ახალი ამბები

პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს

22 თებერვალი, 2022 • 2737
პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან 21 თებერვალს, ე.წ. „დონეცკის“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებისდამი მიძღვნილი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნას გაუადვილებს დარჩენილი „საბჭოთა ტექნოლოგიები“. რუსეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ კიევს საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ და დასძინა, რომ რუსეთს „არ შეუძლია, ამ რეალურ საფრთხეზე რეაგირება არ მოახდინოს“.

„უკვე გახმიანდა განცხადებები, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ეს ცარიელი ყოყოჩობა არ არის. უკრაინას მართლაც რომ აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა ბირთვული ტექნოლოგიები და მათი [მიზნამდე] მიტანის ინსტრუმენტები…

ამგვარად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის შექმნა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ზოგი სხვა ქვეყნისთვის… განსაკუთრებით, საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიური მხარდაჭერის შემთხვევაში, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.

ჩვენ არ შეგვიძლია, ამ რეალურ საფრთხეზე რეაგირება არ მოვახდინოთ“.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ბირთვულ იარაღზე

იქამდე, 19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა  მოახდენს ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე სახელმწიფოების კონსულტაციების ინიცირებას.

მემორანდუმის თანახმად, წარსულში უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. სანაცვლოდ რუსეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკრაინას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტია მისცეს.

რუსეთის ფედერაციამ შეთანხმება 2014 წელს – ყირიმის ანექსიითა და უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში საკუთარი სამხედროების განთავსებით დაარღვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი