კომენტარი

თამაზ მეჭიაური: “ენჯეოშნიკი” და “სოროსელი” არაა სალანძღავი სიტყვები, არც ქსოვა

2 სექტემბერი, 2015 • 1605
თამაზ მეჭიაური: “ენჯეოშნიკი” და “სოროსელი” არაა სალანძღავი სიტყვები, არც ქსოვა

ნეტგაზეთი პარლამენტის სხდომის შემდეგ დაუკავშირდა დეპუტატს და რამდენიმე კითხვა დაუსვა მის განცხადებებთან დაკავშირებით:

ბატონო თამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილებით ბიძინა ივანიშვილმა აღჭურვა? ეს განაცხადეთ პარლემნტში გამოსვლისას.

 

სხვა ვინ აღჭურვა? რაიმე შანსი ჰქონდა მას?

 

იმის თქმა გინდათ, რომ ის საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია პრეზიდენტად?

 

რა თქმა უნდა, არ აურჩევია.

 

ანუ არც საპრეზიდენტო არჩევნები ყოფილა?

 

საპრეზიდენტო არჩევნები იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციას მისცეს ხმა და არა მარგველაშვილს.

 

არ ფიქრობთ, რომ თქვენ ამ განცხადებით შეურაცხყოფთ ამომრჩევლებს, რომლებიც მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან?

 

არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ამომრჩევლმა მხარი დაუჭირა ბატონ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციას.

 

ანუ, თქვენი აზრით, ამომრჩეველს თავად არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით?


ყოველ შემთხვეაში იმ თვისებებით, რომელიც ის აღჭურვილი იყო არჩევნების წინ და რომლის გამოც უწევდნენ რეკომენდაციას, მას ის თვისებები აღარ გამოუვლენია.

 

თქვენ პრეზიდენტ მარგველაშვილის შესაფასებლად გამოიყენეთ კიდევ ორი სიტყვა- “ენჯეოშნიკი” და “სოროსელი”

 

არც ენჯეოშნიკობაა დიდი დანაშაული და არც სოროსელობა, არანაირი დანაშაული და სამარცხვინო არ არის.

 

აბა, რატომ გამოიყენეთ ეს სიტყვები?

 

მაგრამ ის იქნებოდა ერთ-ერთი რიგითი ენჯეოშნიკი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი.

 

ბატონო თამაზ, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა,  ის განათლების მინისტრი იყო,  უნივერსიტეტის რექტორი..

 

მინისტრადაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა.

 

რას გულისხმობთ სიტყვა “სოროსელში”, როცა ამას ტერმინად იყენებთ ადამიანის შესაფასებლად?

 

ნუ, ესეც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, უფრო დიდი მასშტაბის.

 

ჯორჯ სოროსზე რას ფიქრობთ?

 

ჯორჯ სოროსს თავისი მიზნები აქვს, საქართველოს- თავისი მიზნები.

 

ეს მიზნები განსხვავდება თქვენი აზრით?

 

ზოგჯერ შეიძლება დაემთხვეს, ზოგჯერ არა.  ვერ გეტყვით, არ ვიცი. არა მგონია, რომ საქართველო იყოს პრიორიტეტი მისთვის, ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც მისი მიზნები აქვს.

 

და რა მიზნები აქვს თქვენი აზრით?

 

არ ვიცი.

 

მაშინ რატომ იყენებთ ამ სიტყვას სალანძღავ სიტყვად?

 

სალანძღავ სიტყვად არ ვიყენებ, არც ქსოვა არის სალანძღავი სიტყვა.

 

თუმცა თქვენ ის სწორედ ასეთ კონტექსტში გამოიყენეთ

 

არ არის სალანძრავი სიტყვა. უბრალოდ, ძალიან ბევრი ქსოვს, ძალიან ბევრი ენჯეოშნიკია, მაგრამ ყველა პრეზიდენტი არ ხდება. მე გამოვიყენე იმ კონტექსტში, რომ ის იქნებოდა ისეთივე რიგითი ენჯეოშნიკი, როგორიც არის ბევრი და რომ ვერასოდეს ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა ბიძინა ივანიშვილის როლი.

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

მასალების გადაბეჭდვის წესი