კომენტარი

“რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანების 200 წლისთავი”

19 თებერვალი, 2010 • 1159
“რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანების 200 წლისთავი”

რუსეთის სათათბირო საბჭომ, “რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანების 200 წლისთავთან დაკავშირებით” განცხადება ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე განიხილა. განცხადების ავტორები ამ ორ ქვეყანას შორის იმდენად მჭიდრო კავშირებს ხედავენ, რომ რუს და აფხაზ ხალხს ერთ ერად მოიხსენიებენ. ამ ინიციატივის კომენტირებისას ინტერნეტ გაზეთ GZT.RU -სთან დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 200 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. “ბათუმელებმა” ამ საკითხზე ინტერვიუ  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან ჩაწერა:

ბატონო ლაშა, რა ისტორიულ ფაქტზე საუბრობენ რუსეთის სათათბიროში, რა მოხდა 200 წლის წინ, 1810 წელს?

 საქართველო მაშინ დაყოფილი იყო სხვადასხვა სამეფოდ და სამთავროდ. რუსეთს “გეორგიევსკის ტრაქტატის” საფუძველზე პირველად ქარლთ-კახეთის სამეფო შეუერთდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა შემდგომ იმერეთის “შეჭმა” დაიწყო, ასევე გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის. ასე რომ, თუ საქართველოს არ აღვიქვამთ როგორც ერთიან ტერიტორიას,  შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიები, სხვადასხვა დროს შეუერთდა რუსეთის იმპერიას.

“ედინაია რასია”, რომელმაც შეიტანა რუსეთის სათათბიროში ეს ინიციატივა, ამ ორ ქვეყანას შორის იმდენად მჭიდრო კავშირებს ხედავს, რომ რუს და აფხაზ ხალხს ერთ ერად მოიხსენიებს…

ეს პროპაგანდის ამბავია. კარგად ვიცით, თუ რამდენად განსაკუთრებულად მძიმე იყო აფხაზებისთვის რუსეთთან შეერთება. რუსეთის წინააღმდეგ აფხაზებმა სერიოზული აჯანყებები მოაწყვეს. ამან გამოიწვია მუჰაჯირობის რამდენიმე ტალღა აფხაზეთში. აფხაზები ხშირად ამბობენ, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ თავის ტერიტორიაზე. სწორედ რუსებმა აიძულეს აფხაზების უმეტესობას ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწა. ყველა აფხაზს ახსოვს, რომ მე-19 საუკუნე ტრაგიკული საუკუნეა მათთვის.

რა  რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ რუსეთის ამ ინიციატივაზე აფხაზებს?

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოც გაუთავებლად იხდიდა დღესასწაულებს რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით. სხვა კოლონიებშიც იგივე ხდებოდა და ყველა განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა იმას, რომ  სწორედ რუსეთმა გადაარჩინა  ფიზიკურად ისინი. აფხაზების ეს ისტორიაც ასე უნდა განვიხილოთ. აფხაზებს, რასაკვირველია, ახსოვთ თავიანთი ისტორია. მათ იციან და თვალს ვერ დახუჭავენ ამაზე. როცა საუბრობენ, რომ აფხაზების დიდი ნაწილი ცხოვრობს სხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ამის გამომწვევი მიზეზი სწორედ ის არის, რომ რუსებმა დაიწყეს მათი დევნა 1810 წელს. აფხაზეთის ნელ-ნელა დაპყრობა დიდხანს გრძელდებოდა და დაახლოებით 60-70 წლის შემდეგ დამთავრდა.
 
 იგივე აფხაზი ხალხი უნდა განიხილავდეს თუ არა ამ ქმედებას ერთგვარ სიგნალად. ის, რაც აფხაზებისთვის ტკივილად აღიქმება, რუსეთმა საზეიმოდ აქცია?

აფხაზეთში კრიტიკული ხმა ცოტა ისმის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორია, რომელსაც აფხაზები იცნობენ, ძირითადად, საბჭოთა პერიოდშია დაწერილი. მაშინ რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი იწერებოდა. აფხაზეთის ხელისუფლება, ალბათ, ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს რუსეთი და აფხაზეთი ყოველთვის ახლოს იდგნენ და ამით ხაზი გაუსვან იმას, რომ საქართველოსთან ნაკლები კავშირი აქვთ.
საბჭოთა კავშირის დროს ჩვენც ვიცოდით, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავად არ იყო, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებდით. ისტორია მუდმივად ინსტრუმენტია პოლიტიკური მიზნებისთვის. ამაში არაფერი ახალი და გასაკვირი არ არის. ეს სჭირდება აფხაზურ ხელისუფლებას.

თუმცა უცნობია, როგორი რეაქცია აქვს ამ ფაქტზე აფხაზ საზოგადოებას.

შეიძლება რომდენიმე აფხაზმა ისტორიკოსმა და კიდევ რამდენიმე პირმა სახლში რაღაც წაიბურტყუნოს, მაგრამ ფაქტია, არავინ გამოდის ამის წინააღმდეგ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ზეიმის მსგავსიც ჩატარდება.

თუ აფხაზები, ისე როგორც თავის დროზე ქართველები, ზეიმით აღნიშნავენ ამ ფაქტს, რას მიიღებენ სამაგიეროდ?

აფხაზების მდგომარეობა საკმაოდ რთულია. როცა აფხაზები აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და საქართველოდან გამოყოფისთვის იბრძოდნენ, არ ფიქრობდნენ, რომ ასეთ დღეში ჩავარდებოდნენ. მაგრამ დღეს აფხაზეთის ელიტა ვერ ხედავს გამოსავალს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის.

ექმნებათ თუ არა მათ რეალური საფრთხე ასეთ შემთხვევაში?

ისინი რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ისე კულტურულადაც. როგორც ენათმეცნიერმა, შემიძლია ვთქვა, ერთ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს თავი დამოუკიდებელი ჰგონიათ, საფრთხე შეექმნება აფხაზურ ენას. აფხაზეთში დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს რუსულად: უმრავლესობამ რუსული უფრო კარგად იცის, ვიდრე საკუთარი ენა. ამ პრობლემებს, დარწმუნებული ვარ, ნორმალურად მოაზროვნე აფხაზიც ხედავს, მაგრამ შეუძლიათ წინააღდეგობის გაწევა?

ჩვენ რა ვიცით აფხაზი ხალხის შესახებ, ვინ არიან ისინი დღეს – აფხაზები თუ რუსული ცნობიერების ადამიანები?

აფხაზობაზე ხაზგასმა, სუფრის დონეზე, ისე როგორც საქართველოში, იქაც იქნება. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არ წყვეტს აფხაზური კულტურისა და თვითმყოფადობის პრობლემებს. მგონია, რომ ამას აფხაზეთში აცნობიერებენ.
ანუ ეს პრობლემა დგას რეალურად?

მიჭირს ამაზე საუბარი. აფხაზეთში, ისე როგორც ქართველების სრული უმრავლესობა, დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეს პრობლემა უნდა იდგეს. რთულია, შორიდან წარმოიდგინო, რა აწუხებთ მათ, რადგან აფხაზური საზოგადოება საკმარისად ჩაკეტილია. ისინი შეეცდებიან ამ პრობლემაზე არ ისაუბრონ, განსაკუთრებით ქართველებთან.

თუმცა დღეს სხვა სურათია, თუ 1810 წელს აფხაზები რუსების შემოსვლას აჯანყებებით ხვდებოდნენ, დღეს ეს არ ხდება.

სურათი მართლაც განსხვავებულია. თუ მე-19 საუკუნეში ნაწილი აფხაზებისა თურქებს აღიქვამდა მეგობრად, დღეს მოსკოვს შესჩერებიან.

მაშინ, შესაძლოა, რუსეთის პოზიცია აღარც აღიქმებოდეს მტკივნეულად?

მტკივნეულია, რადგან აფხაზების უმრაველოსობა აფხაზეთში კი არა, მის გარეთ ცხოვრობს. აფხაზებს დაემსხვრათ ერთ-ერთი იმ ილუზიათაგანი, რომელიც მათ ჰქონდათ, როცა ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ როცა ქართველებს გაასახლებდნენ, მათ ადგილზე მუჰაჯირების შთამომავლები ჩასახლდებოდნენ. ეს არ მოხდა და საეჭვოა, რომ მათ ეს შეძლონ. ჯერ ერთი, ძნელია წარმოიდგინო, რომ 200 წლის შემდეგ სხვა სოციალურ პირობებში მყოფი აფხაზი კვლავ დაუბრუნდეს ამ კუთხეს. მეორეს მხრივ, ამას ხელს შეუშლის რუსეთი. ამას აფხაზები ხედავენ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მათ უჭირთ იმ რეალობიდან გამოსვლა, რომელშიც აღმოჩნდნენ, უჭირთ პერსპექტივის დანახვაც კი – თუ საითკენ უნდა განვითარდეს აფხაზეთი მომავალში და როგორ უნდა დააღწიონ თავი რუსეთის გავლენას.

მასალების გადაბეჭდვის წესი