კომენტარი

ხმა ღვთისა და ხმა ერისა

17 მაისი, 2020 • 4848
ხმა ღვთისა და ხმა ერისა

ავტორი: ანა ძიაპშიპა, რეჟისორი/პროდიუსერი

ონლაინ კომუნიკაციაზე გადასული სამყაროს პირობებში, რამდენიმე დღის წინ, მასტერკლასების პროგრამას დავესწარი, სადაც დოკუმენტური კინოს მემონტაჟეები მონტაჟის შინაარსზე და მნიშნელობაზე გვიყვებოდნენ. ერთ-ერთი სესია საარქივო ფილმების მონტაჟის თავისებურებებს მიეძღვნა. ფრანგი მემონტაჟე ქალის, ოდრი მორიონის შესავალი სიტყვა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან უკვე არსებული მასალის აღქმის ახალ შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა. მორიონიმ აღნიშნა, რომ მისთვის არქივი პირველ რიგში დომინანტური, ძირითადად თეთრკანიანი მამაკაცების გადაღებული მასალაა და მასზე მუშაობისას მთავარ აქცენტს ამ გამოსახულების დეკოლონიზაციაზე აკეთებს, ანუ არქივის ყურების ცვლილებაზე. ის კიდევ ერთხელ აღნიშნავდა გავრცელებულ აზრს, რომ არ არსებობს უდანაშაულო არქივი, რადგან ის თითქმის ყოველთვის იდეოლოგიურია.

ამ წერილის მიზანიც ამ აზრის გაგრძელების მცდელობაა სოსო დუმბაძის და ლეა ჰარტლაუბის ფილმის “მზიანი ღამის” მაგალითზე.  ავტორები წერენ: “2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, ილია II თავის 34-წლიან მოღვაწეობის დროს აჯამებს როგორც “მზიან ღამეს”. ინტერნეტში მოპოვებული საარქივო მასალების საშუალებით (Found Footage) შექმნილი ესეი ფილმი “მზიანი ღამე” მოგვითხრობს 1989 წლის დასაწყისიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითარებულ ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს. სხვადასხვა ფორმატის წყაროებისგან შემდგარი მასალები ასახავს ესკალაციას, პროტესტს, ომებსა თუ რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ერთადერთ “ჭეშმარიტ” რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების გადანაწილებას”.

“მზიანი ღამე” ქრონოლოგიურად ყვება საქართველოს უახლოეს ისტორიას. როდესაც რეჟისორს მასალის საავტორო უფლებებზე ვკითხე, მაგალითად გერმანული კანონმდებლობა მომიყვანა, რადგან ფილმი გერმანულ ქართული თანაწარმოებაა. “გერმანული მედიასამართალის მიხედვით, საარქივო მასალების საავტორო უფლებების გათავისება (გასხვისება) შეიძლება ორი სამართლებლივი მუხლით: მასალის “თავისუფალი გამოყენებით” და “ციტატის უფლებით””, ეს განმარტება შინაარსობრივადაც საინტერესოდ მეჩვენა, რადგან არქივი ვერ დარჩება მხოლოდ დოკუმენტად, რადგან დღეს მისი სწორედ არაიდეოლოგიური, თავისუფალი გამოყენება მგონია ყველაზე აუცილებელი.

კადრი ფილმიდან „მზიანი ღამე“ (2017), რეჟ. სოსო დუმბაძე და ლეა ჰარტლაუბი

ყველაზე თვალშისაცემი “მზიანი ღამის” ავტორების მიერ გადააზრებულ არქივში არჩევანის გაკეთების შეუძლებლობაა, თითქოს ომებით და მიტინგებით დატვირთული ქვეყნის ისტორიას რაიმე სხვა არჩევანის საშუალება არასოდეს ქონია.  ანუ აქ ერთი შეხედვით ზუსტად იმას ვუყურებთ, რაც იყო და არანაირი ორჭოფობისთვის თუ როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად, ადგილი არ რჩება. გამოსახულება თითქოს მჭიდრო და გაქვავებულია, რომელიც “სხვანაირად მოქცევაზე” ფიქრის საშუალებას არ გვიტოვებს, კადრგარეშე ტექსტი კი თითქოს ერთადერთი გზაა, რომელსაც საერო და საეკლესიო ხელისუფლების თანაარსებობით გამოწვეულ კატასტროფამდე – 2013 წლის 17 მაისამდე მივყავართ. ჩემი აზრით, ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ წყალგამყოფამდე, რომლის იქით ზუსტად ის უნდა ყოფილიყო, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება და ამაზე პასუხისმგებელი ზუსტად ის გადაუაზრებელი წარსულია, რაც ამ საათ-ნახევრიან ფილმში განსაკუთრებული სიმკვეთრით ჩანს და ისმის.

გამოსახულების გარდა ფილმში მნიშვნელოვანია ხმა. ავტორისეული კადრგარეშე ტექსტი ისტორიას ქრონოლოგიურად ყვება მაშინ, როდესაც არქივის ორიგინალური და დიქტორების გამიზნულად დატოვებული ხმა ახალ განზომილებას იძლევა. ეს ხმები და ტექსტები ვიღაცისთვის შეიძლება ინფორმაციულიც იყოს, მაგრამ ჩვენთვის, საშუალებაა კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღის გადმოსახედიდან ვიფიქროთ იდეოლოგიურად ძლიერ, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ მედია ხმაზე.

კადრი ფილმიდან „მზიანი ღამე“ (2017), რეჟ. სოსო დუმბაძე და ლეა ჰარტლაუბი

სწორედ ამ ხმის არსებობა აძლევს არქივს და შესაბამისად უახლეს ისტორიას დამატებით ფენას, მეტ კონტექსტუალიზაციას უკეთებს და გარკვეულ სიმბოლოებს გამოკვეთავს როგორც ტექსტში ასევე გამოსახულებაში. მართალია, ისინი უკვე არსებული სიმბოლოებია, თუმცა ისევ 17 მაისის და დღევანდელობის კონტექსტში სხვანაირად იკითხება: 1989 წლის 9 აპრილს მიტინგზე ნათქვამი სიტყვები “ფლანგებს იკავებენ მხოლოდ კაცები”, 2002 წელს სამების ეკლესიის საფუძვლის ჩაყრაზე  პატრიარქის მიერ ედუარდ შევარდნაძისთვის გადაცემული დაფნა როგორც ძალის და გამძლეობის სიმბოლო, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაგრატის თავზე ჯვრის საკუთარი ხელით აღმართვის მცდელობა და ბოლოს 2013 წლის 17 მაისი, სადაც თავისუფლების და სიყვარულის ზეიმის ნაცვლად “ფლანგებს” უკვე აგრესიული მართლმადიდებელი მამაკაცები იკავებენ.

კადრი ფილმიდან „მზიანი ღამე“ (2017), რეჟ. სოსო დუმბაძე და ლეა ჰარტლაუბი

“”მზიანი ღამე” გვიჩვენებს საქართველოს შეუნიღბავ და კომპლექსურ ხედს: ეკლესიის ავტორიტეტის უწყვეტ, აშკარა ზრდას მედიასივრცეში. ამ ვნებათაღელვის პროცესებში პატრიარქი ერთადერთ მუდმივ ფიგურად რჩება. ამ ფონზე რელიგია რადიკალურ ფორმებს იღებს და მიდის იქამდე, რომ მღვდლები ქმნიან ცოცხალ ჯაჭვს, ლიდერობენ რა პროტესტს ათასობით მართლმადიდებლის მონაწილეობით და 2013 წლის მაისში ახერხებენ ლგბტ აქტივისტების დევნასაც თბილისის ქუჩებში.” – ავტორების ტექსტიდან.

კადრი ფილმიდან „მზიანი ღამე“ (2017), რეჟ. სოსო დუმბაძე და ლეა ჰარტლაუბი

“მზიან ღამეში” გამოყენებული არქივის ყველა კამერა მიმართულია, რომ კიდევ ერთხელ გვაჩვენოს რა (ვინ) არის  “უძლეველი” და “დომინანტური” ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, თუ რას ნიშნავს ფილმში  გაგონილი,  და ზოგისთვის კარგად ნაცნობი “ხმა ღვთისა და ხმა ერისა” რაც წლების განმავლობაში ძალაუფლების ორი ღერძის სინქრონულობას და ერთმანეთის დახმარებას გულისხმობს, არა ქვეყნისთვის, არამედ ცალკეული ინსტიტუციების გაძლიერებისთვის.  ავტორების მთავარი მიზანიც ეს არის: არქივის კამერის მზერა მთავარი მოქმედი პირებისკენ შეატრიალოს, ახალი მზერით გვაჩვენოს: “იგინივე და სხვ.,”.

“მზიანი ღამის” ფინალი 2013 წლის 17 მაისია, მაგრამ  დღეს 2020 წლის 17 მაისია და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ამ ფილმის დასასრულისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, ბოლო რამდენიმე წელიც და თვეც ამის დასტურია.

ფილმის „მზიანი ღამე“ ნახვა 10 დღის განმავლობაში შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://vimeo.com/389700965

Sunny Night from lepota on Vimeo.

მასალების გადაბეჭდვის წესი