კომენტარი

ჩინეთის ხედვით, ის ყველა სცენარით იგებს უკრაინის ომში, გარდა ორისა – ინტერვიუ

20 მარტი, 2022 • 13066
ჩინეთის ხედვით, ის ყველა სცენარით იგებს უკრაინის ომში, გარდა ორისა – ინტერვიუ

უკვე ოთხი კვირაა გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში. ქვეყნებმა, რომლებიც ომის წინა და პირველ დღეებში, არა თუ ეხმარებოდნენ უკრაინას, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მიმართულებით გაგზავნილ სამხედრო დახმარებას, პოზიციები შეიცვალეს. დასავლეთი და რამდენიმე აზიური ქვეყანა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციები და ზომებია მიღებული. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა – რამდენად შორს წავა ჩინეთისა და რუსეთის „ქვასავით მყარი“ პარტნიორობა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჩინეთის როლსა და ინტერესების შესახებ, რუსეთ-უკრაინის ომში. „ბათუმელების“ კითხვებს  „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს.

„ჩინური პერსპექტივისთვის, უკრაინაში ომის განვითარების თითქმის ყველა სცენარი დადებითადაა დანახული, გარდა ორისა,“  – ამბობს ანალიტიკოსი, რომელიც 2012-2016 წლებში ჩინეთში პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ განყოფილებაში დიპლომატის პოზიციას იკავებდა.

  • თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის „ულიმიტო“ პარტნიორობის დეკლარირება მოახდინეს. არსებობს დისკუსია იმაზეც, იცოდა თუ არა პეკინმა პუტინის გეგმების შესახებ მაშინთქვენი აზრით, რატომ მიიღო სი ძინპინმა ეს გადაწყვეტილება?

გვაქვს ფაქტები – სი ძინპინი და პუტინი შეხვდნენ 4 თებერვალს, ისაუბრეს, შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროცესის ნაწილი – რუსეთთან მრვალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის გონივრული ფინალი.

მიუხედავად მრავალწლიანი თანამშრომლობისა, ჩინეთს, ევროპაში რუსეთის მისწრაფებებისა და ამბიციებისთვის ასე ღიად მხარი არასდროს დაუჭერია.

ჩინეთი საკუთარ თავს მსოფლიოს ცენტრად განიხილავს. მას აქვს ამბიცია იქცეს ზესახელმწიფოდ და არა თუ მოერგოს არსებულ საერთაშორისო წესრიგს, არამედ შექმნას ახალი. ამ გზაზე, მას აქვს ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებული ორი მიზანი – დასავლეთთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეტოქეობა და თავისი ინტერესების გატარება წყნარ ოკეანეში. ჩინეთის მთავარი მოკავშირე რუსეთია.

ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას სი ძინპინის (ისევე როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების) გონებაში ორი ძირითადი მოტივი იყო დანახული:

პირველი – ეს იყო ჩინეთის აშშ-სა და დასავლეთთან მეტოქეობის პროცესის ნაწილი. კიდევ ერთი სვლა დასავლეთის და განსაკუთრებით, აშშ-ს გამოსაწვევად.

მეორე – დასავლეთის ერთიანობისა და რეაგირების ხარისხის დატესტვა. როდესაც საქმე ეხება წყნარ ოკეანეში ჩინეთის ინტერესებს – ტაივანთან დაკავშირებულ გეგმებს, ჩინეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთისა და აშშ-ს შესაძლო ჩართულობას. მაგალითად, თუ ჩინეთი გადაწყვეტს ძალისმიერ მიდგომას, რამდენად ჩაერთვება ამაში დასავლეთი, აშშ. შესაბამისად, ამის დატესტვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთისთვის. რუსეთი კი ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

რაც შეეხება, იმას თუ რამდენად კარგად იცოდა პეკინმა მოსკოვის გეგმების შესახებ, ვფიქრობ არსებობდა გარკვეული ურთიერთგაგება.

მჯერა (და მხოლოდ შემიძლია ვთქვა „მჯერა“ და „ვვარაუდობ“), რომ სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას, ისინი არ წასულან სიღრმისეულ დეტალებში.

ჩინეთი აშშ-ის მიერ იყო ინფორმირებული რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა მან უგულებელყო და დაიწყო რუსეთთან დისკუსია. ჩემი ვარაუდით, ორივეს (პუტინსა და სის) ჰქონდა ურთიერთგაგება და ამაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. თუმცა, ვფიქრობ მცდარ ანალიზს დაეყრდნენ: პუტინი შეცდა თავის გეგმებში, ხოლო ჩინეთს მოვლენათა განვითარების სხვა მოლოდინი ჰქონდა.

სი ძინპინი ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ ომი სამი კვირა გაგრძელდებოდა. ალბათ, ჩინელები თვლიდნენ: ეს იქნება სწრაფი ომი რუსეთის გამარჯვებითა და კიევში პრორუსული მთავრობის დასმით. სავარაუდოდ, ასევე მოელოდნენ, რომ დასავლეთი კიდევ უფრო დაიყოფოდა და დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს. რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე რეაგირების საკითხზე ვერ შეთანხმდებოდა აშშ და ევროკავშირი, ისევე როგორც გაიყოფოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრი.

  • რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა განაცხადა, რომ პარტნიორობა რუსეთთან, „ქვასავით მყარია“. რა ტიპის პარტნიორობა აკავშირებთ ამ ქვეყნებს და რამდენად მყარია ეს ქვა, თუ არსებობს რაღაც, რასაც მისი „გატეხა“ შეუძლია?

რუსეთი ჩინეთისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა მთავარ პოლიტიკურ მიზნებში. შესაბამისად, მოკლე პასუხი იქნება, რომ ნამდვილად ასეა – ეს პარტნიორობა „ქვასავით მყარია“. განსაკუთრებით 2012 წლიდან, როდესაც რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობამ მოიცვა ყველა სექტორი – პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური.

ჩინეთი რუსეთისგან ყიდულობს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას. რუსეთი კი სარგებლობს ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერით გაეროში. ამის კარგი მაგალითია 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებული საკითხი (რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია – ავტ.). თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა ჩინეთის რეაქცია ბევრად განსხვავდება მაშინდელისგან.

4 თებერვლის განცხადება შეგვიძლია მივიღოთ დე ფაქტო ალიანსის გამოცხადებად. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არ შექმნილა ალიანსი, ეს („ულიმიტო“ პარტნიორობა) ერგება ალიანსის კატეგორიას – გრძელვადიანი პარტნიორობა და მხარდაჭერა.

ჩინელები ხშირად იყენებენ ასეთ შედარებას: ორი მოკრივე, რომელიც რინგზე სხვადასხვა მიმართულებით იბრძვის, მაგრამ ერთმანეთის ზურგს იცავს. ეს აჯამებს ყველაფერს.

რაც შეეხება ლიმიტებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთს არ აქვს ყველაფერი, რაც, მისი აზრით, აშშ-სთან მეტოქეობაში სჭირდება – სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით. შესაბამისად, ჩინეთს ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-სთან, დასავლეთთან თანამშრომლობა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. აშშ კი, სანქციების შემდეგაც, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პარტნიორად რჩება.

აქედან იკვეთება ორი ძირითადი ლიმიტი რუსეთთან ურთიერთობაში: სამხედრო და ეკონომიკური.

პირველი გულისხმობს, რომ ჩინეთს არ სჭირდება მესამე მსოფლიო ომი და სამხედრო დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის. ეს, სხვათა შორის, ნელ-ნელა შესაძლებელი დაშვება ხდება.

რაც შეეხება მეორეს, ცხადია, ჩინეთი ფრთხილად უნდა იყოს სანქციებისა და დასავლური ბაზრის დაკარგვასთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ სჭირდება ტექნოლოგიები ამერიკისგან და ევროკავშირის ბაზარი. ეს ალბათ იქონიებს გარკვეულ გავლენას რუსეთთან ურთიერთობაზე.

  • რას ფიქრობთ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა ჩინეთს?

ვფიქრობ, ეს არის აშშ-ს მიერ ჩინეთზე წნეხის გაძლიერების სტრატეგიის ნაწილი. აშშ ცდილობს ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების, განსაკუთრებით კი სამხედრო დახმარების პრევენციას.

მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ვფიქრობ, არსებობს ხელშეკრულებები და ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა ომამდე დიდი ხნით ადრე იყო შედგენილი. შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ამის მოწმენი ვართ – ჩინეთი ასრულებს კონტრაქტებს, რომლებიც ადრეა დადებული რუსეთთან და ამ ომთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

  • ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ჩინეთისა და აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურ პირები შეხვდნენ. ასევე ბაიდენსა და სის შორის არის შეხვედრა დაგეგმილი. როგორია ამ შეხვედრების, შედეგებისა და მოლოდინების თქვენეული ანალიზი?

ჩანს, რომ ეს შეხვედრა რომში, ჯეკ სალივანსა და იან ჯიეჩს შორის არ იყო მარტივი. ჩინეთი ეცადა ეს წარმოეჩინა, როგორც ჩვეულებრივი, ყოველდღიური კომუნიკაცია ჩინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის. ამერიკელები კი ეცადნენ წარმოედგინათ, როგორც მიმდინარე კომუნიკაციის ნაწილი, თუმცა ძალიან ფოკუსირებული უკრაინის ომზე. ეს არის მთავარი განსხვავება.

როგორც ჩანს, ეს შეხვედრა ნამდვილად არ წავიდა კარგად. ვერ მივიდა რაიმე შედეგამდე, რასაც შეეძლო დავეახლოებინეთ, უკრაინაში მიმდინარე ომზე პოზიციის ნაწილში, გარკვეულ გადაწყვეტასთან. სინამდვილეში არც არავინ მოელოდა ამას. საბოლოოდ, მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა გაიმეორეს ზუსტად იგივე ნარატივი, რა განცხადებებიც შეხვედრის წინ გააკეთეს.

მარჩინ პჩიხოდნიაკი

ჩემი აზრით, იგივე გამეორდება ბაიდენსა და სი ძინპინის შეხვედრაზე. არავითარი მნიშვნელოვანი განცხადების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ორივე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე. მაგრამ არ მოველი, რომ ჩინელები შეიცვლიან პოზიციას – როცა საქმე ეხება სი ძინპინს, ეს ასე არ ხდება.

არ მგონია, რომ ჩინეთს შეუძლია თავისი პოლიტიკის დრამატულად შეცვლა. ყოველ შემთხვევაში არა ამ პოლიტიკურ გარემოში და პარტიის კონგრესის ყრილობის წინ. ეს არაა გარემო, რომელიც საშუალებას გაძლევს რევოლუციურად შეცვალო საგარეო პოლიტიკა. მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის: ჩინეთი გარკვეული გაგებით მხარს დაუჭერს რუსეთს, მაგრამ მეორე მხრივ ეცდება უფრო დაბალანსებული იყოს.

  • უკრაინელი მაღალჩინოსანმა, არესტოვიჩმა თქვა, რომ „ჩინეთი არ აირჩევს წაგებულ მხარეს. ის კი ხედავს რომ რუსეთი აგებს, ამიტომ არ დაეხმარება რუსეთს“. არესტოვიჩის თქმით, ჩინეთის მიერ მხარის შეცვლის მანიშნებელია ისიც, რომ „ჩინური მედია დაინტერესდა უკრაინელი ოფიციალური პირების ჩაწერით“. ჩინურმა CGTN-მა გაუშვა სიუჟეტი პურის რიგში მოკლული სამოქალაქო პირების შესახებ. თქვენი აზრით, ეს არესტოვიჩის ოპტიმისტური ხედვაა, თუ რეალისტური ანალიზია?    

ეს, ცოტათი, უფრო სურვილია. ვფიქრობ, ჩინეთს ნეიტრალურსაც ვერ ვუწოდებთ. მან უკვე აირჩია რუსეთის მხარე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხარის შეცვლა, მაგრამ ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. რუსეთს არ მიუღწევია იმ სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც მოელოდა ომის დაწყებამდე. მაგრამ შემდეგში რა მოხდება და არ ვიცით. არსებობს მოვლენათა შესაძლო განვითარების ბევრი სცენარი. ყოველ შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთი გარკვეულ ბენეფიტებს მოითხოვს, რამაც პუტინს შესაძლებლობა უნდა მისცეს წარმოადგინოს ეს (სამხედრო მოქმედებები) წარმატებულად.

რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ რაღაც გაგებით ჩინეთს არ უნდა დამარცხებულთან ყოფნა. თუმცა, ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, ვინ წააგო და ვინ მოიგო. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის თქმის შესაძლებლობა გვექნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი. ომის შემდეგ მდგომარეობა არ იქნება იგივე, მაგრამ დასავლეთსა და რუსეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის მეტოქეობისა და დაპირისპირების თვალსაზრისით იგივე დარჩება.

რაც შეეხება ჩინურ მედიას, არამარტო CGTN, რომელიც ინგლისურენოვანი ჩინური მედიაა, არამედ ჩინურენოვანი მედიაც (ჩინეთში) უფრო მეტ ფოკუსს აკეთებს სამოქალაქო პირების მსხვერპლსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე. თუმცა ამავდროულად, რჩება რუსული ინტერესების ნარატივიც. მედიაგაშუქება ჩინეთში ოდნავ შეიცვალა იმისგან, რაც დასაწყისში იყო – როდესაც მსგავსი კუთხე საერთოდ არ იყო ნაჩვენები. ვფიქრობ, ეს არის სიგნალი დასავლეთისა და აშშ-სთვის, რომ ჩინეთი არ დგას რუსეთის მხარეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა ქვეყნების საქმეში ჩაურევლობის პოლიტიკას. ესეც წარმოადგენს პოლიტიკურ ნარატივს. ამ სიუჟეტში მათ ცალსახად არც კი უთქვამთ, ვინ მოკლა ეს სამოქალაქო პირები, უბრალოდ გააშუქეს, თქვეს, რომ „იყო ადამიანური დანაკარგები კრიზის დროს“.

შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო ხშირად დავინახოთ ჰუმანიტარული კრიზისის გაშუქება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე უსვამს ხაზს ჩინური რესტორნების მიერ უკრაინელი მიგრანტებისთვის პოლონეთში გაგზავნილ დახმარებას. მაშინაც კი, როცა ეს რაოდენობრივად საკმაოდ ლიმიტირებული დახმარებაა. თუმცა შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ჰუმანიტარული ტვირთი და დახმარება გაუწიოს ჩინეთმა უკრაინას.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ სი ძინპინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის მოწმენი გავხდეთ. თუმცა ეს იქნებოდა მხოლოდ ჩინეთის გლობალური იმიჯის გაძლიერების მცდელობა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ჩინეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა. ჩინურ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მათი მძიმე მდგომარეობის, დაუდასტურებელი გარდაცვალებისა თუ დაჭრის შესახებ. ჩინეთის ლიდერებმა უნდა აჩვენონ, რომ ზრუნავენ უკრაინაში დარჩენილ თავიანთ მოქალაქეებზე. ბოლო წლებში, პარტია ძალიან არის ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფი ჩინელების დაცვა. ახლა კი, უკრაინაში არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ ჯდება ამ პროპაგანდაში. ეს არ არის კარგი პარტიის იმიჯისთვის.

  • ასევე არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩინეთი დახმარების ნაცვლად, ჩუმად ხელს უშლის რუსეთს. ამის მაგალითად მოჰყავთ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ რუსეთსა და ბელარუსში პროექტების შეჩერება, რუსეთისთვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე უარის თქმა და სხვა. თქვენ რას ფიქრობთ?

თქვენ ახსენეთ AIIB, რომელშიც მართალია ჩინეთი ლიდერობს, თუმცა მაინც საერთაშორისო ბანკია, სადაც არის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ევროპულიც.

ასევე აქ გვაქვს წმინდა ეკონომიკური საკითხები. ვგულისხმობ, რუსეთს არ აქვს ვალუტა ჩინური პროდუქტისთვის გადასახდელად. რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობდა ევროში ან დოლარში და არა რუბლში. განსაკუთრებით ახლა, არავის და მათ შორის არც ჩინეთს არ სურს რუბლი. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ იუანი. მაშინ, რუსებს მოუწევთ ჩინელებისგან რუბლით იყიდონ იუანი. ეს არ იქნება კარგი ბიზნესი ჩინელებისთვის.

ამის საპირისპიროდ, გვაქვს ჩინური სატრანსპორტო კომპანია DiDi-ს მაგალითი. მან გამოაცხადა რუსული ბაზრიდან გამოსვლა, მოგვიანებით კი იძულებული გახდა დარჩენილიყო რუსეთში.

ვფიქრობ, ჩინეთი ელოდება დაინახოს რა რეაქციები იქნება. რამდენად შორს შეუძლია დასავლეთს წავიდეს ამ სანქციებით, რამდენად შეეხება ისინი ჩინეთს.

იგივე კითხვასთან მოვდივართ: რომელია უფრო მნიშვნელოვანი პრაგმატული ეკონომიკა თუ იდეოლოგია? – ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიით მართული პრაგმატული ეკონომიკა. ეს არის რაღაც, რასაც პარტია და სი ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩინეთის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა – კოვიდის აფეთქება, ეკონომიკური პრობლემები, პარტიის მე-20 კონგრესი, სადაც სი ძინპინს სურს მესამე ვადით იქნას არჩეული, – ართულებს საერთო სურათს. ამიტომ ჩინეთი, ალბათ, არ იქნება რუსეთის ღია მხარდამჭერი ყველა ფრონტზე.

  • რომ შევაჯამოთ, ამბობენ რომ ჩინეთი ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება. ამ ომში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში, რას იგებს და აგებს ჩინეთი?

ჩინური პერსპექტივისთვის, უკრაინაში ომის განვითარების თითქმის ყველა სცენარი დადებითადაა დანახული, გარდა ორისა. ერთზე უკვე ვისაუბრეთ – ჩინეთს არ სურს მესამე მსოფლიო ომი. მეორე, რაც კიდევ უფრო ნაკლებად აწყობს, არის პუტინის ახალი, დასავლეთისადმი უფრო დადებითად განწყობილი ლიდერით ჩანაცვლება. ჩინური პერსპექტივიდან ეს იქნებოდა დამარცხება და პოლიტიკური კატასტროფა. ამ შემთხვევაში, ჩინეთი, ავტოკრატია სრულიად მარტო დარჩება დასავლეთის პირისპირ, რომელსაც უკვე რუსეთის მხარდაჭერაც ექნება.

სწორედ ამაში მდგომარეობს ჩინეთის უმთავრესი ინტერესი მხარი დაუჭიროს რუსეთს – მას სურს პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს. ამ მიმართულებით, ჩინელები განიხილავენ რუსული ინტერესებისა და კომპანიების გამოსყიდვასაც. ესეც სანქციების, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის კალკულაციის პროცესის ნაწილია.

თუ პუტინი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, (რუსეთმა რომც წააგოს) ჩვენ მივიღებთ დასუსტებულ, ჩინურ ორბიტაზე კიდევ უფრო მეტად გადახრილ რუსეთს. დასავლეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულია, კვლავაც ფოკუსირებული იქნება რუსეთზე. რა თქმა უნდა, გააჩნია რა გარემოებებით დასრულდება ომი, თუმცა ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ფოკუსირდება რუსეთზე, რომ მსგავსი რამ რაც ახლა ხდება, აღარ განმეორდეს. ამ მიმართულებითაც მოგებული დარჩება ჩინეთი. თუმცა იმდენად ბევრი შესაძლო ფაქტორია, რთულია რამის პროგნოზი.

ჩინეთმა ცალსახადა გამოცადა დასავლეთის შესაძლებლობები – ის, თუ სადამდეა წამსვლელი. შესაბამისად, მას მოუწევს გარკვეული ცვლილებები თავის საგარეო პოლიტიკაში. ასევე, ვფიქრობ და ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩინეთი ამის შემდეგ განსაკუთრებით, უარს იტყვის იმოქმედოს ტაივანზე ძალისმიერად. ახლა მათ იციან, რომ ეს არ არის მარტივი. ისიც იციან, რომ მათი არმია, მიუხედავად მიმდინარე მოდერნიზაციისა, არ ფლობს თუნდაც არასრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ორგანიზების პოტენციალს. ახლა ჩინეთი ალბათ უფრო ეცდება მშვიდობიანი გზებით დაარწმუნოს ტაივანელები ჩინეთთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად  გაერთიანებაში. ეს რამდენად შესაძლებელი ცალკე მსჯელობის საკითხია. თუმცა ცხადია, ჩინეთს მოუწევს გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას და შეცვალოს გარკვეული საკითხები მსოფლიოს მისეულ აღქმაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი