კინოკომენტარი

პატარა ანიესი დიდი გულით – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის რეტროსპექტივა

2 დეკემბერი, 2021 • 1599
პატარა ანიესი დიდი გულით – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის რეტროსპექტივა

ავტორი: თეო ხატიაშვილი, კინოკრიტიკოსი


მომავალი ერთი კვირა კოვიდ-პანდემიის დეპრესიულობასა თუ ცხელი პოლიტიკური „სეზონის“ სტრესულ გარემოში მყოფი კინომოყვარულებისთვის საუკეთესო თავშესაფარი იქნება – თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი შარშანდელი ონლაინ-ჩვენების შემდეგ მათ კვლავ კინოდარბაზებში ეპატიჟება. წლევანდელ კონკურსში მხოლოდ ქართული ფილმები მონაწილეობს (რომელთა შესახებ ჩემს მოსაზრებებს ისევ „ნეტგაზეთის“ საშუალებით შემოგთავაზებთ). ტრადიციულად, მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს სხვადასხვა ფესტივალზე დაჯილდოებული, წლის საუკეთესო ფილმების ნაწილიც. როგორც წესი, ნამდვილ სინეფილებს  ახალი ფილმების ყურებაზე არანაკლებ საზეიმო განწყობას უქმნის რეტროსპექტივები. მით უმეტეს, როცა რეტროსპექტივა ეძღვნება ანიეს ვარდას – გამოსახულების მუდმივი დღესასწაულისა და ღრმა (თან ძალიან „გამჭვირვალე“ თავისი სისადავით) ადამიანური მგრძნობელობის შემქმნელის – შემოქმედებას.

„ფრანგული ახალი ტალღის ბებიად“ მონათლული ვარდა, რომლის პირველი მხატვრული ფილმი „პოინტ კურტი“ (1954) „400 დარტყმაზე“, „ჰიროშიმასა…“ და „ლამაზ სერჟზე“ რამდენიმე წლით ადრე გამოვიდა, მაგრამ, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე ისტორიაში, „ქალის დავიწყების კულტურამ“ ამ შემთხვევაშიც „ბიჭების გუნდს“ (ტრიუფო, შაბროლი, რენე, გოდარი) მიაწერა პირველობა, კინოში, „კაიეს ჯგუფისგან“ განსხვავებით, არა სინემატეკიდან, არამედ ფოტოგრაფიიდან მივიდა. ამ უკანასკნელის კვალი ვარდას კინოშიც მუდმივად იგრძნობა, არა მხოლოდ მისი სტილისთვის დამახასიათებელი მოძრავ გამოსახულებაში “გაჩერებული”, სტატიკური იმიჯების ჩართვით, არამედ რეალობაზე, გარემოზე, (უჩინარ) დეტალებსა თუ ადამიანებზე დაკვირვებისა და დანახვის საოცარი უნარით, რაც მისთვის, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და დამწყები ფოტოგრაფისთვის, ურჩევია ბრასაის: „იმისთვის რომ დრო დაზოგო, უყურე საგნებს, დაკვირვებით უყურე“.

სწორედ ამ პერიოდს უბრუნდება ვარდა რეტროსპექტივის ერთ-ერთ ყველაზე ამღელვებელ დოკუმენტურ ფილმში „ულისი“, რომელიც ფილმამდე დაახლოებით 30 წლით ადრე გადაღებულ ფოტოზე ასახული ბიჭის სახელია. ზღვის პირას შიშველ კაცთან და მკვდარ თხასთან ერთად აღბეჭდილი ულისის იმიჯი ხდება ვარდასთვის ფოტოგრაფიის აუთენტურობაზე, დროის მსვლელობასა და მეხსიერების სიმყიფეზე განსჯის საშუალება. ანიეს ვარდა თავისი ესეისტური ფილმებით, ალბათ, ყველაზე ახლოს მივიდა ასტრუკისეული კამერა-კალმის იდეასთან. ის მართლაც „წერს“/აღწერს თავისი მოქნილი კამერით ყოველდღიურ პარიზსა და საფრანგეთის რეგიონებს, პარიზელებსა და პროვინციებში მცხოვრებელ ადამიანებს, ავტორისეული ფიქრებით, სილაღით, სევდითა და იუმორით, მაშინაც კი, როცა შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდულია. ასე გადაიღო ამაღელვებელი „დაგეროტიპები“ – დაგერის ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა და ზრდიდა ორიოდე წლის ვაჟიშვილს, რომლის დიდხანს დატოვება არ შეეძლო. ამიტომ იქვე ახლომახლო, სამეზობლოში იღებს მაღაზიის მფლობელებსა თუ მომხმარებლებს, მარტივი სამი კითხვით: „საიდან მოხვედით?“, „როდის მოხვედით?“, „რატომ მოხვედით?“. კადრების სტატიკურ, ძველი ფოტოებისთვის დამახასიათებელ კომპოზიციაში მოქცევით ვარდა, ფაქტობრივად, აცოცხლებს ერთ-ერთ პირველ ფოტოგრაფ ლუი დაგერს (რომლის სახელსაც ატრებს ქუჩა), მისი ფოტოების – დაგეროტიპების ესთეტიკას, რომელზეც გამოსახულნი არიან ამჯერად ვარდას თანამედროვე, მისი ფილმის თუ დაგერის ქუჩის „ტიპები“/ტიპაჟები.

რეტროსპექტივის ფარგლებში შეგიძლიათ, ნახოთ ვარდას, ჩემი აზრით, ნაკლებად დაფასებული ფილმიც „ბედნიერება“, რომელიც ეკრანებზე გამოსვლის  მერე ფემინისტების ნაწილმაც გააკრიტიკა „არასაკმარისად ფემინისტურობის“ გამო. ფემინისტური მღელვარების პერიოდში ცოტა დამაბნეველი იყო, რას გულისხმობდა ვარდა ბედნიერებაში, ოჯახს? თუ კიდევ რაღაც სხვას? თუ შესაძლოა ვიღაცისთვის სწორედ ოჯახურ სიმყუდროვეში იყოს ბედნიერება? თითქოს ძალიან მარტივი, მასში გაჟღერებული მოცარტის მუსიკასავით გამჭვირვალე კინო სინამდვილეში ძალიან ორაზროვანია: ფილმის ხაზგასმულ პასტორალურობაში იმალება ირონია და სატირაც კი სოციალურ წესრიგზე, ოჯახურ იდილიაზე, ან უფრო სწორად – ამ იდილიის შეუძლებლობაზე, რაც იკითხება რბილი განათებით, ხან თბილი იმპრესიონისტული, ხან კი მკვეთრი მაჟორული ფერებით შექმნილ გამოსახულებასა და სევდიან ისტორიას შორის კონტრასტში. ფინალში თითქოს ახალი იდილიური ოჯახი ტყეში პიკნიკს აწყობს. ფრანსუა ბავშვებთან ერთად ტოვებს ემილის – ხელს არ შეგიშლი ბავშვებთან დაახლოებაშიო – ეუბნება, თვითონ კი განმარტოვდება და სასეირნოდ მიდის. მთელ მომდევნო ეპიზოდებშიც ემილი ბავშვებთან არის: აჭმევს, სკოლიდან გამოჰყავს, ურეცხავს, უუთოებს… ის ფრანსუას დაღუპული ცოლისგან, ტერეზასგან „მემკვიდრეობით იღებს“ შემოსაზღვრულ სოციალურ როლს – ცოლობას, ფრანსუა კი მათგან განცალკევებით არის, დამოუკიდებელი ცხოვრებითა და ბედნიერი მოსიყვარულე ოჯახით. თითქოს არაფერი შეცვლილა და არაფერს დაუჩრდილავს ეს ბედნიერება, მხოლოდ მცირე ნიუანსებით მიგვანიშნებს ვარდა ამ იდილიის უკან დამალულ სევდაზე: ტყე ამჯერად ადრეული შემოდგომის ოდნავ გახუნებულ ფერებშია გადაღებული და არა ხასხასა ყვითელი მზესუმზირის, როგორც იწყება ფილმი. მოცარტის მუსიკაც უფრო გვიანდელი პერიოდისაა და უფრო ამაფორიაქებელი.

კიდევ უფრო „აგრესიულად“ შემოდის მუსიკა რეტროსპექტივის მორიგ ფილმში, ფერადოვან პოპ-მიუზიკლში „ზოგი მღერის, ზოგი – ვერა“, აბორტის ლეგალიზაციის მწვავე თემასთან ერთად, რომელიც ჰიპებისა და 1960-70-იანი წლების შეშლილი მეამბოხეობის სულისკვეთებით არის სავსე. ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე იქმნება „მანიფესტი-343“, 343 ქალის ხელმოწერით, რომლებიც მიმართავდნენ ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მინისტრს აბორტის ლეგალიზაციაზე. ვარდაც ხელმომწერებს შორის არის, მანიფესტის ავტორი კი სიმონა დე ბოვუარია, რომელიც ტექსტს ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იწყებს: „ყოველწლიურად მილიონ ქალს უწევს საფრანგეთში აბორტის გაკეთება. იძულებითი გასაიდუმლოების გამო, ისინი ამას აკეთებენ სახიფათო პირობებში, მაშინ, როცა სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ეს არის ერთ-ერთი უმარტივესი პროცედურა. საზოგადოება დუმს ამ მილიონობით ქალზე. მე ვაცხადებ, რომ მეც ვარ მათ შორის. მე ვაცხადებ, რომ გამიკეთებია აბორტი. ისევე ვითხოვთ თავისუფალ წვდომას კონტრაცეფციაზე, როგორც ვითხოვთ აბორტის თავისუფლებას“.

თუმცა ამ მწვავე პრობლემას ვარდა სრულიად კონტრასტულ ფორმას, ფერადოვან კიჩურ  გამოსახულებასა და მხიარულ, იუმორით სავსე ნარატივს მოუძებნის, რაც მთლიანობაში წარმოადგენს თავისუფლების, ქალის სხეულის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ არტისტულ მანიფესტს.

რეჟისორი, რომლის შემოქმედების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა გულის ფორმის კარტოფილი, რომელიც სტანდარტიზაციაზე დამყარებული მომხმარებლური  საზოგადოების პირობებში ავტომატურად ნაგავში ხვდება („შემგროვებლები და მე“),  თავის ბოლო ინტერვიუში კითხვაზე – როგორი გინდათ, რომ დაამახსოვრდეთ? – პასუხობს:

  • მინდა, დავამახსოვრდე, როგორც რეჟისორი, რომელიც ერთობოდა/გემოს ატანდა ცხოვრებას, მათ შორის, ტკივილსაც. ისეთი საშინელია სამყარო, მაგრამ მე მივყვები იდეას, რომ ყოველი დღე უნდა იყოს საინტერესო. ის, რაც ხდება ჩემს ყოველდღიურობაში – მუშაობა, ადამიანებთან შეხვედრა, მოსმენა – მიდასტურებს, რომ ღირს ცხოვრება.

მთავარი ფოტო:  კადრი ვარდას ფილმიდან “ვიღაც მღერის, ვიღაც -არა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი