„არაჰუმანურია და ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას“ – ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე. ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეფასებისას თქვა, რომ ყველას აქვს სუიციდის უფლება და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არაა.
სწორედ ამ განცხადებას აკრიტიკებს ნეტგაზეთთან საუბრისას ნანუაშვილი და აცხადებს, რომ სწორედაც რომ სახელმწიფოა ვალდებული დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„გარდა იმისა, რომ ეს განცხადება უპირველეს ყოვლისა არაჰუმანურია, ის ასევე ეწინააღმდეგება, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია სუიციდის პრევენციისკენ. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ახორციელებს არაერთ პროგრამას, სახელმწიფო სტრატეგიას, რაზეც ყოველწლიურად გარკვეულ რესურსებს გამოყოფს. მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში. ეს განცხადება არის აცდენილი სახელმწიფოს ამ პოლიტიკას. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას ისიც, რომ არაფერს ეფუძნება – გარდა იმისა, რომ არის გაუგებარი და არაჰუმანური.
მეორე მხრივ, ამ განცხადებამ შეიძლება წაახალისოს მსგავსი შემთხვევები და ეს არის ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად სამწუხარო – როდესაც ხელმძღვანელი პირები, პოლიტიკოსები არ ფიქრობენ იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მათმა განცხადებებმა გამოიწვიონ“, – ამბობს ნეტგაზეთთან ნანუაშვილი.
ის განმარტავს, რომ ყველაფერთან ერთად, ღარიბაშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილისა და კონკრეტული ჯგუფების მიმართ მესიჯიცაა, შესაბამისად, მას პოლიტიკური მდგენელიც აქვს.
„ვფიქრობ, რომ ეს არის დაუფიქრებელი განცხადება, რომელიც არ ეფუძნება და პირიქით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. სახელმწიფოს, პირიქით, ვალდებულება აქვს, დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა – ამის ვალდებულება აქვს აღებული სახელმწიფოს. შესაბამისად, ეს განცხადება აცდენილია როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან, ზოგადად“, – ამატებს ის.
ნანუაშვილი ხაზს უსვამს, რომ 2013 წლიდან სუიციდის პრევენციის არაერთი პროგრამა ამოქმედდა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საერთაშორისო დონორთა დიდი რესურსიც ჩაიდო. ამ პროგრამების ერთ-ერთი მიზანი თავდაცვისა და პენიტენციური სისტემები იყო. ამ უკანასკნელში კი მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სტატისტიკურად სუიციდის შემთხვევები ციხეებში 8-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისტემის გარეთ.
„ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, დაიცვას ნებისმიერი საშუალებით და, რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, მათ შორის ის პროგრამები, რაც ხორციელდება. მათ შორის, თუნდაც, პენიტენციურ დაწესებულებებში მეთვალყურეობის სისტემა თუ სხვა რესურსი“, – ამბობს ის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 29-ე დღეა, რაც შიმშილობს. ის უარს აცხადებს შიმშილობასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებასა და კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.
ამის პარალელურად, ღარიბაშვილმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ არ სჯერა სააკაშვილის შიმშილობის. მათ შორის, თქვა, რომ ის „არის სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე,“.
28 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ღარიბაშვილს ჰკითხეს, მისი აზრით, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა:
“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.
თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად პენიტენციური სამსახურის მიერ.
ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს”, — დასძინა მან.
აღნიშნულის შემდეგ გადაცემის მეორე წამყვანმა ღარიბაშვილს უთხრა:“როცა ადამიანი თავს იზიანებს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს”.
საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს დაეხმარებიან და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება — ღარიბაშვილი