ნეტგაზეთი | ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის კიდევ 2 წლით გადავადება უპასუხისმგებლობაა ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის კიდევ 2 წლით გადავადება უპასუხისმგებლობაა – Netgazeti

ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის კიდევ 2 წლით გადავადება უპასუხისმგებლობაა

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი პარლამენტმა მიიღო 2006 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით კანონი რამდენჯერმე შესწორდა და დაიხვეწა, მისი პირველივე ვერსია ითვალისწინებდა ორ მნიშვნელოვან ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან: 

1. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მექანიზმების შემუშავებასა და სოციალური მუშაკების გადამზადებას (მუხლი 20); და 2. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას (მუხლი 21.2.).

 

2006 წლის კანონი ითვალსიწინებდა, რომ აღნიშნულ საკითხებზე რეფორმა 2007 წლის 1 ივლისიდან განხორციელდებოდა. რეფორმა დროულად არ დაიწყო და 2009 წლის ცვლილებების მიხედვით, მათი გატარების ვადა 2015 წლის 1 ივლისით განისაზღვრა, რაც, ბუნებრივია, საკმარისზე მეტ დროს აძლევდა ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით ნაბიჯები დაეგეგმა და გადაედგა.

 

სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დავიწყებია არც არასამთავრობო სექტორს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს; ყოველწლიურად სახელმწიფოს სხვადასხვა ანგარიშით მიუთითებდნენ სოციალური მუშაკების უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის კუთხით. მიუხედავად ამისა, რამოდენიმე დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტმა მიმართა პარლამენტს და მოითხოვა კანონში ცვლილების შეტანა და რეფორმის გატარების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა 2017 წლის პირველ სექტემბრამდე. განმარტებით ბარათში კი აღნიშნული რეფორმის უსასრულოდ გაჭიანურების მიზეზად USAID-ის მიერ დაგვიანებით დაფინანსებული პროექტი დაასახელა.

 

პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული ვალდებულება კანონის წესით მთავრობას ევალება და არა რომელიმე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას და მეორეც, 2006 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა ამ რეფორმის გასატარებლად და არა ბოლო ერთი წელიწადი. ოჯახში ძალადობა მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით და სისხლისსამართლებრივი კანონის გამკაცრებით არ აღმოიფხვრება. ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და ოჯახში ჩადენილი მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სოციალური მუშაკების ჩართულობა, რაც დღეს ნულოვანია, ასევე მოძალადეთათვის რეაბილიტაციის ცენტრების და სერვისების შექმნა. ამ ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის კიდევ 2 წლით გადავადება უპასუხისმგებლო და იმ გაცხადებული პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელსაც გულმხურვალედ გვპირდებოდნენ ხელისუფალნი 2014 წელს ქალთა მკვლელობების უპრეცედენტო ზრდის ფონზე.

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

ავტორის შესახებ

ბაია პატარაია არის საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში (2014 წლიდან). აქვს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (2006) და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (2004). 2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 2008 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2012 წლიდან ჩართულია ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის აქტივიზმში; არის ქალთა მოძრაობის წევრი. 2013 წლიდან ხელმძღვანელობს კავშირ “საფარს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბაია პატარაია