კომენტარი

ცხოვრება ხარკოვში, რომელსაც რუსეთი ბომბავს – ფოტოგრაფი პავლოს ამბავი

8 მარტი, 2022 • 3093
ცხოვრება ხარკოვში, რომელსაც რუსეთი ბომბავს – ფოტოგრაფი პავლოს ამბავი

პავლო დოროჰოი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტია. ახლა ის იმყოფება ომით ერთ-ერთ ყველაზე დაზიანებულ ქალაქ ხარკოვში.

პავლო ცდილობს გადაიღოს და მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია ომის ტრაგედიაზე.

ხარკოვი რუკაზე

რუსული დაბომბვების შედეგად ხარკოვი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. მოქალაქეები მუდმივ დაბომბვას მეტროებსა და სხვა თავშესაფრებში აფარებენ თავს. ნელ-ნელა ქალაქში დგება საჭმლის და წამლის დეფიციტი.

„სასურსათო მაღაზიას ჭურვი მოხვდა, არავინ დაღუპულა, თუმცა ბევრი დაშავდა – სისხლის ზღვა დადგა“

„ახლა ვარ ხარკოვში, არსად მივდივარ და არ ვაპირებ“, – უთხრა ნეტგაზეთს პავლომ. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც ხარკოვში არსებულ ვითარებას აღბეჭდავს, რაც როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად ახლა განსაკუთრებით რთულია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Photographer (@paveldorogoy)

„საგინებელი სიტყვების გარდა, ახლა არაფერი მაფიქრდება… ხარკოვში ახლა ომია. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დატოვოს ქალაქი – მატარებლით, მანქანებით, ვის როგორ შეუძლია… მაგრამ ძალიან ბევრი მოხუცი აქ ჯერ კიდევ რჩება.

წუხელ ღამითაც ძალიან ბევრი, სავარაუდოდ, სარაკეტო შეტევა იყო მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. ჩვენ ქალაქის განაპირას გვაქვს უბანი, რომელსაც სალტივკა ჰქვია – იქ დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ძირითადად, 9- და 16-სართულიანი საცხოვრებელ კორპუსებში. ეს უბანი ახლა ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებულია.

ზოგადადაც, ყველაზე მძიმე სიტუაცია არის ქალაქის განაპირა უბნებში, მათთან ყველაზე ახლოს დგანან რუსი ოკუპანტები. პერიოდულად ასეთ უბნებზე იერიში მიდის. მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება“, – უყვება ის ნეტგაზეთს.

პავლო დოროჰოი ამბობს, რომ ქალაქი გაჩერებულია – ტრანსპორტი არ დადის, მეტრო კი თავშესაფრად გამოიყენება. ბევრმა ადამიანმა დაბომბვების გამო სახლი დაკარგა, ბევრისთვის კი სახლში დარჩენა ღამით – უბრალოდ საშიშია.

ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი დაბომბვის შემდეგ. ფოტო: EPA-EFE/STANISLAV KOZLIUK

„მაღაზიებისა და აფთიაქების ნაწილი მუშაობს, თუმცა თითქმის აღარ დარჩა პროდუქტები და წამლები. ქალაქში ინსულინის პრობლემაა. შეიქმნა საერთო შტაბიც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინსულინი სჭირდება – თუმცა, ზუსტად არ ვიცი, რამდენად ეფექტურად ფუნქციონირებს ის.  უშუალოდ ფაქტი კი, რომ ასეთი შტაბი არსებობს – უკვე ძალიან კარგია.

პროდუქტებს რაც შეეხება, არსებობს შემოტანის პრობლემა. ასევე, არის ძალიან დიდი რიგები, რაც ომის დროს დიდ საფრთხეს წარმოადგენს. გუშინ ერთ-ერთ უბანში – პიტიხატკაში, რომელიც ასევე ძალიან ახლოს არის რუს სამხედროებთან, ბელრგადის გზასთან – იქ ერთი ჭურვი მოხვდა სასურსათო მაღაზიას. 10-მდე ადამიანი დაშავდა. სასწაულებრივად, არავინ დაღუპულა , მაგრამ დაზიანებები სხვადასხვა ხარისხის იყო. მაღაზიის წინ სისხლის ზღვა დადგა.

ადამიანებს, რომლებიც რიგში დგანან საჭირო პროდუქტებისთვის, შესაძლოა ნებისმიერ დროს ესროლონ ჭურვი. არავინაა დაზღვეული. ამიტომ მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლა ყოველთვის შეიცავს რისკს.. თუმცა სახლში ყოფნაც რისკის შემცველია. ერთადერთი უსაფრთხო გამოსავალი – ეს ან მეტროში ჩასვლაა, ან ქალაქის დატოვება, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს“.

პავლო დასძენს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ისიც, რომ ათასობით მოხუცი, რომელიც ქალაქში დარჩა – დამოუკიდებლად ვერ მიდის მაღაზიებსა და აფთიაქებში. მოხალისეთა რესურსი კი ამოწურვადია. ისინი ეხმარებიან ასევე სამხედროებსა და საავადმყოფოებს – „ჰუმანიტარული დახმარება შემოდის დღეს, მაგრამ საჭიროა ხალხი, ვინც ამას დაარიგებს, იმიტომ რომ ბევრი არ არის დარჩენილი,“.

ხარკოვში ამჟამად არ დგას შუქის, წყლის და გათბობის მოწოდების პრობლემა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ღამით აქ ტემპერატურა -6 გრადუსს აღწევს. პავლო ნახევრად ხუმრობით გვეუბნება, რომ ჯერჯერობით რუსებს არ აუფეთქებიათ აქვე არსებული ელექტროსადგური.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Photographer (@paveldorogoy)

ქალაქში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს სასწრაფო, რომელიც, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ გამოძახებებზე მაინც დადის. მისი მთავარი პრიორიტეტია ომისგან დაშავებული მოქალაქეები. სხვა ქალაქების მსგავსადაც, ხარკოვის საავადმყოფოების სარდაფებში პაციენტებისთვის მოწყობილია თავშესაფრები. ამ თავშესაფრებში ასევე შეიქმნა სივრცე მშობიარე დედებისთვისაც.

„თუმცა ყველაფერი ძალიან რთულია. მუდმივი დაბომბვების გამო ხდება ხოლმე, რომ ვერ ასწრებენ [ადამიანის] მიყვანას საავადმყოფომდე. ყველაფერი ძალიან არაპროგნოზირებადია“.

ქალაქისთვის ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მეტროა. ხარკოვში ის 3-ხაზიანია და როგორც პავლო ამბობს, მას დაახლოებით 20-ზე მეტი სადგური აქვს. სადგურთა ნაწილში ახლა თავშესაფრებია მოწყობილი.

„სხვადასხვა სადგურზე სხვადასხვა სიტუაციაა. მაგალითად, ცენტრალურ სადგურზე მოქალაქეებს ვაგონებში სძინავთ, თუმცა, არის სადგურები, სადაც ვესტიბიული უფრო ღიაა და ფართო. ასეთი სადგურები ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ უბნებშია. და აი, ასეთ სადგურებში ადამიანებს უშუალოდ იატაკზე სძინავთ ან კარვები აქვთ გაშლილი.. არის სადგურები, სადაც 300-500 ადამიანი ცხოვრობს და იქ ლეიბებს შუა უნდა გაიარო. სადგურებში ძალიან ბევრი ბავშვი და მოხუცია. მძიმე სანახავია“, – აღწერს ფოტოგრაფი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Photographer (@paveldorogoy)

რაკი მეტროში ვაგონების მოძრაობა ახლა გაჩერებულია, მოქალაქეებს სადგურებს შორის გადაადგილება გვირაბით შეუძლიათ. პავლო ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად, სხვადასხვა სადგური განსხვავდება იქ არსებული ადამიანის განწყობითაც. თუმცა ყველას, როგორც მიწისქვეშ ასევე მიწის ზემოთ, საერთო ის აქვს, რომ ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ და გვერდში დაუდგნენ – „ხალხი ცდილობს, როგორც შეუძლია, ისე გადაიტანოს. მეც ვცდილობ, რაღაც დადებითი დავინახო…“

„ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა ქალაქი. თუმცა გამიჭირდება რიცხვის დასახელება, რადგან ბევრი მოქალაქე ახლა თავშესაფარშია – იქნება ეს მეტრო, სარდაფი თუ სხვა.  ვფიქრობ, მოსახლეობის ნახევარმა უკვე დატოვა ქალაქი“.

პავლო ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმეა ქალაქის დამთრგუნველი სიჩუმის ატანა. ხარკოვის ცენტრი ახლა დანგრეულია, ადამიანები აქ არ დადიან – „დგას სიჩუმე. ქალაქი არ უნდა იყოს ჩუმი, ღამითაც კი მას თავისი ხმა აქვს – ახლა კი ხარკოვში დამთრგუნველი სიჩუმეა“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Photographer (@paveldorogoy)

ინტერვიუს ბოლოს პავლო დოროჰოი გვიყვება, რომ მუშაობა ახლა განსაკუთრებით რთულია. რთულია იმიტომაც, რომ ქალაქის ზოგიერთ ნაწილში გადაღება არ შეიძლება, ზოგან კი „ყველაფერი ნაცნობობით წყდება“.

„მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც დოკუმენტალისტისთვის – ეს პროცესები ძალიან საინტერესოა, რადგან ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მოქალაქეები ადაპტირებას, ომის დროს როგორ იქცევიან. ხედავ, როგორ ჩნდებიან მოხალისეები, როგორ ორგანიზდება წყლისა თუ საჭმლის მიწოდება და სხვა“, – ამბობს პავლო და დასძენს, რომ ამის აღბეჭდვა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პავლო დოროჰოი


რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო. მოქალაქეებმა არ იციან, რა ელით წინ. თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას და დანებებას არ აპირებენ.

ერთ-ერთი მათგანი ელენა ბელკინაა. ის ცხოვრობს ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც ახლა რუს სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. ქალაქის ყველა შესასვლელთან ამჟამად რუსული სამხედროები დგანან, ისინი მოქალაქეებს არ უშვებენ.

ამასთანვე, ნელ-ნელა იწურება პროდუქტებიც, თუმცა, ამ და სხვა სირთულეების მიუხედავად, ელენა გვიყვება, რომ მოქალაქეები ყოველდღე უმართავენ რუს სამხედროებს საპროტესტო აქციებს.

ჩემი ქალაქი ოკუპანტებმა დაიკავეს, მათ ყოველდღე აქციებს ვუწყობთ – ელენა მელიტოპოლიდან


უკვე მე-13 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

ომის პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და რუსეთს შორის. თუმცა, ჯერ უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი