კომენტარი

მოსამართლეებში ამ მასშტაბის საჯარო უთანხმოების პირველი შემთხვევაა — ვერძეული

5 ნოემბერი, 2021 • 2866
მოსამართლეებში ამ მასშტაბის საჯარო უთანხმოების პირველი შემთხვევაა — ვერძეული

იურისტი სოფო ვერძეული სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და კრიტიკულად განყწობილ მოსამართლეებს რიგგარეშე კონფერენციის მოწვევის ინიცირებისკენ მოუწოდებს.

“ბოლო ორი დღეა სასამართლოში საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. მოსამართლეთა ნაწილი საჯაროდ ემიჯნება მათივე კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსს. ასეთი მოსამართლეების არცთუ დიდი რიცხვის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ეს ამ მასშტაბის (საჯარო) უთანხმოების პირველი შემთხვევაა. ვინც სასამართლოში არსებული კონტექსტი და წარსული იცის, მათთვის გასაგებია, რამდენად დასაფასებელია მოსამართლეთა საჯარო პროტესტი”, — აცხადებს ვერძეული.

მისი აზრით, ამ ვითარებაში მიზანშეწონილი იქნება, მოსამართლეებმა დაიწყონ თვითორგანიზება და მოითხოვონ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა, რაც მათი კითხვების და უკმაყოფილების გახმიანების პლატფორმა შეიძლება გახდეს.

მიუხედავად ამ მოვლენის მნიშვნელობისა, სოფო ვერძეულის აზრით, ჯერჯერობით საჭიროა პროცესებზე დაკვირვება და შეფასებებში სიფრთხილე. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ საელჩოების განცხადებებს უპასუხა არა მოსამართლეთა კონფერენციამ ან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, არამედ ადმინისტრაციულმა კომიტეტმა, რომელიც არსებითად არის მხოლოდ საორგანიზაციო ფუნქციის მქონე ორგანო.

“ეს გარემოება რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება მიუთითებდეს. პირველი — სასამართლოს მმართველ ორგანოებში აღარ არის თანხმობა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმასა და შინაარსზე (რისი საფუძველიც ნაკლებად გვაქვს). თუმცა ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს სასამართლოს ლიდერშიფის ერთგვარ საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სურვილზე, რომ შიდა დემოკრატიის არსებობა ამ ფორმით გამოხატოს. თუ ეს ასეა, მაშინ არ გამოვრიცხოთ, რომ ეს განცხადება სასამართლოს ლიდერშიფის ნაწილმაც დაგმოს”, — აცხადებს ვერძეული.

სოფო ვერძეული ყურადღებას ამახვილებს, რომ ადმინისტრაციული კომიტეტისგან განსხვავებული პოზიცია მოსამართლეთა საკმაოდ ჭრელმა ჯგუფმა დააფიქსირა, კერძოდ, იმ მოსამართლეებთან ერთად, რომლებიც ტრადიციულად ხმამაღლა საუბრობენ სასამართლოს პრობლემებზე, უკმაყოფილება ასევე გამოხატეს სხვებმაც, რომლებიც სხვადასხვა დროს სასამართლოში ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებდნენ.

“ცხადია, ამ ჯგუფის სიჭრელე თავისთავად პოზიტიურია და თითოეული მოსამართლის გაბედული ნაბიჯი დასაფასებელია. თუმცა, ალბათ, დრო გამოაჩენს, რამდენად ბუნებრივი და თვითდინებას მიყოლილია ეს პროცესი.

ასევე მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ამ მოსამართლეების უკმაყოფილების რეალური მიზეზი. მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციული კომიტეტის შეპასუხება საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მიემართებოდა და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო, თუ ის, რომ ისინი რეალურად იზიარებენ კრიტიკას სასამართლოში არსებული ძირეული პრობელემების და ამ პრობლემის სათავეების მიმართ”, — წერს ვერძეული და იმედოვნებს, რომ სისტემაში კიდევ არის არაერთი მოსამართლე, რომელსაც სასამართლოში არსებულ მანკიერ და მავნებლურ მმართველობის მოდელს ემიჯნება.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას რიგი მოსამართლეები ემიჯნებიან. ისინი პოზიციას ძირითადად ფეისბუკზე, პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებენ.

საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი