორმით ძალის გამოყენებით თუ ძალის გამოყენების მუქარით, საქართველოს ინტერესებში არ არის და ეს კარგს არ მოუტანს არც საქართველოს და არც უკრაინას.

მოგვიანებით, რამდენი საათის შემდეგ, 14:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული რჩება და „წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი