ახალი ამბები

ქართველი დეპუტატები EU-ს სთხოვენ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ამოღებას

3 თებერვალი, 2022 • 1873
ქართველი დეპუტატები EU-ს სთხოვენ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ამოღებას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს მიმართავს, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს.

ამის შესახებ სამხარაძემ დღეს, 3 თებერვალს, კომიტეტზე განაცხადა, სადაც ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელს, ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს უსმენენ.

სამხარაძის თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ სტალინისტური ტერმინია, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს.

მისივე თქმით, ტერმინი სამხრეთ ოსეთი ცხინვალის რეგიონით უნდა შეიცვალოს.

“თქვენ და ზოგადად, დასავლეთი, ებრძვის სტალინისტურ გამონათქვამებს. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“, უფრო სწორად, თქვენს ყველა დოკუმენტში იყენებთ ტერმინს „სამხრეთ ოსეთი“, რომელიც არის სტალინისტური ტერმინი და შეიქმნა 1922 წელს. მანამდე ასეთი რამ არ არსებობდა.

ამიტომ, ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ვიმსჯელოთ ერთად, როგორ შეიძლება, რომ ეს ტერმინი საერთოდ ამოვიღოთ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მით უმეტეს, სამხრეთ ოსეთს, ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. ეს არის სტალინისტური ტერმინი და არ არის სასიამოვნო, რომ ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს. თუ ჩვენგან არის საჭირო ოფიციალური მომართვა, ამას ჩვენ გავაკეთებთ”, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძეს დაეთანხმა როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“, ისე „ლელოს“ წარმომადგენელიც.

ქართველი დეპუტატების პასუხად სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ საკითხს ჩაინიშნავს და სამომავლოდ გაითვალისწინებენ ევროპული  დოკუმენტების შედგენისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი