კომენტარი

კახა გოგოლაშვილი: რუსეთის ბოლო ქმედებები ნატოში საქართველოს გაწევრიანების შანსს იძლევა

4 სექტემბერი, 2015 • • 1393
კახა გოგოლაშვილი: რუსეთის ბოლო ქმედებები ნატოში საქართველოს გაწევრიანების შანსს იძლევა

გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რაც ნატო – საქართველოს ერთობლივ საწვრთნელი ცენტრის თაობაზე გვესმის, რომ ის უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს ალიანსთან და ასე შემდეგ, რა პრაქტიკული ბენეფიტები მოაქვს ამ ცენტრს საქართველოსთვის?

ნატოს მხარდაჭერის იდეა ყოველთვის სჭირდება დემონსტრირება, რომ ეს თანამშრომლობა არ უბრალო რიტორიკული ფენომენი, არამედ რეალური პროექტებია, რომელსაც ალიანსთან ერთად ვახორციელებთ. ამ ცენტრის დაფუძნებით საქართველოში ნატოს ხილვადობა იზრდება და სხვათაშორის ცუდი არ არის ის, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი არაკეთილმოსურნეები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამაზე, აბუქეებენ და მითებს ქმნიან… იგივე რუსეთის მედიაშია საუბარი, რომ საქართველოში ნატოს ბაზა იქმნება, ცხადია ეს მითია და სინმადვილეს არ შეესაბამება, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება დადებითადაც იმუშაოს.

 

რა თვალსაზრისით?

 

ამ ქვეყანაში მოსახლეობას ესმის, რომ საქართველო ნატოსთან მართლაც მჭიდრო თანამშრომლობაშია. ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენთვის.

 

გარდა ამისა, ამ ცენტრის დაფუძნებას  ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ ნატოს ინსტრუქტორები იმუშავებენ და ეს მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. გამოციდლება, სამხედრო ტრადიცია, ქცევა – ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვაკლია და მათთან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისების ხშირი ურთიერთობა უკვე მნიშვნელოვანია.

 

ამასთანავე, როგორც ითქვა, ამ ცენტრს რეგიონალური მნიშვნელობაც ექნება. ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ჩამოვლენ, რეგიონალური მასშტაბის სწავლებებიც უნდა ჩატარდეს. საუბარია, ერთი და იგივე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყნებზე… ამ ცენტრის წყალობით მათთან მჭიდრო თანამშრომლობის ადგილი იქნება საქართველო.

 

ალბათ მოლდოვას და უკრაინას გულისხმობთ?

დიახ, პირველ რიგში მათ… შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც.

თქვენ რუსეთის მედიაში არსებული დისკუსიები ახსენეთ და ფიქრობთ თუ არა, რომ ცენტრის ოფიციალური დაფუძნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საფრთხე რუსეთისგან, რომელმაც უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, მაგრამ მაინცდამაინც ნატოს სასწავლო ცენტრთან არ არის ეს დაკავშირებული. ეს გარკვეული საბაბი არის. რუსეთი აშკარად გვემუქრება. აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა და ოჩამჩირე – გალის მონაკვეთზეც იყო სამხედრო ხასიათის დემარში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დაშინებაზე. რა თქმა უნდა, ის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთშიც ამზადებს თავის ძალებს შესაძლო კონფლიქტისთვის საქართველოსთან, ის ემზადება უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის უკრაინასთანაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ინტერესებში ამ ეტაპზე შეიძლება არც შედიოდეს. მას ასევე უნდა, რომ საქართველოც ჰყავდეს პრესინგის მდგომარეობაში და ჰქონდეს გასამართლებელი საბუთი, რომ ნებისმიერი მომენტში, როდესაც დასჭირდება, აგრესია განახორციელოს. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას ის აუცილებლად გააკეთებს, მაგრამ იქმნის შესაძლებლობას, საფუძველს. ერთი მხრივ, საქართველოს აშინებს და მეორე მხრივ, უფრო  სწრაფი მოქმედებებისთვის ხელები აქვს გახსნილი. ეს ცენტრი რომც არ იყოს, სხვა საბაბს იპოვნის რუსეთი იმისათვის, რომ საქართველოს გარშემო სიტუაცია დაძაბოს. საკუთარ თავს თვითონ მოუწყობს პროვოკაციას, რაც არაერთხელ გაუკეთებია ანუ რუსეთის შიშის გამო ნატოს ცენტრის გახსნის შეფერხება სრულიად გაუმართლეელი იქნებოდა. რუსეთი საბაბს ყოველთვის მონახავს: არ იქნება ნატოს ცენტრი, იქნება სხვა საბაბი, მაგალითად თუ ვარშავის სამიტზე მივიღებთ მაპს, რისი შესაძლებლობაც ჩემი აზრით არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გერმანიას რუსეთთან ურთიერთობები დაეძაბა და ახლა უფრო სხვანაირად ფიქრობენ ბერლინში ვიდრე ორი წლის წინ. თუ სურვილი ექნება, რუსეთს შეუძლია საკუთარ მოქალაქეებს მოუწყოს ტერაქტი და სხვას დააბრალოს, რათა ომი დაიწყოს.

 

რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველომ შესაძალოა MAP მიიღოს? იგივე გერმანიის ახალმა ელჩმა ჩვენთან ინტერვიუში, კითხვას დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების გადაწყვეტილებას, პირდაპირ არ უპასუხა…

 

თუ მას არ უთქვამს, რომ საქართველო ჯერ მზად არ არის, მაპი საჭირო არაა და ასე შემდეგ, ეს უკვე კარგია. ბევრი რამაა დამოკიდებული საერთაშორისო სიტუაციაზე და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ ალიანსის წევრები თავისი უსაფრთხოების განმტკიცებას,  რა პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ რუსეთზე ზემოქმედება შეძლონ – ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ ისინი შეთანხმდებიან, რომ კვლავ დაუთმონ რუსეთს, მაშინ ცხადია მაპს ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ ჩათვლიან, რომ დათმობით ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებენ და რუსეთმა უკვე იმდენად შეტოპა, დროა ვაჩვენოთ, რომ მისი არ გვეშინიაო, თუ ამის დემონსტრირება მოუნდებათ, მაშინ ერთ-ერთი პრიორიტეტული ქმედება საქართველოსთვის მაპის მინიჭება იქნებოდა. ახლა იმის განჭვრეტა თუ რა საუბრები მიდის ამ კონტექსტში ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, ძნელია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობებში ცვლილებები რომ სჭირდებათ, ეს აშკარაა. აქ უკვე ჩვენთვის ფანჯარა ცოტათი იხსნება და შეიძლება მასში შეძრომა მოვახერხოთ.

 

თქვენ მაპს რუსეთის სწორედ ერთ-ერთ საბაბად ახსენებდით საქართველოზე შესაძლო აგრესიის კონტექსტში. ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესში ალბათ უფრო სწრაფად გაწევრიანება შედის ვიდრე მაპის მიღება და შემდეგ გაწევრიანების პროცესის დროში გაწელვა, მითუმეტეს როგორც სტოლტენგერბმა თქვა, საქართველოს უკვე აქვს საჭირო ინსტრუმენტები წევრობისკენ მოძრაობისათვის.

 

ეს თავისთავად ასეა, მაგრამ სწრაფად გაწევრიანება პოლიტიკურად უფრო რთული თემაა. ნატოს წევრ ქვეყნებს სრული კონსენსუსი უნდა ჰქონდეთ. ამისათვის ნატოს წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა კარგად უნდა იყოს მომზადებული… უნდა არსებობდეს შესაბამისი განწყობა მათში, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქვეყნის მთავრობა ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს მატებს თუ არა მათ უსაფრთხოებას რაიმე ალიანსში ახალი წევრის მიღება, თუ არადა მოსახლეობა უკმაყოფილო იქნება, ის ჩათვლის, რომ მათი მთავრობა რისკავს და ასე შემდეგ. არც ერთ მთავრობას არ სჭირდება რეიტინგის დაკარგვა, მაგრამ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები და იგივე უკრაინის სიტუაცია ევროპაში სხვანაირ განწყობებს  ქმნის და ეს ჩვენი ნატოში გაწევრიანების შანსებს იძლევა. პირდაპირ გაწევრიანებაზე საუბარი ჩემი აზრით მაინც ნაადრევია. პირდაპირი გაწევრიანება შეიძლება რაღაც დიდ აუცილებლობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მაგალითად ნატოს წევრი ქვეყნები უნდა ფიქრობდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანება მათი უსაფრთხოებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში შესვლის შემთხვევაში იყო… არამხოლოდ იმიტომ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვა უნდოდათ რუსეთისგან, არამედ იმისთვისაც, რომ ეს ევროპისთვის სტრატეგიული მნიშნელობის ქვეყნები იყო. ეს სივრცე აუცილებლად სჭირდება ნატოს რუსეთთან ომის შემთხვევაში. იგივე უნდა იფიქრონ საქართველოზეც, მაგრამ ასეთი განწყობები ჯერ შექმნილი არ არის მითუმეტეს, რომ ნატოს წევრი თურქეთი ჩვენს გვერდითაა და შავი ზღვის აკვატორიაში უფრო დიდ სანაპიროს აკონტროლებს, ვიდრე საქართველო.

 

იმისათვის, რომ საქართველოს პრესტიჟი ამაღლდეს ნატოს წევრი ქვეყნების თვალში, ხომ არ არის ერთ-ერთი საშუალება ამ სასწავლო ცენტრის წარმატებულად ამოქმედება და მისი ეფექტიანი მუშაობა?

 

დიახ. ცენტრი თავისთავად ასახავს ნატოსთან თანამშრომლობის ხარისხს და მისი კარგი რეკლმა აჩვენებს იმას თუ რა დონეზეა საქართველოში სამხედრო ცოდნა… ეს გარკვეულ ზემოქმედებას იქონიებს, თუმცა არ ვიცი რამდენად კრიტიკულს… უფრო მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ საქართველო ნატოს სასიცოცხლო პარტნიორია და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი მის უსაფრთხოებასაც დაემუქრება.

რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი საქართველოს ხელისუფლებამ ვარშავის სამიტამდე დარჩენილ პერიოდში ნატოს გენერალურმა მდივანმა ახსენა რეფორმები მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების მიმართლებებით?

 

არ უნდა დარჩეს იმის განცდა, რომ საქართველოში დემოკრატია და კანონის უზენაესობა სრულად არ მუშაობს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ლეგიტიმური მთავრობა ეფექტიანად მართავს ქვეყანას.

 

გარდა ამისა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ძალიან სწრაფად უნდა გაძიერდეს. საქართველოში უნდა შეიქმნას სანიმუშო არმია, ისეთი, რომ ნატოში ილაპარაკონ საქართველოს მასზე, როგორც ყველაზე კარგად აწყობილ სისტემაზე, თავისი დისციპლინით, გეგმებით, ოპერატიული შესაძლებლობები, მაღალი დონის ოფიცრებით და ასე შემდეგ. თავდაცვის ყველა სახის ინფრასტრქტურა უნდა განვითარდეს, რათა არავინ იფიქროს ნატოში, რომ ალიანსში სუსტი ქვეყანა შეჰყავთ, რომელსაც თავის დაცვის უნარი არ აქვს და მთლიანად ჩვენ უნდა დავიცვათო. ასეთი განცდა არ უნდა ჰქონდეთ, პირიქით ისინი უნდა ფიქრობდნენ, რომ ნატოში შედის ქვეყანა, რომელსაც  სხვისთვის დახმარებაც შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი