კომენტარი

პოლიტიკური კრიზისიდან კატასროფამდე

3 თებერვალი, 2015 • 1830
პოლიტიკური კრიზისიდან კატასროფამდე

ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა ადეკვატური დასკვნა 2007 წლის შემოდგომის პოლიტიკური მოვლენებისგან, რომელიც ხელისუფლების ქმედებების მიმართ ქართული საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების პირველი სერიოზული მესიჯი იყო.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ, მმართველმა ძალამ კვლავინდებურად განაგრძო საზოგადოებისგან იზოლირების გზა. დეკლარირებული დემოკრატიული რეფორმებისა და ოპოზიციურ სპექტრთან დიალოგის სანაცვლოდ, ქვეყნის მმართველობის უმთავრესი კურსი უცვლელი დარჩა: ერთპიროვნული მმართველობის სტილის კიდევ უფრო განმტკიცება და ოპოზიციურ ძალებთან დიალოგის ფორმის უარყოფა. 

აქედან გამომდინარე,

საქართველოს ხელისუფლებამ, თუ მას რეალურად სურს იპოვოს კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი, პირველ რიგში, უნდა შეძლოს იპოვოს პოლიტიკური ნება თავისი შეცდომის აღიარებისა და გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

მით უფრო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რესურსი კრიზისული სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირებისა. ამისათვის საჭიროა, ხელისუფლებამ საზოგადოებას წარმოუდგინოს კრიზისის დაძლევის სურვილის მეტი რწმუნება. ეს, პირველ რიგში, ოპოზიციურ ძალებთან არა კომპრომატების ენაზე საუბარს, არამედ დიალოგის მაგიდასთან დასხდომას და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ადეკვატური წინადადებების წამოწევას გულისხმობს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას კიდევ უფრო მტკიცედ დაეუფლება განცდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები მიმართულია არა საზოგადოების ნების გაზიარების, არამედ კვლავინდებურად საზოგადოებრივი ნების სრული უგულებელყოფისთვის. ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო დაამძიმებს და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს კიდევ უფრო გაზრდის.  

არსებულ ურთულეს სიტუაციაში დიდ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის როლი: თავის თავზე აიღოს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მედიატორის ფუნქცია.

ბუნებრივია, დასავლეთში შეშფოთებას იწვევს საქართველოში არსებული კრიტიკული სიტუაცია. ამ მხრივ საინტერესოა თბილისში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ ბრაიზასა და ევროდეპუტატის, მათიას იორშის ვიზიტი. აქვე ვიტყვი, რომ მეთიუ ბრაიზას ეს უკვე მეორე ვიზიტი იყო საკმაოდ მოკლე დროში.

ამასთან, თუ მეთიუ ბრაიზას ვიზიტი საქართველოში არსებული კრიტიკული სიტუაციისადმი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ღრმა შეშფოთების გამომხატველი იყო, ევროდეპუტატის _ მათიას იორშის ვიზიტმა უფრო კერძო ინიციატივის შთაბეჭდილება დატოვა.

დასავლეთის ორივე წარმომადგენლის შეხვედრამ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებთან წარუმატებლად ჩაიარა და საზოგადოებისთვის გაკეთებული სრულად  ბანალური განცხადებებით დასრულდა. ბუნებრივია, ამ წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი კრიზისის დაძლევის გზებისადმი ხელისუფლებისა და ოპოზიციის სრულად განსხვავებული ხედვაა. თუმცა, ამავდროულად, როგორც მეთიუ ბრაიზას, ასევე მათიას იორშს, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაში, არ გააჩნიათ შესაბამისი დამაჯერებლობა. ძალიან ბევრისთვის ისინი წარმოადგენენ დასავლეთის მიერ 2007 წლის ნოემბრის კრიზისის მოგვარებისთვის არჩეული იმ მცდარი მიდგომის მთავარ გამტარებლებს, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე იყო გათვლილი და რომელმაც სრული კრახი განიცადა. ამის მთავარი ინდიკატორი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია.

ფაქტია, რომ როგორც აშშ ახალ ადმინისტრაციაში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, კარგად აქვთ გააზრებული ნოემბრის კრიზისის მოგვარების დროს დაშვებული შეცდომები. აქედან გამომდინარე, დასავლეთში არსებობს მკაფიო რწმენა, თავის ხელში არსებული ყველა რესურსით გამოიძებნოს ქვეყანაში არსებული კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის ისეთი გზა, რომელიც 2007 წლის ნოემბრის კრიზისის მოგვარებისას დაშვებული შეცდომების გამეორებას გამორიცხავს. ეს, თავის მხრივ, არა ერთი კონკრეტული ძალის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი