კომენტარი

გადადგომა მომიწია მარგველაშვილის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზების შემდეგ — მაჭავარიანი

15 მარტი, 2022 • 8239
გადადგომა მომიწია მარგველაშვილის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზების შემდეგ — მაჭავარიანი

მთავრობას და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობით ფუნქციასთან დაკავშირებით  უთანხმოება, რომლის შესახებაც 14 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პირველი შემთხვევა არ არის.

პრეზიდენტმა  მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ პარლამენტში ისაუბრა და განაცხადა, რომ  2022 წლის 26 თებერვალს წერილობით უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე და პირადი კონტაქტების გამოყენებით, ოფიციალური ფორმატის პირად შეხვედრებად გადაქცევა მოუწია.

საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ, თუ ვინ მოაწერდა ხელს ასოცირების შეთანხმებას ან წარმოადგენდა საქართველოს გაერო-ში, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროსაც.

ვანო მაჭავარიანი, რომელიც მარგველაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოზიციას იკავებდა, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, „ნეტგაზეთს“ უყვება, რა წინააღმდეგობის დაძლევა უწევდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის წინააღმდეგობის დასაძლევად:

– საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა ამ პრობლემაზე ისაუბრა საპარლამენტო ტრიბუნიდან და მიმართა არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას აცნობა, რომ მას ხელი ეშლება კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შესრულებაში, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში. ეს წინააღმდეგობა აშკარად დაკავშირებულია უკრაინის ომზე „ქართული ოცნების“ პოზიციის განსხვავებულობასთან. პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობდა, ამ თემაზე თანხვედრაში ყოფილიყო მოქალაქეების უმრავლესობასთან, რომელიც არ არის ნეიტრალური და უკრაინისკენაა. როგორც ჩანს, ეს გახდა მთავრობასთან და პირადად ღარიბაშვილთან უთანხმოების მიზეზი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს [პრეზიდენტის] ვიზიტის ორგანიზება, მინისტრის დავალებით, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე უარი ითქვა. ზუსტად იგივე ხდებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში. მე მაშინ ვიყავი პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო მაშინაც პრემიერი, ხოლო დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ამპლუაში მაშინაც ზუსტად იგივე საქმიანობით იყო დაკავებული — ცდილობდა, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ფაქტობრივად ყველა ვიზიტი დაებლოკა.

მე პირადად და ჩვენი ადმინისტრაცია ვახერხებდით, თავიდან აგვეცილებინა ასეთი დაბლოკვა. არა ოფიციალური ვიზიტების პირად ვიზიტებად გარდაქმნით, როგორც ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, არამედ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტისგან „დაჟინებული მოწვევის“ საფუძველზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაში შედის, უზრუნველყოს ვიზიტის შინაარსი და პოლიტიკური და პროტოკოლური ნაწილი. თუ ხედავ, რომ არის პრობლემა და სახელმწიფო მეთაურს არ ეძლევა საშუალება, შეასრულოს კონსტიტუციური ვალდებულება, არსებობს მექანიზმი, რომლითაც, როგორც ჩანს, ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ არ ისარგებლა.

საპრეზიდენტო ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ მეორე სახელმწიფოსთან კონსულტაციებით იყოს ვიზიტი ორგანიზებული, არსებობს ე.წ. ვალდებულება, ერთ ქვეყანაში როდესაც არის ვიზიტი, მეორე ქვეყანამაც უპასუხოს მსგავსი ვიზიტით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ვალდებულია კომუნიკაცია აწარმოოს. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევები პოლონეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საფრანგეთთან, როცა ვიზიტები განხორციელდა მათი ადმინისტრაციის ხელშეწყობით და მაშინ ძალიან დიდი გულისწყრომა, გაბრაზება და გაღიზიანება მოდიოდა პირადად ბატონ ზალკალიანისგან, პრემიერის ოფისიდან… საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია შემდგომში უკვე ამ პროცესში დანებება და საელჩოების მეშვეობით ვიზიტების ორგანიზების ხელშეწყობა, რადგან ამ ქვეყნებისგან იყო „დაჟინებული“ მოწვევა პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი და საგარეომ, არ უნდოდა რა კონფლიქტი გამოეჩინა, ღიად ვერ ჩაშალა ვიზიტები.

მე გადადგომაც მომიწია იმის გამო, რომ უკრაინაში, პრეზიდენტ პოროშენკოს ინაუგურაციაზე მარგველაშვილის ვიზიტი ორგანიზებული იყო ჩემი კოლეგის — პრეზიდენტ პოროშენკოს საგარეო ურთიერთობათა მდივნის ხელშეწყობით. ვიზიტისას პრეზიდენტ მარგველაშვილს საშუალება მიეცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოკლე აუდიენციის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე, ფაქტობრივად, ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით გაკეთდა. მმართველ გუნდში კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, განსაკუთრებით ბატონი ზალკალიანი. მაშინ მინისტრის პირველი მოადგილე იყო, რომელიც მიუხედავად მისი ემოციური, აცრემლებული გადადგომისა, თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა „ქართული ოცნების“  პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის ძირითად ხაზს ვინც არ ეთანხმებოდა, ქვეყნის შიგნით საქმიანობასთან ერთად, ხელი ეშლებოდა უცხოეთში ვიზიტებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და დავით ზალკალიანი გაწაფულია პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებაში. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური ვიზიტების ჩატარების საშუალება არ მიეცა სწორედ იმიტომ, რომ გაბედა და მთავრობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციების მეშვეობით ვიზიტების ორგანიზების მექანიზმი არსებობს, რომელიც ქალბატონმა სალომემ ვერ ან არ გამოიყენა. არ ვიცი, უბრალოდ არ იცოდა თუ ჩათვალა, რომ პირადი ვიზიტი ნაკლებად გამაღიზიანებელი შეიძლება ყოფილიყო. ეს უკვე „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის შიდა სამზარეულოა.

— ანუ, გადადგომა მოგიწიათ უკრაინაში პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტის ორგანიზების გამო? ვისგან მოდიოდა ეს წინააღმდეგობა და მოთხოვნა?

(გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას 2014 წლის 7 ივნისს დაესწრო ახლად არჩეული პრეზიდენტის მიწვევით. 13 ივნისს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობები, როგორც შესაბამის განკარგულებაშია ნათქვამი, “საკუთარი ინიციატივით” დატოვეს, თუმცა მიზეზები არ განუმარტავთ. მაშინ მაჭავარიანმა თქვა, რომ პოსტი პრეზიდენტის თხოვნით დატოვა. დაახლოებით 1 წელიწადში ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილედ დაბრუნდა. რედ.).

— დიახ, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მოვყევით საოცარ ქარცეცხლში სამთავრობო ტელევიზიების თუ პრესის მხრიდან. არც უხსენებიათ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი კიევში ბაიდენს შეხვდა და საქართველომ აშშ-ისგან დამატებით 5-მილიონიანი დახმარება მიიღო. იწერებოდა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის ორგანიზება მოხდა. ვფიქრობ, მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ თვითონ არ იყვნენ შეხვედრილები იგივე მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. შეიქმნა სერიოზული პრობლემა და გამოიწვია საფრთხე, რომ შეიძლებოდა, საერთოდ ჩაეშალათ პრეზიდენტ მარგველაშვილის ნებისმიერი შემდგომი ვიზიტი, ამის გამო გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოგვიწია.

„ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი იმ ადამიანის მხრიდან, ვინც მათ ხუშტურზე არ დადის და რამე ფორმით, შეიძლება, განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მიუღებელია და მათი დასჯის ინსტრუმენტია როგორც ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ არ მისცენ საქმიანობის და წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება პრეზიდენტს. ის ადამიანები, ვინც ასეთი ვიზიტების ორგანიზებას აკეთებენ, იღებენ გაფრთხილებას, რომ მსგავსი რამეები აღარ გააკეთონ. როგორც აღვნიშნე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ორმხრივი ფორმით გაცვლითი ვიზიტების შეთანხმების ფორმატი და პირადი ვიზიტების სახე მისცა ევროპაში გამგზავრებას. შესაბამისად, მერე კითხვა დაისმება, ვინ დააფინანსა და რა ფორმით პირადი ვიზიტი, რადგან ის მაინც სახელმწიფოს მეთაურია. თუ როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ჩავიდა, ეს საქართველოს სახელმწიფოს კარგ სახეს ნამდვილად არ უჩვენებს. ის, რომ პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვან დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტების ჩატარების და თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულების საშუალება არ მისცეს, მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა არასწორად იმართება.

– „ქართული ოცნება“ პირიქით მიანიშნებს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების ორგანიზებით…

— „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო“ ან „ჩემი შენ გითხარიო“… პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში შეესრულებინა მნიშვნელოვანი ვიზიტები. საერთაშორისო აქტივობა ახლა არის აუცილებელი, რომ ჩვენ ჩვენი გარანტიები მივიღოთ, შექმნილ სიტუაციაში ჩვენი როლი განვსაზღვროთ პრაგმატულად, ფრთხილად, დაფიქრებულად, მაგრამ არა ისე, როგორც ვიხილეთ, რომ ძალიან სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა საქართველო. მთავრობის განცხადებები სახელმწიფოებრივ მიზანს არ ემსახურებოდა. როგორც ჩანს, ამას გაურბოდა პრეზიდენტი და ცდილობდა მისიის საკუთარ თავზე აღებას, რისი საშუალებაც მთავრობამ არ მისცა. კობახიძის მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე საუბარი გადაჭარბებულია. პირადი ვიზიტით ვის შეხვდება პრეზიდენტი, მე მგონი, კონსტიტუციაში არ არის განსაზღვრული.

— როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტისა და პრემიერის პოზიციები უკრაინასთან მიმართებით რიტორიკაში დაშორდა ერთმანეთს, თუ არის სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რომელზეც პრეზიდენტის და მთავრობის პოზიციები განსხვავდება?

— მე ძალიან კრიტიკული ვარ ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის მიმართ, რომელიც დღემდე ინარჩუნებდა სიჩუმეს და არაჯანსაღ დამოკიდებულებას პოლიტიკურ- საზოგადოებრივი პროცესების მიმართ და მაქსიმალურად იყო დაახლოებული „ქართული ოცნების“ პოზიციებთან, სანამ არ მოხდა ომი უკრაინაში, სანამ არ ჩავიდა პარიზში და ევროპიდან უფრო მეტად „დაინახა“ ის პრობლემები, რაც საქართველოს წინაშე დგას. როგორც ჩანს, ამას სხვა პრობლემებიც უძღოდა წინ, მაგალითად, ის, რომ ხელი არ შეეწყო ეროვნული შერიგების პროცესს. მთელ რიგ ინიციატივებზე, რომლებიც  „ქართულ ოცნებასთან“ უფრო ახლოს იყო, ვიდრე საღ აზრთან, პრეზიდენტმა შეურაცხყოფა და ქილიკი მიიღო. როგორც ჩანს, გარდამტეხი მომენტი დადგა უკრაინაში ომის ფონზე. არის მომენტი, რომელსაც პოლიტიკოსი ელოდება და ეს მომენტი გამოიყენა ზურაბიშვილმა. თანაც ის არ არის ჩვეულებრივი ქართველი, რომელიც წავა სახლში დუშეთში. მას აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა. დარწმუნებული ვარ, სურს, რომ საფრანგეთში თავაწეული დაბრუნდეს. მისთვის მნიშვნელოვანია, რა პოზიციებზე დგას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელზეც ევროპული პოლიტიკა თანხმდება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ განსხვავებული პოზიცია აქვს.

პარლამენტში გამოსვლით პრეზიდენტი ღიად დაუპირისპირდა იმ პოზიციებს, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციასაც, რომელიც ასევე არ არის მოწოდების სიმაღლეზე. მისდამი რიგ შემთხვევაში სამართლიანი პრეტენზიების გაჟღერება ზურაბიშვილს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე არ დააბრალოს „განაცება“.  თუმცა პროცესი დაიძრა, რა გაგრძელებას იპოვის და დრო აჩვენებს, რა შესაძლებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“ თავისი ერთპარტიული მმართველობიდან წავიდეს პრეზიდენტის სამართლიან მოთხოვნებზე, როგორიცაა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ევროინტეგრაციაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში შეკრებას და ა.შ. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მმართველობა სიტყვა „კომპრომისს“ არ იცნობს არავისთან მიმართებაში და ეს არის კიდეც პრობლემა, რაზეც პრეზიდენტიც საუბრობს.

ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი მისი პრეზიდენტობის მიმართ, მაგრამ ეს მისთვის შესაძლებლობაა, სწორი პოზიციები დააფიქსიროს და, რაც მთავარია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, სწორი ნაბიჯები გადადგას, გააერთიანოს არა სელექციურად ადამიანები, არამედ ფართო საზოგადოება და ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა ჩამოყალიბდეს. იმედია, პრეზიდენტ მარგველაშვილისგან განსხვავებით, ზურაბიშვილი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და იქნება ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში და არა პოლიტიკური დეკორაცია, როგორც იყო „ქართული ოცნების“ თვალში 14 მარტის საპარლამენტო მოხსენებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი