პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე წერს, რომ გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი გიგი კალანდაძე, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, დეკემბერში დააკავეს გერმანიაში.
დაკავების შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გეგმავდნენ მიემართათ გერმანიისთვის კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით.
პროკურატურა გიგი კალანდაძის გერმანიიდან ექსტრადიციას მოითხოვს
გიგი კალანდაძე პირველად საქართველოში დააკავეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 7 ნოემბერს. მას სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
სასამართლომ გიგი კალანდაძე გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კალანდაძეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.
2015 წელს კი მთავარმა პროკურატურამ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. თუმცა ამ დროისთვის გიგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა.