კომენტარი

Global integrity-ს განმარტება პოლიტიკური ფინანსების კვლევაში საქართველოს შედეგზე

21 სექტემბერი, 2015 • • 1351
Global integrity-ს განმარტება პოლიტიკური ფინანსების კვლევაში საქართველოს შედეგზე

ზემოხსენებული კვლევა Global Integrity-მ  Sunlight Foundation-თან ერთად ჩაატარა.

 

 

“კვირის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა (SAO) გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანამ უმაღლესი შეფასება მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციის Global Integrity მიერ მომზადებულ კამპანიის დაფინანსების ინდიკატორებით. კამპანიის დაფინანსების ინდიკატორების შედეგები მკაფიოა: საქართველოს პოლიტიკური დაფინანსების სისტემას ბევრი ძლიერი მხარე აქვს და 2011 წელს განხორციელებულმა რეფორმებმა საგრძნობლად გააუმჯობესა პოლიტიკაში ფინანსების რეგულირება. სახელმწიფოს მიერ პარტიებსა და კანდიდატებზე თანხების განაწილების თანასწორობა და გამჭვირვალობა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ისევე, როგორც კამპანიის დროს მესამე პირების ანგარიშგების რეგულირება.

ეს საკითხები ცალსახად მიღწევებია, რომლებიც საქართველოს გამოარჩევს კვლევაში მონაწილე 54 ქვეყნისაგან. მიუხედავად ამისა, ინდიკატორების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ არსებული სისტემის დადებითი მხარეების გარდა, გარკვეული ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია და საჭიროც კია პოლიტიკური დაფინანსების სისტემის ურყეობის მისაღწევად. კამპანიის დაფინანსების ინდიკატორები წარმოგვიდგენს დეტალურ მონაცემებს ეროვნულ დონეზე დაფინანსების რეგულირებისათვის არსებულ კანონმდებლობას და იყენებს მნიშვნელოვან მტკიცებულებებს უკანასკნელი საარჩევნო კამპანიის პერიოდიდან, რათა შეაფასოს რეგულაციების პრაქტიკაში აღსრულების ხარისხი. თითოეული ინდიკატორი შედგება რაოდენობრივი (ე.წ. კვანტიტატიური) შეფასებისაგან, განმარტებითი კომენტარისა და ინფორმაციის წყაროების სიისაგან, რომლებიც ასაბუთებს შეფასებას და კომენტარს. რაოდენობრივი და საერთო (ე.წ. აგრეგირებული) შეფასებები კარგი მაჩვენებლებია მონაცემთა გამომყენებლებისთვის, თუმცა პოლიტიკური დაფინანსების რეგულირების საკანონმდებლო და პრაქტიკული ასპექტების უფრო ღრმად გასაანალიზებლად აუცილებელია გავცდეთ ქულებს და გავეცნოთ თითოეული ინდიკატორის კომენტარებსა და წყაროებს.

საქართველო იდეალური მაგალითია, თუ როგორ ნიღბავს რაოდენობრივი ქულა, მიუხედავად ინფორმატიულობისა, დაფინანსების სისტემის ცალკეულ ასპექტებს. საქართველ, საერთო ქულით მართლაც კარგ შედეგს აჩვენებს ინდიკატორებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველოს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა აქვს პოლიტიკურ არეალზე ფინანსების როლის სამართავად. პრაქტიკაში კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის საკმაო ხარისხი არსებობს და სახელწმიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მნიშვნელოვან ზედამხედველობას, სულ მცირე, დაფინანსების ცალკეულ საკითხებზე. ყოველივე ეს შთამბეჭდავი მიღწევაა. თუმც, განმარტებით კომენტარებში ასახული ცალკეული (ე.წ. გრანულარული) მონაცემი წარმოაჩენს, რომ მიუხედავად ძლიერი მხარეებისა, არსებულ დაფინანსების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. მაგალითისთვის, 2012 და 2013 წლების საარჩევნო კამპანიის დროს, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკანონმდებლო აკრძალვისა, საჯარო მოხელეებს რეგულარულად იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მიზნებისათვის. ამომრჩეველთა მოსყიდვაც ძალიან ხშირი იყო ამ კამპანიების მიმდინარეობისას.

მონაცემთა მომხმარებელი ასევე შეამჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არიან ვალდებული გამოაქვეყნონ კამპანიის სრული და ჩაშლილი ფინანსური ანგარიში. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკაში საზოგადოება მოკლებულია შესაძლებლობას, სრულყოფილად დააკვირდეს პოლიტიკოსების მიერ არჩევნების დროს თანხის ხარჯვას. უფრო მეტიც, ფინანსური ანგარიშები მხოლოდ .pdf ფორმატშია მოცემული, ძირითადად დასკანერებული სახით, რაც მოქალაქეებს და სამოქალაქო სექტორს უზღუდავს დიდი მოცულობის ინფორმაციის ადვილად დამუშავების შესაძლებლობას. მაგალითისთვის, 2013 წლის პარტიების დაფინანსების საფუძვლიანი და სრული ანალიზისათვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასჭირდა მექანიკურად ამოეკრიფა ინფორმაცია დასკანერებული .pdf ფაილებისაგან და ამგვარად შეეყვანა Excel-ის ცხრილებში.

კიდევ ერთი ყურადსაღები საკითხია არსებული კანონმდებლობის თანასწორი აღსრულება. კამპანიის დაფინანსების ინდიკატორები წარმოაჩენ,ს რომ ახლო წარსულში, 2012 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამსახურის უფროსი შეიცვალა, რათა წინამორბედს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად ეყარა კენჭი. უფრო მეტიც, აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა ან ბიუჯეტი არაა საკმარისი პოლიტიკური დაფინანსების ყველა მიმართულებით მკაცრი მონიტორინგისათვის. ცვლილება არასდროსაა მარტივი და ახალი რეფორმების მიღწევა ნამდვილად უდიდესი გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, ცალკეული მიზანმიმართული ცვლილების განხორციელება საზოგადოებას უკეთეს ინფორმაციას მიაწვდის როგორ ფინანსდება და წარიმართება კამპანია, შედეგად კი ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდება გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი ნორმები.

1. პირველ რიგში, პარტიებისათვის უფრო მკაცრი და ამომწურავი ანგარიშგების მოთხოვნით, რომელიც შემოწირულობებთან ინფორმაციასთან ერთად ყველა ხარჯსაც დეტალურად ასახავს, საზოგადოებას მისცემდა საშუალებას უკეთ დააკვირდეს და აკონტროლოს თანხის გავლენა კამპანიაზე.

2. შემდეგი საკითხია ფინანსური ანგარიშების ელექტრონულად წაკითხვად ფორმატში (machine-readable) ხელმისაწვდომობა, რაც დაინტერესებულ მოქალაქეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ეფექტურად დააკვირდნენ ფულის მოძრაობას პოლიტიკაში.

3. მესამე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტისა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა, ისევე როგორც სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების გამჭვირვალედ და დამსახურების მიხედვით დანიშვნა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, საშუალებას მისცემს შესაბამის სამსახურს უფრო ეფექტურად დააკვირდეს პოლიტიკური დაფინანსების პროცესს და სათანადოდ აღასრულოს კანონმდებლობა.

მოგიწოდებთ, დეტალურად გაეცნოთ საქართველოს შედეგს და ქულასთან ერთად, ყურადღება მიაქციოთ კომენტარებსა და წყაროებს. ჩვენი მიზანია მონაცემმა – და ზემოთ მოცემულმა მოკლე მიმოხილვამ – ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ განხილვას იმ საკითხებზე, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მონაცემები ამ დისკუსიის ნაწილია, თუმცა ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია. საითკენ წარიმართება მსჯელობა, ადგილობრივ რეფორმატორებზეა დამოკიდებული – ხელისუფლების შიგნით და გარეთ – რომელთაც შეუძლიათ წინ წაწიონ განხილვა და მისცენ ქვეყნის პოლიტიკური დაფინანსების სისტემის გაუმჯობესების მიმართულება. მივესალმებით ნებისმიერ მსჯელობას და მზად ვართ გავაგრძელოთ მასში მონაწილეობა”, – ნათქვამია განმარტებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი