კომენტარი

მიმინოშვილი გამოსავალს იმაში ხედავს, თუ ჩარიცხვები ყველასთვის გაუქმდება

2 სექტემბერი, 2015 • • 1212
მიმინოშვილი გამოსავალს იმაში ხედავს, თუ ჩარიცხვები ყველასთვის გაუქმდება

თუმცა, როგორც შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ნეტგაზეთთან ამბობს, ამისათვის საჭიროა ყველა მხარის, უმაღლესი სასწავლებლების, ასევე უკვე ჩარიცხული სტუდენტების თანხმობა. მიმინოშვილის თქმით, საუბარია არა ახალი გამოცდების ჩატარებაზე, არამედ უკვე არსებული ჩარიცხვების გაუქმებაზე და პროცესის ყველასთვის თავიდან დაწყებაზე. ამ შემთხვევაში, მიმინოშვილის თქმით, სწავლა თებერვლიდან დაიწყება


“ეს ნიშნავს იმას, რომ რანჟირების დოკუმენტი უნდა გაუქმდეს და თავიდან დაიწყოს მოლაპარაკება. უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გამოთქვან, რომ მეორე სემესტრიდან დაიწყებენ სასწავლო პროცესს და ახლა შეჩერებული იქნება ეს ყველაფერი. თუ უმაღლესი სასწავლებლები თანახმა არიან ამაზე, თუ უკვე ჩარიცხული სტუდენტები თანახმა იქნებიან იმაზე, რომ გაუუქმედებათ ჩარიცხვები, ისევ ჰაერში დარჩნენ და თავიდან დავიწყოთ ჩარიცხვები, მაშინ საგრანტო კონკურსიც თავიდან უნდა გამოვაცხადოთ. თებერვლამდე ეს არ მოესწრება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რანჟირების დოკუმენტი გაუქმდეს, ოღონდ ამასაც იურიდიული საფუძველი სჭირდება და მე ჯერჯერობით საფუძველი არ ვიცი. მე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ზეგ მაქვს შეხვედრა, რომ ეს ვითარება გავაცნო, თუ რამდენად ყველაა თანახმა, რომ სასწავლო პროცესი გავაჩეროთ”, – ამბობს მიმინოშვილი ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს: “თუ გამოსავალი უნდათ, ეს არის გამოსავალი, სხვას მე ვერ ვხედავ. თუ უკეთეს გამოსავალს შემომთავაზებენ, კი, ბატონო”.


აბიტურიენტთა ნაწილმა, მეორადი ჩარიცხვების დაშვებისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მოთხოვნით, განათლების სამინისტროსთან შიმშილობას დაიწყო. ეს ის აბიტურიენტებია, ვინც ოთხივე გამოცდაში ზღვარი გადალახა, თუმცა, ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა. განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს არ დაუშვებს მეორად ჩარიცხვებს, რადგან ცენტრმა ბევრჯერ გაფრთხილა აბიტურიენტები, გამოცდებში მიღებული ქულების შემდეგ ფაკულტეტები სიფრთხილით შეერჩიათ, რათა უნივერსიტეტებს მიღმა არ დარჩენილიყვნენ. აბიტურიენტები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ, ამბობენ, რომ განაცხადში ფაკულტეტების მითითების დროს შეცდომა დაუშვეს, თუმცა იმედს არ კარგავენ. იმ აბიტურიენთა რაოდენობა, ვინც აღნიშნული საკითხის გამო ვერ მოხვდა უმაღლესში,  1,6%-ია. 

 

მაია მიმინოშვილი კი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ეს არ არის აბიტურიენტთა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც “შეცდომის გამო” ვერ ახერხებს სწავლას. მისივე თქმით, არსებობენ აბიტურიენტები, რომლებიც ასევე “შეცდომის გამო” ისეთ უნივერსიტეტებში ხვდებიან, სადაც სწავლის მაღალი საფასურია და გადახდას ვერ ახერხებენ. 

 

“ახლა რამდენია, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ჩემთან მოსული ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა არ დამითვლია, მაგრამ წინა წლის სტატისტიკით 500-მდე აბიტურიენტი იყო, რომელიც ჩაირიცხა და სწავლა ვერ გააგრძელა და  მეუბნება, შეცდომა დავუშვი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მივუთითე, სადაც გადასახადი მაღალია, მე ამას აპრიორი ვერ გადავიხდი და გადამიყვანეთ მესამე არჩევანზეო, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავაკეთებ. არის ასეთი შემთხვევებიც, პირობითად გორის აბიტურიენტი ზუგდიდში ჩაირიცხა და მშობელი ახლა მეუბნება: ზუგდიდში შვილს ვერ ვაცხოვრებო. მათაც შეცდომა დაუშვეს, ისევე როგორც ამ აბიტურიენტებმა, რომლებმაც უნივერსიტეტების საკმარისი რაოდენობა არ მიუთითეს. რატომ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ აბიტურიენთა გარკვეულ რაოდენობას გავუწიოთ ანგარიში?! თუ რანჟირების დოკუმენტი უნდა გაუქმდეს, მაშინ ის ყველასთვის გაუქმდება”.


რაც შეეხება იმას, თუ რა მოჰყვება რანჟირების დოკუმენტის გაუქმებას, მიმინოშვილი განმარტავს:

 

“თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ასეთი შეთანხმება, პროცედურა ასეთია: ანკეტა-კითხვარები უნდა დავაგზავნოთ ყველა უმაღლეს სასწავლებელში თავიდან, მათ უნდა შეავსონ, მიუთითონ ადგილების რაოდნეობა და ასე შემდეგ. ეს უნდა გადაიგზავნოს აკრედიტაციის ცენტრში, რომელმაც შემდეგ უნდა გადაამოწმოს ყველა ანკეტა-კითხვარი და ჩვენ გადმოგვიგზავნოს. შემდეგ ჩვენ თავიდან უნდა გამოვაცხადოთ და გარკვეული ვადა დავაწესოთ იმისთვის, რომ ამ 40 ათასმა აბიტურიენტმა არჩევანი თავიდან გააკეთოს. შემდეგ გრანტიც თავიდან უნდა გავანაწილოთ და ჩარიცხვებიც. ამას 4 თვე სჭირდება”, – აცხადებს მიმინოშვილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი