ახალი ამბები

გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო

20 დეკემბერი, 2021 •
გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო

გერმანიაში დაკავებული უკრაინის მოქალაქე ქართველი გენერალის, გიგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიაში უკრაინის საელჩო კალანდაძის დაკავების შესახებ ინფორმირებულია. ამასთან, უკრაინის საკონსულოს გერმანელ სამართალდამცავებთან უკვე აქვს კომუნიკაცია დაკავების მიზეზების გასარკვევად და კალანდაძისთვის შესაბამისი დახმარების გასაწევად. გამოცემის ინფორმაციით, კალანდაძის ინტერესების დაცვაში მისი ადვოკატიც ჩაერთო.

კალანდაძემ უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო.

საქართველოს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გენერალი გიგი კალანდაძე მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ბერლინის აეროპორტში გერმანულმა მხარემ დააკავა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, იგი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო ძებნილი.

უწყების ინფორმაციით კალანდაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა გერმანიიდან მის ექსტრადიციას მოითხოვს.

გიგი კალანდაძე პირველად საქართველოში დააკავეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 7 ნოემბერს. მას სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.სასამართლომ გიგი კალანდაძე გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კალანდაძეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

2015 წელს კი მთავარმა პროკურატურამ  წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. თუმცა ამ დროისთვის გიგი კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი