კომენტარი

EMC: შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშების აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს

6 სექტემბერი, 2015 • 1543
EMC: შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშების აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 3 სექტემბერს ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხდა, რომ სტატისტიკურად, ჯარში თვითმკველობის შემთხვევები ვალებს უკავშირდება:

 

“ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული არის იმის გამო, რომ აქვთ ვალები ამ ადამიანებს, მათ შორის აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით,” – განაცხადა მინისტრმა. თინა ხიდაშელის განმარტებით, სამინისტრო იქნება უკომპრომისო და თუკი სამხედრო და სამოქალაქო თანამშრომლების აზარტულ თამაშებში ჩართვა დადატურდება – მათ პირველსავე შემთხვევაზე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

 

EMC-ის იურისტის, ანანო ცინცაბაძის განცხადებით, გამოცხადებული ცვლილება, პირველ რიგში, ვერ იქნება სისტემური და ასევე, ვერ იქნება შედეგიანი სუიციდის შემთხვევების აღმოსაფხვრელად:


“გამოცხადებული ცვლილება, პირველ რიგში, ვერ იქნება სისტემური და ვერ იქნება შედეგიანი იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც გამოაცხადეს. განცხადებული იყო, რომ სუიციდის ერთ–ერთი მიზეზი არის აზარტული თამაშები. EMC მიიჩნევს, რომ სამოქალაქო უფლების შეზღუდვა სამართლებრივი მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და თუ ასეთი შეზღუდვა არის ერთ–ერთი ზომა,”- ამბობს იურისტი.

 

მისივე განცხადებით, სამინისტროს არ წარმოუდგენია რაიმე კვალიფიციური კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სიუციდის ყველაზე ხშირი მიზეზი არის აზარტული თამაშები და რომ სამოქალაქო უფლების ამ შეზღუდვით, რეალურად მიიღებს შედეგს.


“სუიციდის მიზეზი შეიძლება იყოს ბანკიდან სესხის აღება, ფინანსური ინსტიტუციებიდან სესხის აღება, და უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ სიუციდის მიზეზი შეიძლება იყოს ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლება, რომელმაც შეიძლება ამა თუ იმ თანამშრომლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და გააუარესოს. ამრიგად, ვინაიდან არ ჩანს ამ შეზღუდვის აუცილებლობა და შედეგიანობა, ვფიქრობთ, რომ ეს არის გაუმართებელი ჩარევა ადამაინის სამოქალაქო უფლების შესაზღუდად,”- ამბობს ანანო ცინცაბაძე.

 

იურისტიც განცხადებით, სამინისტროს არ წარმოუდგენია კვალიფიციური კვლევა, არც სტატისტიკა და უსიუსტემოდ, რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო სწრაფი გადაწყვეტილება.


“სინამდვილეში, პრობლემა უფრო ღრმად უნდა ვეძიოთ, აქ არის რეალური სოციალური პრობლემები, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას. მთავრობამ უნდა გამოიჩინოს უფრო მეტად სისტემური მიდგომები, უნდა შეიმუშავოს სტრატეგია სოციალურ პრობლემებთან საბრძოლველად, ამ სოციალური პრობლემების ნაწილი არის სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუციების, აზარტული თამაშების შედეგად დაგროვილი ვალები. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, პრევენციის ღონისძებები დაგეგმოს, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიან ფარგლებში და ამას მოარგოს საკანონმდებლო ცვლილებები. ასე გამოუკვლეველ, ცალკეულ შემთხვევაზე საკანონმდებლო ცვლილების მორგება არ მიგვაჩნია, რომ რაიმე შედეგის მომტანი იქნება,”- ამბობს EMC-ის იურისტი. 

 

 

ანანო ცინცაბაძე
ანანო ცინცაბაძე

3 სექტემბრის ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო ასევე უკომპრომისო იქნება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიმართაც და პირველსავე შემთხვევაში ნებისმიერი იქნება გათავისუფლებული შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან. ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ სამინისტროს მიდგომები ამ შემთხვევაშიც არის არა შედეგზე ორიენტირებული, არამედ გარკვეულწილად  ცდილობს სადამსჯელო ღონისძიებებით  სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას.


“სოციალური დაცვის გარანტიებს სადამსჯელო ღონისძიებები ვერ შექმნის სახელმწიფოში. ამას უნდა სისტემური მიდგომა, დაფიქრება, კვლევა, სტრატეგიის აგება და ამაზე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მორგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ მოიტანს გაუმართლებელ ჩარევას ადამიანის პირად ცხოვრებაში,”- აღნიშნა მან. 

 

კიდევ ერთი ხარვეზი, რაზეც EMC-ის იურისტმა ნეტგაზეთთან ისაუბრა, აღსრულებას უკავშირდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს აღსრულების სერიოზული პრობლემა ექნება.


“თვითონვე განსცხადეს, რომ ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის სამინისტროში დასაქმებული, სახლში მიდის სამსახურის შემდგომ. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა გზით შეძლება სახელმწიფო აკონტროლოს ადამიანის მიერ ამ აკრძალვის დაცვის ან არდაცვის საკითხი, დაემორჩილა თუ არა კონკრეტული თანამშრომელი აკრძალვას,”- განაცხადა ანანო ცინცაბაძემ. 

 

გარდა ამისა, ანანო ცინცაბაძე ფიქრობს, რომ პირველსავე შემთხვევაზე პირის სამსახურიდან გათავისუფლება არაპროპორციულად მკაცრი ზომაა.


“არავინ არ იცის, მაგალითად, სახლში ბანქო ითამაშა, ონლაინ–თამაში ითამაშა ადამიანმა ერთხელ თავის სახლში ან სამსახურში წასვლის წინ, ამის გამო ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება, ვფიქრობთ, რომ დამატებით სოციალურ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს. ყველამ ძალიან კარგად იცის სამსახურის მნიშვნელობა დღევანდელი ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში და, შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს და იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რის მოსაგვარებლადაც თითქოს იბრძვიან. ამ პროცესში შეიძლება უფრო მეტი შეცდომაც დაუშვან და მეტი პრობლემური საკითხი წამოიჭრას,”- ამბობს იურისტი.

 

 

ანანო ცინცაბაძის განცადებით, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნებული იქნება, თუ რომელ სამართლებრივ აქტებში აპირებს სამინისტრო ამ ინიციატივით ცვლილებების შეტანას, ამის შემდეგ EMC  კონკრეტული სამართლებრივი ცვლილებების უფრო ღრმა, ლეგალისტურ ანალიზს წარმოადგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი