საზოგადოება

გენერალი გიგი კალანდაძე ბერლინში დააკავეს — სააკაშვილი

19 დეკემბერი, 2021 • 5482
გენერალი გიგი კალანდაძე ბერლინში დააკავეს — სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს.

„ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი ინფორმაციით, კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

„სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“ — აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კალანდაძის დაკავებაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

გიგი კალანდაძე პირველად საქართველოში დააკავეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 7 ნოემბერს. მას სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

სასამართლომ გიგი კალანდაძე გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც ის გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კალანდაძეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

2015 წელს კი, მთავარმა პროკურატურამ  წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. თუმცა ამ დროისთვის გიგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი