ახალი ამბები

დანილოვის განცხადება უკრაინელი მაღალჩინოსნისა და უკრაინაზე მოფიქრალი ადამიანისაა – უსუფაშვილი

28 მარტი, 2022 • 1356
დანილოვის განცხადება უკრაინელი მაღალჩინოსნისა და უკრაინაზე მოფიქრალი ადამიანისაა – უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოლეკსი დანილოვის განცხადება, უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინელი მაღალჩინოსნისა და უკრაინაზე მოფიქრალი ადამიანის მხრიდანაა გაკეთებული.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის აზრით, რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად.

როგორც დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, საქართველოში გარე სამყაროდან მომავალ რჩევებს უნდა მოუსმინონ ქვეყნის შიდა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა იმოქმედონ საქართველოს ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ისე, რომ არ ავცდეთ მსოფლიო ტენდენციებს. დღეს საქართველოს მხრიდან რაიმე ნაბიჯების გადადგმა, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენებით თუ ძალის გამოყენების მუქარით, საქართველოს ინტერესებში არ არის. ეს კარგს არ მოუტანს არც საქართველოს და არც უკრაინას.

ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. მესმის ადამიანის, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს მტერი შეაკავოს, რომელიც მის ქვეყანას ყოველ დღე ბომბავს, მაგრამ ამასობაში ის ხალხი ჩვენს პოზიციას გაგებით მოეკიდება, თუ ჩვენ სხვა შემთხვევებში, სხვა პლატფორმებზე ნათლად გვექნება მყარი პოზიცია, თუ ვინ არის აგრესორი, ვინ – მსხვერპლი და რა ტიპის სოლიდარობა შეიძლება გავუწიოთ ჩვენ მათ და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს შიდა საკითხებში გარე სამყაროდან მომავალ რჩევებს, ჩვენ ამას უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ ჩვენი ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“, — უთხრა უსუფაშვილმა ჟურნალიტებს დღეს, 28 მარტს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7 მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი