კომენტარი

ლევან ბერძენიშვილი უკრაიანის და არჩევნების შესახებ

10 თებერვალი, 2010 • 2782
ლევან ბერძენიშვილი უკრაიანის და არჩევნების შესახებ

ბატონო ლევან, თქვენი აზრით, უკრაინის სათავეში იანუკოვიჩის მოსვლით საქართველოსთვის რა შეიცვლება?

მე შორს ვარ იმ წარმოდგენისგან, რომ ერთ პიროვნებას შეუძლია შეცვალოს ნაციონალური ინტერესები. დიდი განსხავება ამ ორ კანდიდატს შორის, საქართველოსთან მიმართებაში არ ყოფილა და  ვერ იქნება. ის რომ ერთ-ერთი მათგანი უფრო ახლოსაა პრეზიდენტ სააკაშვილთან და მეორე _ ნაკლებად, არ უნდა იყოს ფაქტორი, რადგან სააკაშვილიც და იანუკოვიჩიც დროებითი ფიგურები არიან, ხოლო უკრაინას და საქართველოს აქვთ საერთო ინტერესები. ამას იანუკოვიჩიც მიხვდება. სხვათა შორის, ტიმოშენკოც შეეკრა რუსეთს, როცა იყო გაზთან დაკავშირებული პრობლემები. ასე რომ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

უკრაინა იყო საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი იარაღის მოწოდების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ამ თანამშრომლობის გაგრძელება?

ეს არ არის ის საკითხი, რაზეც მე შეიძლება მქონდეს პასუხი. თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე: უკრაინა, სaქართველოსგან განსხვავებით, ხელისუფლების განაწილების კლასიკური მოდელის ქვეყანაა, სტრუქტურული თვალსაზრისით; გაცილებით უფრო დემოკრატიული, ვიდრე _ საქართველო. იანუკოვიჩის მოსვლით საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუარესდება. გივი თარგამაძეს, რა თქმა უნდა, არ გაუხარდება ეს ამბავი, რადგან მისი ბიზნესი აშკარად საფრთხის ქვეშ იქნება, თუ ის არ არის კანონიერი.

იანუკოვიჩმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ რეგიონების აღიარებას.

როგორც ქვეყნის მეთაური, სანამ ასეთ რამეს დააპირებს, ძალიან ღრმად დაფიქრდება. საერთოდ, ამ საკითხს წყვეტს პარლამენტი, ხოლო პარლამენტში ახლა იანუკოვიჩს არ ჰყავს უმრავლესობა. მას ან მოუწევს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ან პარლამენტში ხალხის გადაბირება, რაც არც ისე იოლია. ამიტომ გამორიცხულია, რომ იანუკოვიჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართოს ამ პარლამენტს.

ეს საფრთხე, ზოგადად, არსებობს, მაგრამ არამგონია, ეს იანუკოვიჩთან იყოს დაკავშირებული. სხვათა შორის, თუ ისე გავაგრძელებდით, როგორც ვიქცეოდით არჩევნების პირველ ტურში, ეს უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ გამარჯვებულს. მადლობა ღმერთს, მეორე ტურში ვიღაცას ეყო გონიერება, რომ სამი ათასი დამკვირვებლიდან 2500 ქართველი არ აღმოჩნდა. ეს არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვეგეგმა ჩვენი პოლიტიკა იმის მიხედვით, რაც მოხდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, დაუშვა შეცდომა, როდესაც ერთ-ერთ კანდიდატს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღუთქვა.

იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მან არ იცის, რა გაერთიანებაა სუამი (ამ კავშირში გაერთიანებულნი არიან მოლდავეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, პოლონეთი, უკრაინა, ტაჯიკეთი). პოლიტიკურად ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

ამ გაერთიანებაში არის უკრაინა და იანუკოვიჩი აუცილებლად გაიგებს გაერთიანების შესახებ, ამას მას უკრაინის პარლამენტში ეტყვიან. შეიძლება მან ნატოც არ იცის რა არის, მაგრამ გაიგებს აუცილებლად. ის, რომ პერსონალურად იანუკოვიჩს ბევრი რამ ეშლება, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა დაიქცევა.

 ხომ არ შექმნის ეს პრობლემას გაზაფხულის თვითმმართველობის არჩევნების დროს. მითუმეტეს, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები უკვე ოფიციალურ მემორანდუმებს აწერენ ხელს რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობაზე?

 პარტიებს შორის მემორანდუმები ბევრს არაფერს შეცვლის. ეს არის მათი არჩევანი და არა _ ღალატი. მე მგონია, ქვეყანაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე ყველაა, მაგრამ არა იმ ფასად, რა ფასადაც ამას გვთავაზობენ. რა გავლენებს იქონიებს უკრაინა საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე, ეს სულ მალე გამოჩნდენდება.

ხშირად საუბრობენ, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის გმირებმა ქვეყანას სტაბილური გარემო ვერ შეუქმნეს. ამ შემთხვევაში კეთდება აქცენტები იუშენკოს ლოიალურ დამოკიდებულებებზე. რას ფიქრობთ იუშენკოზე, როგორც პოლიტიკოსზე?

 იუშენკო კარგი კაცი რომ იყო, ამას ნუ ჩავუთვლით ბოროტებად. ის არის დემოკრატი და არ დაარღვია კანონი, მან არ ისარგებლა პრეზიდენტობით, არ გადაუგრიხა ხელი ყველას და არ გააყვანინა თავისი კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი