კომენტარი

დარია ნავალნაიას სიტყვა ევროპარლამენტში „პრაგმატიზმის“ წინააღმდეგ

16 დეკემბერი, 2021 •
დარია ნავალნაიას სიტყვა ევროპარლამენტში „პრაგმატიზმის“ წინააღმდეგ

20 ოქტომბერს ევროპარლამენტმა რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭა.

ნავალნი ამჟამად დაპატიმრებულია. ჯილდო მისი სახელით შვილმა, დარია ნავალნაიამ მიიღო, რომელიც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მთავარი აქცენტი მან ევროპელი პოლიტიკოსების „პრაგმატიზმზე“ გააკეთა. დეპუტატები მის გამოსვლას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

„ნეტგაზეთი“ დარია ნავალნაიას სიტყვის თარგმანს გთავაზობთ:

„დიდი მადლობა! გამოსვლის დაწყებამდე მსურს აღვნიშნო, რომ განუზომლად მადლობელი ვარ აქ ყოფნით და მამაჩემისთვის მინიჭებული ჯილდოს მიღებით. ამავე დროს, აბსოლუტურად შეშინებული ვარ. ჩემთვის აქ, თქვენ წინაშე დგომა დიდი პატივია. როგორც უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტი, რომელიც ვერ ერკვევა პოლიტიკაში, ძალიან მეშინია და ვღელავ, არაფერი გავაფუჭო.

როცა გავიგე, რომ მამაჩემს, ალექსეი ნავალნის, სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭეს, ძალიან გამიხარდა ორი მიზეზით. პირველი: ეს უდიდესი პატივია, მისი დამსახურებების აღიარებაა და მისი კოლეგების მიერ გაწეული სამუშაოს მაღალი შეფასებაა. რაც მთავარია, ეს არის სიგნალი ათეულობით მილიონი ადამიანისთვის ჩემს ქვეყანაში, მათთვის, ვინც აგრძელებს ბრძოლას რუსეთის უკეთესი მომავლისთვის.

დავასახელებ მეორე მიზეზს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოტა გულწრფელი და უხერხულია. მამაჩემმა ევროპარლამენტის ჯილდო დაიმსახურა. როგორც იცით, მის ასაღებად მოსვლა და სიტყვით გამოსვლაა საჭირო. სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზებით, ის დღეს აქ ვერ იქნება. მაშინ ვიფიქრე – ალბათ, ვიღაცამ სწრაფად უნდა იყიდოს სტრასბურგის ბილეთი და გამოიყენოს შესაძლებლობა, თავად ნახოს ეს აღსანიშნავი ადგილი.

რაღაც დროში გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს შეიძლება კოშმარად იქცეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის – გამგზავრება სხვადასხვა კონფერენციასა და სამიტებზე, გამოსვლები მამის სახელით, სავარაუდოდ, რაღაც პრემიების მიღება. სანამ მე ამ კონფერენციებზე დავდივარ და სიტყვებს ვწერ, ის ციხეშია. მე გავაგრძელებ მოგზაურობას, წავიკითხავ ახალ ამბებს იმაზე, თუ რა საშინელ პირობებშია მამაჩემი და ამას ვერაფერს მოვუხერხებ. მე ვმოგზაურობ და გამოვდივარ სიტყვით, ის კი პატიმრობაშია.

ეს არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის ეხება. სად არიან ბელარუსელი ოპოზიციონერები – წინა წლის ლაურეატები? ძირითადად ციხეში. სად არის მშვიდობის დარგში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო? ის ციხეში გარდაიცვალა. დღეს საკუთარ თავს ვეკითხები: რატომაა ასე რთული დაიხსნა ტყვეობიდან ისინი, ვინც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან? რატომაა, რომ XXI საუკუნეში მათ აპატიმრებენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ქვეყნებში, რომლებიც გეოგრაფიულად ევროპაში მდებარეობენ.

ევროპა დიდებული და ყოვლისშემძლეა. ევროპის მოსახლეობის ნება ევროპარლამენტის წევრების რეზოლუციებით გამოიხატება. ეს მკაფიო, სწორი და სამართლიანი რეზოლუციებია, რომლებსაც მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფო, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მთელი თავისუფალი სამყარო. მაგრამ არიან ისინი, ვინც მამაჩემივით ციხეში რჩება და თვალს ადევნებს, როგორ აპატიმრებენ სულ უფრო და უფრო მეტ მხარდამჭერს.

იცით, ეს არაერთხელ მომისმენია და, ალბათ, ცერემონიის შემდეგ აქაურ დერეფნებშიც მოვისმენ. „იცი, დაშა, — მეტყვიან მე, – მესმის, რას გრძნობ, რადგანაც ეს შენს ოჯახს და ახლობლებს ეხება. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ“. მეც თავს დავხრი და ვუპასუხებ: „დიახ, რა თქმა უნდა“. კიდევ რისი თქმა შემიძლია? მე მხოლოდ 20 წლის სტუდენტი ვარ და ვერ ვგრძნობ თავდაჯერებულობას გამოცდილ პრაგმატიკოსებთან დავაში.

თუმცა დღეს გამოვიყენებ შესაძლებლობას – მაქვს მიკროფონი, მას არავინ წამართმევს. არ მომიწევს პირადად დავა და არ ვიგრძნობ თავს უზრდელად. მსურს, ამ პრაგმატიზმის წინააღმდეგ გამოვიდე.

ეს სახაროვის პრემიაა, ანდრეი სახაროვი კი ,ალბათ, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე არაპრაგმატული ადამიანი იყო. არ მესმის, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, ვინც დიქტატორებთან პრაგმატულ ურთიერთობებს უჭერს მხარს, ისტორიის სახელმძღვანელო გადაშალონ. ეს ძალიან პრაგმატული ნაბიჯი იქნება. ამ ნაბიჯის გადადგმით მარტივი იქნება გარდაუვალი პოლიტიკური კანონის გაცნობიერება: დიქტატორთა და ტირანთა დაშოშმინება არასდროს არ მუშაობს.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი შეეცდება, მოიტყუოს თავი იმ იმედით, რომ მორიგი ბოროტმოქმედი, რომელიც ძალაუფლებას ეჭიდება, დათმობების და ლაქუცის სანაცვლოდ წესიერად მოიქცევა. ეს არასდროს მოხდება. ავტორიტარული ძალა, როგორც ასეთი, აგრესიის მუდმივ ზრდას და ახალი მტრების ძებნას გულისხმობს.

მათ, ვინც ერთხელ თქვეს: „მოდით, ნუ მოვახდენთ ზეწოლას ლუკაშენკოზე“ და განაგრძეს მასთან დიალოგი მაშინ, როცა ის ხალხს სცემდა და აპატიმრებდა, მიაღწიეს მხოლოდ იმას, რომ ვიღაცის დასაპატიმრებლად იგი სამგზავრო თვითმფრინავს სვამს.

სხვა რამ, რისი გაკეთებაც რაღაც მიზეზებით პრაგმატიკოსებს არ სურთ და რაც მათ უბიძგებს გაიხსენონ შესაძლო ხარჯებსა და ეკონომიკურ დანაკარგებზე, მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროა კალკულატორის აღება და დათვლა, რა უჯდება ევროპელ გადასახადის გადამხდელს მათი პრაგმატიზმი.

პუტინთან ლაქუცის წლებმა მას აჩვენა, რომ რეიტინგის გასაზრდელად არაა საჭირო ომის დაწყება. რა დაუჯდება ევროპას ომი უკრაინასთან? ახლაც კი, მიუხედავად ინფორმაციისა, რომ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან არიან, ამაზე არავინ საუბრობს. ვერანაირი პრაგმატული ვაჭრობა და თანამშრომლობა ვერ აღადგენს პირდაპირ დანაკარგს, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის ფასზე, რომელიც თქვენნაირმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა დახარჯეს [უკრაინა-რუსეთის] პრობლემის მოგვარებაზე საკუთარი ქვეყნის პრობლემების მოგვარების ნაცვლად.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი პირდაპირ კრემლთან მოკლეს. პრაგმატიკოსებმა თქვეს: „არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. შემოვიფარგლოთ მკაცრი განცხადებებით და განვაგრძოთ დიალოგი“. შემდეგ კლავენ მეორეს, მესამეს, მეოთხე ბერლინის ცენტრში მოკლეს, მეხუთე — გაერთიანებულ სამეფოში. შემდეგ აფეთქებენ საწყობებს, იწყებენ მკვლელობას ქიმიური იარაღით. ჩვენ ვიცით მხოლოდ მკვლელობის წარუმატებელ მცდელობებზე. რამდენი გამოდგა წარმატებული?

ახლა ვიცით, რომ პუტინის სპეცსამსახურებში შეიქმნა ნამდვილი ტერორისტების ჯგუფი, რომელიც ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოს და სამართლის გარეშე კლავს. ისინი ახლოს იყვნენ დედაჩემის მკვლელობასთან, თითქმის მოკლეს მამაჩემი. ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ხვალ ევროპელი პოლიტიკოსები კარის სახელურთან შეხების შემდეგ უცბად არ დავარდებიან. თქვენ ხომ ზრდით ბიუჯეტს პოლიციისთვის და ბევრ ფულს უყოფთ სპეცსამსახურებს. თქვენ ხარჯავთ მილიარდობით დოლარს, რომ გამონახოთ ტოქსიკური ნივთიერებების გამოვლენის ახალი გზები. ეს ყველაფერი პრაგმატიზმის შედეგია.

„ნუ მოახდენთ ზეწოლას! ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და არ გავაბრაზოთ“, – ამბობენ პრაგმატიკოსები. ხვალ დიქტატორებს, შთაგონებულებს დასავლეთის ნახევარზომებით, მოჰყავთ ათასობით ადამიანი ევროკავშირის საზღვართან; ისინი აძალებენ ქალებს და ბავშვებს, შტურმით წავიდნენ სასაზღვრო ბარიკადებზე და საიდუმლოდ აქვთ იმედი, რომ ვიღაცას ესვრიან ან გადაუვლიან. დაე, გვიპასუხონ პრაგმატიკოსებმა, რამდენი დაუჯდება ეს პოლონეთს, ლიეტუვას ან მთელ ევროკავშირს?

პრაგმატიკოსები მეტყვიან: „რა გინდა? ეს სუვერენული სახელმწიფოებია, მათ თავიანთი მთავრობა ჰყავთ. ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. გვთავაზობ ბირთვული ომის დაწყებას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად?“  რა თქმა უნდა, ომის დაწყებას არ გთავაზობთ. თუმცა აღვნიშნავ, რომ ის უკვე დაიწყო და მას რეალური მსხვერპლი ჰყავს. მასში გამოიყენება კიბერ და ქიმიური იარაღი.

ის ფაქტი, რომ ევროპული ბანკები პუტინის და მისი მეგობრების მილიარდებს ათეთრებენ, რომ პუტინის ოლიგარქების იახტები სენსაციას ახდენენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომ რუსეთის და ბელარუსის უმაღლესი თანამდებობის პირების 99% პირდაპირაა დაკავშირებული დანაშაულებთან, მაგრამ თავისუფლად შეუძლიათ ევროპაში იმგზავრონ, მიუთითებს, რომ ბევრი მათგანი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ამ დაპირისპირებაში პატარა ბრძოლების მოგებასაც არ ცდილობს.

ვფიქრობ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დიქტატორებისთვის მიმართვის, მათი არგაბრაზების და მაქსიმალურად დიდხანს მათი დანაშაულების იგნორირება არ არის პრაგმატული მიდგომა. დროა პირდაპირ ითქვას: პრაგმატიზმის უკან იმალება ცინიზმი, პირფერობა და კორუფცია. იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის მუდმივი ომი მიმდინარეობს. ევროპულ პოლიტიკაში სასტიკი ბრძოლებია გაჩაღებული. თუმცა არჩევანი პრაგმატიზმის სასარგებლოდ არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი იდეების ღალატს.

როცა მამას მივწერე და ვკითხე, რა უნდოდა რომ თქვენ წინაშე გამოსვლისას მეთქვა, მიპასუხა: „თქვი, რომ არავინ უნდა დასვას ტოლობის ნიშანი რუსეთსა და პუტინის რეჟიმს შორის. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვიბრძვით, რომ მართლაც გავხდეთ მისი ნაწილი. მაგრამ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს საკუთარი თავისთვის, იმ ბრწყინვალე პრინციპებისთვის, რომელიც მის საფუძველში დევს. ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, რომელიც განასახიერებს ადამიანის უფლებების ზეიმის იდეას, დემოკრატიას და ერთობას. არ გვსურს ისეთი კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც ოცნებობენ, მიიღონ სამსახური პუტინის სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოში, ან გაისეირნონ ოლიგარქების იახტებზე“.

დღეს ამ სცენაზე ვიღებ ამ აღსანიშნავ ჯილდოს მამაჩემის, ალექსეი ნავალნის ნაცვლად, გიხდით მადლობას თქვენ და თქვენი სახით მივესალმები იდეების და პრინციპების ევროპას. ევროკავშირი გასაოცარი სასწაულია, შექმნილი ერების მიერ, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ერთმანეთთან ომობდნენ. მიუხედავად ყველა სირთულისა და პრობლემისა, ევროკავშირი განაგრძობს არსებობას. მჯერა, რომ მომავალში ჩემი ქვეყანაც გახდება მისი ნაწილი.

დასკვნით ნაწილში მოვიყვან ჩემი დიდი თანამემამულის სიტყვებს, რომლის სახელსაც ეს ჯილდო ატარებს. „რაღაც მხრივ ჩემი ბედი გამონაკლისი იყო. არა ცრუ თავმდაბლობის, არამედ სიზუსტის სურვილით შევნიშნავ, რომ ჩემი ბედი ჩემს პიროვნებაზე მასშტაბური აღმოჩნდა. მე ვცდილობდი საკუთარი ბედის დონეზე ვყოფილიყავი“. იმედი მაქვს, რომ გვეყოფა ძალები, საკუთარი ბედის დონეზე ვიყოთ.

თავისუფლება ალექსეი ნავალნის!“.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი