კომენტარი

რუსეთის 3 შესაძლო მიზანი სირიაში და ამ პროცესის გავლენა საქართველოზე

5 ოქტომბერი, 2015 •
რუსეთის 3 შესაძლო მიზანი სირიაში და ამ პროცესის გავლენა საქართველოზე

რას ცვლის ვლადიმირ პუტინის ეს გადაწყვეტილება დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში?

ეს არის რუსეთის ახალი წამოწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ კონფორნტაცია რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალ ეტაპზე გადადის. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, პუტინს რადმენიმე ამოცანა შეიძლება ჰქონდეს: 1. ეს არის უკრაინის მოვლენებიდან ყურდღების გადატანის მცდელობა და ახალი ცხელი წერტილის შექმნა, სადაც რესურსები იქნება კონცენტრირებული. 2. გარდა საერთაშორისო ყურადღების კონცენტრირებისა, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა თანმიმდევრულად მიდის რუსეთის იზოლაციისაკენ, ეს არის მოსკოვის მცდელობა, რომ  შექმნას საკუთარი თავის საჭიროება, როგორც ვითომ ტერორიზმთან მებრძოლი აქტორის, რაც იქნება პოპულარული ნაბიჯი იმ მხრივ, რომ ISIS დღეს ყველასთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თუ რუსეთს საკუთარი თავის საჭიროების შექმნის პროცესი გაუვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ მასთან უნდა დასხდნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები და ელაპარაკონ იმაზე, როგორ ებრძოლონ ISIS-ს. ეს უკვე, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის თემაზე რუსეთის იზოლაციის პროცესი წყდება და მეორე მხრივ, რუსეთი ხდება მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რეგიონის პრობლემის გადაჭრის მონაწილე. 3. ყველაზე დიდი ამოცანა შეიძლება იყოს რუსეთის სურვილი ლიდერობის აღების თვალსაზრისით იმ ვაკუუმში, რომელიც შექმნილია ამ რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა მკვეთრ მოქმედებებს მეტნაკლებად ერიდება და რუსეთი ეცდება თავისი გავლენას გაძლიერებას ირანზე, ერაყზე და იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” კონფრონტაციაში იმყოფებიან.

 

ეს არის ამოცანების სამი ეტაპი. მეორე საკითხია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთზე არ არის დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის რეაქცია იქნება დასავლეთიდან.


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

 

ანუ მისცემენ თუ არა მას ამის საშუალებას?

 

დიახ და  დასავლეთის რეაქციის ნიშნები უკვე ჩანს გაეროს გენერალური ასამბლეადან. საგულსიხმოა, რომ პუტინმა თავისი ახალი ამოცანების დასაანონსებლად გაეროს ტრიბუნა გამოიყენა. გაეროში ძალიან ბევრი ინტერვიუ მისცა მან, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე, ანუ მაქსიმლაურად გამოიყენა ეს ტრიბუნა. თუმცა დასავლეთის რეაქციის რამდენიმე ნიშანდობლივი მახასიათებელი უკვე სახეზეა. ბარაკ ობამამ თავის გამოსვლაში წითელი ხაზები შემოსაზღვრა. ერთი ასეთი ხაზი იყო უკრაინა და იმის საშიშროება, რომ რუსეთი უკრაინის პრობლემის გადაფარვას მოახერხებს, შემცირდა. დასავლეთმა აჩვენა, რომ ისინი ამაზე არ წავლენ. ძალიან მკაფიო მესიჯი ჰქონდა ობამას უკრაინის პრობლემაზე. მეორე მკაფიო მესიჯი იყო ის, რომ სირიაში ასადი ვერ დარჩება ძალაუფლების მქონე ხელისუფლად და რუსეთის პოლიტიკა ასადთან მიმართებაში არის დანაშუალებრივი.

 

მიუხედავად იმისა, რომ იქვე იყო გზავნილი იმის თაობაზე, რომ დასავლეთი მზადაა რუსეთთან თანამშრომლობისთვის, ობამამ წითელი ხაზები მაინც გაავლო.

 

დასავლეთის რეაქციაზე საუბრისას აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ როდესაც რუსეთმა სირიაში დაბომბვის ოპერაცია დაიწყო, აშშ არ მოერიდა და პირდაპირ თქვა, რომ კრემლი რეალურად  ბომბავს არა ISIS-ს, არამედ ასადის ზომიერ ოპოზიციას და განაცხადი, რომ თითქიოს პუტინი ტერორიზმს ებრძვის, არის მცდარი. ანუ რუსეთის იმ ამოცანაზე, რომ ტერორმიზმთან ბრძოლაში გახდეს ლიდერი და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს დასავლეთთან, საკმაოდ ადეკვატური რეაქცია იყო.

 

უნდა მივადევნოთ თვალყური, თუ რა რეაქცია ექნება შემდგომში დასავლეთს. ნიშანდობლივი იყო უკრაინისთვის რადარების გადაცემის საკითხი, რაც ობამამ გააკეთა. ანუ მან პროცესის ორი გაგება აჩვენა: უკრაინას არ დავივიწყებთ და პირიქით, გავზრდით მის მხარდაჭერას. ამიტომ, დასავლეთიდან ჯერჯერობით არასაკმარისი, მაგრამ ადეკვატური რეაქცია არის იმისთვის, რომ ვიფიქროთ: რუსეთს თავისი მიზნის მიღწევა არ გამოუვა.

 

პუტინის გაეროში გამოსვლას და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებულ მის ამ კამპანიას წინ უსწრებდა მიგრაციის ცნობილი კრიზისი ევროპაში, ასევე ბარაკ ობამას კრიტიკა ამერიკაში იმის გამო, რომ მას სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს. ხომ არ ცდილობს პუტინი ევროპასა და ამერიკაში მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილების განწყობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას: “ISIS-ს დამარცხება დასავლეთს არ შეუძლია, მაგრამ ამას გავაკეთებ მე”.

 

დღეს საზოგადოებაში, საშუალო სტატისტიკურ ევროპელში ISIS-ის პრობლემის სიმწვავე იმდენად მაღალია, რომ გზავნილი: “პუტინი ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს” ბევრად უფრო მძლავარია, ვიდრე, მაგალითად, იმაში გარკვევა, ასადი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში თუ არა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ფონი, რომლის გამოყენებასაც  რუსეთი ცდილობს, თუმცა იგივე ევროკავშირი შეეცადა, რომ მიგრაციის კრიზისისთვისაც გაეცა ინსტიტუციონალური პასუხი. ის სამიტები, კვოტირების სისტემა, რა თქმა უნდა, არასრულყოფილი ქმედებებია, მაგრამ კრიზისის ჩაცხრობა არის ის, რაც ევროპამ აჩვენა, რომ შეუძლია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკითხი პრობლემად რჩება, რომელიც საკმაოდ მწვავე იქნება.

 

როგორ ფიქრობთ, გარისკავს პუტინი იმას, რომ სირიაში საჰაერო დაბომბვების პარალელურად სახმელეთო ჯარიც შეიყვანოს? დასავლურ პრესაში როგორც ამბობენ, ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი ხაფანგი რუსეთისთვის და ავღანეთი 2 [პირველში იგულისხმება საბჭოთა ჯარების შეჭრა ავღანეთში 1979 წელს] მიიღოს კრემლმა სირიაში?

 

მე მგონია, რომ “ავღანეთი 2” რუსეთს  გაუჭირდება. “ავღანეთი ორის” შემთხვევაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხეც ძალიან გაიზრდება. ამის რესურსი რუსეთს, ცხადია, არ გააჩნია. ყველაფერს, რასაც რუსეთი ჩვენს თუ სხვა რეგიონებში აკეთებს, ლიმიტირებულია, ის პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში დასავლეთთან არ შედის. სამხედრო კონფორნატაციის შემთხვევაში რუსეთს განუზომლად ნაკლები რესურსი აქვს, თუმცა არავინ იცის ზუსტი სცენარი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. შეიძლება შიდა და იზოლაციის პრობლემებით დახუნძლულმა პუტინმა ეს ავანტიურაც წამოიწყოს, გამორიცხული არ არის, მაგრამ მე უფრო ლოგიკური მგონია რუსეთის მხრიდან სირიის პრობლემის პერიოდული გამწვავება, შეიძლება უფრო მეტადაც, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთთან დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. კრემლის ამოცანაა დეიზოლაცია და არა სამხედრო დაპირისპირება დასავლეთთან.

 

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის ინტერესია დეიზოლაცია, თბილისის გადმოსახედიდან რომ დავინახოთ ეს საკითხი, რა შედის საქართველოს ინტერესებში?

 

ამაზე მინიშნება უკვე იყო გაეროში პუტინის გამოსვლისას და აქ სურათი ძალიან ცალსახაა. თუ რუსეთი ბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან, სუსტდება სანქციები მის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ეს ზრდის რუსეთის შესაძლებლობას, რომ თავისი ბერკეტებით გაამწვავოს საქართველოზე ზეწოლა: იქნება ეს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა, ოკუპირებული ტერიტორიები თუ ასე შემდეგ. თუ პუტინს საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ ჩამოყალიბება სურს, ის შეეცდება ამ რეგიონში ექსკლუზიური გავლენის სფეროს მიღწევას და ამას ცდილობს კიდეც. თუ მას სირიაში ეს ავანტიურა გაუვიდა, რაც მე არარეალისტური მგონია, რა თქმა უნდა,  ჩვენს რეგიონშიც ამ საქმის ბოლომდე მიყვანა უფრო გაუადვილდება.

 

მან ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში ასეთი ფორმულირება გამოიყენა, რომ ადრე, წარსულში ამ რეგიონის წინაშე დააყენეს დილემა: დასავლეთი თუ რუსეთიო და, რა თქმა უნდა, ამან კრიზისამდე მიგვიყვანაო, ანუ მისი მესიჯი იყო, რომ თითქოს ჩვენ ეს არჩევანი აღარ გვაქვს, თითქოს ეს წარსულის ამბავია, დასრულებულია საკითხი და შემდეგ ახსენა ევრაზიული კავშირი. პუტინის მოიაზრებს, რომ ეს რეგიონი, საბოლოო ჯამში, მისი გავლენის ქვეშ იქნება. ამიტომ სირიაში განვითარებული მოვლენები, დასავლეთის რეაქციის ფორმა და ის, თუ რამდენად გაუვა იქ რუსეთს, ჩვენი უსაფრთხოების პირდაპირპროპორციული იქნება.

 

ამასთანავე, ეს პროცესი ჩვენთვის გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებსაც საქართველო ჯერ, სამწუხაროდ, არ იყენებს. ამ კრიზისის გამწვავებით და დასავლეთის მიერ რუსეთის სტრატეგიის გააზრებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა იზრდება.  ჩვენთვის მხარდაჭერის გამოცხადება ხდება ერთ-ერთი პასუხი რუსეთის ქმედებებზე. უკრაინისთვის რადარების გდაცემის ფაქტი, ასევე სწორედ ის, რომ სირიის საკითხზე გამოსვლაში ობამამ ცალსახად განაცხადა, რომ უკრაინის გამო რუსეთზე სანქციები გაგრძელდება, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი რეგიონისთვის მხარდაჭერა რუსეთის ავანტიურისთვის ხელის შეშლას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ თუ უკრაინასთან ერთად ვიქნებით მოხსენიებული, რადგან ობამას განცხადება იყო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვასო, სწორედ ეგ ხდება ჩვენთან მიმართებაშიც და არა მხოლოდ უკრაინაში… ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შესაძლებლობების [გამოყენების კუთხით] ვიმუშაოთ: დახმარების, მეტი ჩართულობის, ნატოში ინტეგრაციის კუთხით, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ამის ნიშნები არ არის.

 

თუ ეს რეგიონი გახდება მათ შორის სირიის კრიზისში დასავლეთის რუსეთის წინააღმდეგ რეაგირების სივრცე, რათა მოსკოვს ხელი შეუშალოს სირიის ავანტიურაში, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ [სივრცის] ფოკუსში მოვხვდეთ. დღეისათვის მხოლოდ უკრაინაა.

ჩვენ ინტერესებშია, რომ რუსეთი არათუ დარჩეს საერთაშორისო იზოლაციაში, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდეს მასზე ზეწოლა და მისი რესურსები ავანტიურებისთვის ამოიწუროს, იქნება ეს ჩვენი თუ სხვა რეგიონი, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი