კომენტარი

გრიგოლ გეგელია: გვინდა კი სამართლიანობა? არა, ჯერ კიდევ არა

22 სექტემბერი, 2015 • • 1184
გრიგოლ გეგელია: გვინდა კი სამართლიანობა? არა, ჯერ კიდევ არა

პირველ რიგში, ზოგად შეკითხვას დაგისვამთ, როგორ შეაფასებთ იმ ყველაფერს, რაც გასული კვირის მიწურულს ვიხილეთ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლე მერაბ ტურავას ქმედება და 24-საათიანი თავისუფლების შემდეგ უგულავას კვლავ დაპატიმრება. რაზე მიუთითებს ეს პროცესები?

პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი საკმაოდ კომიკურია. არა მარტო მოსამართლე ტურავას საკითხი, არამედ მთელი პროცესი. ეს ყველაფერი ხელახლა გვახსენებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია ადეკვატური პოლიტიკური ცხოვრება, სადაც დომინანტური იქნება არა პიროვნული ფაქტორები, არამედ ინსტიტუციური წესრიგი და პოლიტიკური პრაქტიკა. ამ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უდავოდ მისასალმებელია. დამოუკიდებლობის ორ დეკადაში საქართველოს ჯერ კიდევ ვერ ეღირსა დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც უზენაესად მიიჩნევს კონსტიტუციურ პრინციპებსა და კანონებს და არა ბრალდებული მოქალაქის პოლიტიკურ მიკუთვნებულობას, თუ სხვა ხარისხობრივ შეფასებას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იქნება არა გამონაკლისი, არამედ წესი სრულიად სასამართლო ხელისუფლების მომავალ ცხოვრებაში. 

 

როგორ ფიქრობთ, მიიღო თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ქულები და უპირატესობა თავის ოპონენტთან მიმართებაში “წინასწარი პატიმრობიდან” გიგი უგულავას თუნდაც 24-საათიანი გათავისუფლების გამო?

რთული სათქმელია. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ როგორ აღიქვა გიგი უგულავას მოკლე თავისუფლება, რისი გამოცნობაც გამიჭირდება. ცხადია, მაშინ, როდესაც უგულავას ათავისუფლებდნენ, ნაციონალური მოძრაობის ბევრ მხარდამჭერს გააჩნდა ერთგვარი ტრიუმფალური და რევანშისტული განცდა. საბოლოო ჯამში, არა მგონია, ნაციონალურ მოძრაობას რაიმე სახის პოლიტიკური ქულები მიეღო.

ეს 24 საათი სხვა მიზეზის გამო უფრო იყო მნიშვნელოვანი, ოღონდ არა ნაციონალური მოძრაობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ამ 24-მა საათმა ხელახლა შეგვახსენა, რომ საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, რომელიც მისი ყველა მოქალაქის საბაზისო უფლებებისა და თავისუფლებების გარანტორია. ამასთანავე, ამ 24-მა საათმა ისიც შეგვახსენა, რომ ჩვენი კერძო პოლიტიკური გემოვნება და შესაბამისი მოლოდინები შესაძლოა სავსებით არ მოდიოდეს თანხმობაში სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან. ეს არის დემოკრატია.

ენმ თვეების განმავლობაში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ გიგი უგულავა 9-თვიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ციხეში აღარ უნდა მჯდარიყო, ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს ასე იყო. როგორი იქნება ამ ფაქტის აღქმა საერთაშორისო აქტორების მხრიდან, ენმ ამ ასპარეზზეც ცდილობს დაამკვიდროს პოზიცია, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია.

საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ანიჭებს კონკრეტულ პოლიტიკურ გარანტიებს. მათ შორისაა წინასწარი პატიმრობის ვადა, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ნებისმიერი პატიმარი, რომელიც ამ დროზე უფრო დიდი ვადით იქნება წინასწარ პატიმრობაში, არის უკანონოდ დაპატიმრებული. არავითარი აზრი არა აქვს ვინ არის ეს პატიმარი, ასეთ შემთხვევაში მისი პატიმრობა უკანონოა. როდესაც ეს პატიმარი პოლიტიკოსია, რომელიც წარსულში დედაქალაქის მერი იყო, რასაკვირველია, ჩნდება განცდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრობა. რაც შეეხება პროკურატურას, არაფერი ახალი იმაში არაა, რომ პროკურატურასა და კონსტიტუცია დიდი მეგობრობა არა აქვთ. ეს არც სააკაშვილის მმართველობის დროს არ ყოფილა სხვანაირად, როდესაც უგულავა მერი იყო, და არც ახლა არის სხვანაირად. რაც შეეხება საერთაშორისო მეგობრობის აღქმას, რასაკვირველია, პოზიტიურად არავინ არ აღიქვამს – და არც უნდა აღიქვას – ისეთ ქვეყანას, სადაც კონსტიტუცია ირღვევა, ეს ცნობილი ფაქტია და მის მიერ დადგენილი სიტუაციის აღდგენა მხოლოდ სარჩელის შემდეგ ხდება.

როდესაც ამბობთ, რომ ენმ-ს პოლიტიკური ქულები ამ ყველაფრისგან არ მიუღია, რას იტყვით მმართველ გუნდზე, როგორ აისახება უგულავას თუნდაც 24-საათიანი გათავისუფლების ფაქტი ქართული ოცნების იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილი ენმ-ს მიმართ, ხომ არ დგას ოცნება ამ ფონზე მხარდამჭერების ამ სექტორის დაკარგვის საფრთხის წინაშე?

ეს მოვლენები ნეგატიურად აისახება ოცნების პოლიტიკურ მოსწრებაზე. განსაკუთრებით კი, მის რადიკალურად განწყობილ ამომრჩევის აზრზე, რომელსაც რევანშისტული ვნებები უფრო მეტად ამოძრავებს, ვიდრე სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგულება. უგულავას თუნდაც ოცდაოთხსაათიანმა თავისუფლებამ, სავარაუდოდ, უკვე მისცა მეტი გასაქანი არგუმენტს “ქართული ოცნების” უსუსურობის თაობაზე, რაც უკვე კარგა ხანია, პოპულარული არგუმენტია არა მარტო ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში, არამედ ზოგადად ქართველ ელექტორატში. დღეს უგულავა ხელახლა დააპატიმრეს, ამიტომ, სავარაუდოდ, “ოცნება” ამით პირდაპირ დანაკარგს არ ნახავს. თუმცა, სწორედ ზემოხსენებული რადიკალური ფრთიდან, ძალიან ბევრი მომავალ არჩევნებში კოალიციას აღარ დაუჭერს მხარს. და თუ რომელიმე პარტიამ ხელახლა შეძლო სამართლიანობის პრინციპის უგულებელყოფით ხალხისათვის “შურისძიების” პირობის მიცემა, რაც მოსალოდნელია, მათ უფრო მეტად წარმატებული არჩევნები ელით. ეს თავისთავად არ უნდა დავუშვათ.

როცა რადიკალიზმზე ვსაუბრობთ, ხომ არ ხედავთ ზოგადად ამ პრობლემის ესკალირების საფრთხეს. ზედიზედ რამდენიმე აქცია გაიმართა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან, ესროლეს პომიდვრები და ასე შემდეგ… ეს რაზე მიანიშნებს?

იმაზე, რომ ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ ვერ გაუგია რაშია ჩვენი პრობლემა და, რაც კიდევ უფრო გასაოცარია, ის თუ თვითონ რატომ არ მოსწონთ სააკაშვილი, უგულავა და სხვანი. რა არის მათი გაწბილების უმთავრესი მიზეზი? რატომ უნდათ, რომ ეს ადამიანები ციხეში ისხდნენ? სწორედ ის, რომ ეს ადამიანები უსამართლობასთან ასოცირდებიან. მაგრამ, გვინდა კი სამართლიანობა? არა, ჯერ კიდევ არა. როგორც არაერთგზის დადასტურდა, არც პოლიტიკური თავისუფლება და არც სამართლიანი სახელმწიფო არ წარმოადგენს არავითარ პრიორიტეტს ბევრი ჩვენგანისთვის. მანამ, სანამ მათ მიმართ შინაგანი მოთხოვნილება არ გაჩნდება, ჩვენ მუდმივად ერთსა და იმავე სიტუაციებს შევქმნით. ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, ის აპროტესტებს კონსტიტუციის იმ მუხლს, რომელიც მისივე თავისუფლების გარანტორია. მე არ მსურს კონსტიტუციის ის მუხლი შეიცვალოს, რომელიც მე მანიჭებს გარანტიას და მიცავს სახელმწიფოსგან. ვის შეიძლება სურდეს ეს? ადამიანს, რომელსაც არ ესმის, რომ ამით იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თავად ზის, ვინც ვერ აღიქვამს, რომ ის სპობს იმ ფაქტობრივად ერთადერთ დამცველ მექანიზმს, რომელიც მას ამ სპონტანურობით აღსავსე სახელმწიფოში გააჩნია, თუნდაც ფორმალურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი