კომენტარი

ელენე ხოშტარია: MAP-ზე ხიდაშელის პოზიცია საკმაოდ თამამია, თუმცა თამასა ჩვენ უნდა ავწიოთ

29 ივნისი, 2015 •
ელენე ხოშტარია: MAP-ზე ხიდაშელის პოზიცია საკმაოდ თამამია, თუმცა თამასა ჩვენ უნდა ავწიოთ

ამ ეტაპისთვის ეს აქტივობა ძალიან მნიშნელოვანი მგონია იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნატოსთან მიმართებაში პოლიტიკა საკმაოდ პასიური იყო, შემიძლია მაგალითად  მოვიყვანო არაერთგვაროვანი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ამაზე უარესი უშუალოდ უელსის სამიტამდე პრემიერის განცხადება იყო იმაზე, რომ MAP არ გამოვა, რასაც საკითხის პრაქტიკულად დახურვა მოჰყვა. ამის ართქმა არ ნიშნავდა, რომ MAP-ს გარანტირებულად მივიღებდით, მაგრამ ჩვენ როცა ვახდენთ პოზიციონირებას, რომ რაღაც არ გამოვა, ამით საკითხი თავისთავად სრულდება.

 

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

 

ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ნატოს გზიდან გადავუხვიეთ, მაგრამ მე პასიურობას დავარქმევდი… ამის შემდეგ მკაფიო განაცხადი [თავდაცვის მინისტრის მხრიდან], რომ დიახ, MAP ჩვენს დღის წესრიგში რჩება, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

MAP-ის საკითხზე საუბარს სამიტამდე ერთი წლით ადრე ვიწყებთ. პრაქტიკულად წინმსწრებად ამდენი ხნით ადრე მზადება არასდროს დაგვიწყია. ამ პერიოდში ძალიან ბევრი მანევრის მოფიქრების საშუალება გვექნება  და კარგია, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებით ვიწყებთ პროცესს. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენი ტაქტიკის კორექტირება არ მოგვიწევს. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ  ჩვენს მეგობრებთან და უშუალოდ ნატოსთან კომუნიკაციის პროცესი იწყება. რა თქმა უნდა, [ტაქტიკის] კორექტირება ჩვენ უნდა განვახორციელოთ მათთან კომუნიკაციის შემდგომ, უნდა შევთანხმდეთ საუკეთესო ტაქტიკაზე , თუმცა ასე რომ ვიწყებთ პროცესს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

 

იქნება თუ არა ეს ტაქტიკა წამრატებული შედეგის თვალსაზრისით, რადგან საკმაოდ არაერთგვაროვანი სიტუაციაა დღეს. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე უკრაინა და არც საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან”, მიმდინარე წლის მარტში ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოებას საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს, ხოლო ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 2016 წლის სამიტზე ნატოს წევრობის კანდიდატებმა, მათ შორის საქართველომ ალიანსისაგან მიწვევა უნდა მიიღონ და სამიტი გაფართოებას მიეძღვნას.

თუმცა  წელს მონტენეგროსთან დაკავშირებით იყო დამაიმედებელი განცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად გაფართოების პროცესის შეჩერებაზე არ არის საუბარი. მთლიანობაში რომ შევაფასოთ ნატო რა ეტაპზეა ახლა, ვიტყოდი, რომ საკმაოდ გაურკვეველ, თუმცა ტრანსფორმაციის სტადიაშია სხვადასხვა მიმართულებით თავისი პოლიტიკის გადახედვის კუთხით. არის რუსეთის საფრთხის გააზრების მკაფიო ტენდენცია, მაგრამ ამასთანავე ბოლომდე ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ საფრთხის პირობებში, ჯერ არ არის. გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო, მეორე ნაწილი მეტ კონცენტრაციას უჭერს მხარს. ნატოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის პოლიტიკოსს რომ ჰკითხოთ, გაფართოებასთან მიმართებაში რა იქნება უკეთესი: როგორც თავის დროზე დასავლეთ გერმანიასთან და ბალტიისპირელების მიმართ მოიქეცით, როცა გააწევრიანეთ ალიანსში და ამით მიაღწიეთ უსაფრთხოებას, თუ გავჩერდეთო, ვერ გიპასუხებთ. თუმცა არსებობს მსჯელობა და ფიქრი, ეს აღარ არის რუტინული პერიოდი, საკმოად ტურბულენტურ გარემოსთან გვაქვს საქმე და ამ პროცესში ჩვენ არ უნდა ვიპასიუროთ და ვუყუროთ, რას გადაწყვეტენ ისინი… ჩვენ მაქსიმალური მონაწილოება უნდა მივიღოთ დისკუსიებში, უნდა გვქოდეს ჩვენი არგუმენტაცია. ჩვენ გვყავს მოკავშირეები, რომლებსაც ესმით ეს პოზიცია და რომლებთან ერთადაც შანსი არსებობს.

 

აშშ-ში ბარაკ ობამა იცვლება. 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია. დღევანდელ კანდიდატებს რომ შევხედოთ, თითქმის გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო პრეზიდენტის პირობებში აშშ-ს უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა ექნება. დემოკრატების კანდიდატიც კი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს, ვიდრე ობამა. საგარეო პოლიტიკა ამ არჩევნების ერთ-ერთი ცენტრალური თემაა.

 

უშუალოდ არჩევნებამდე შეიძლება აშშ-ის რადიკალური პოზიცია არ იყოს, რადგან ჯერ ვარშავის სამიტია და შემდეგ არჩევნები, თუმცა მანევრიერება შეგვიძლია და თუ ამ სამიტზე MAP-ს ვერ მივაღწიეთ, დისკუსის აწევაც კარგი იქნება. მთავარია ჩვენ ავწიოთ თამასა და დისკუსია.

 

აშშ-ის არჩევნების შემდეგ საქართველოშიც არის არჩევნები და თუ ვარშავის სამიტზე კონკრეტულ შედეგი ვერ დაიდება, ხომ არ გაურთულებს ეს პროდასავლურ პარტიებს ამომრჩეველთან ურთიერთობას?

ამ მხრივ თინა ხიდაშელის ეს პოზიცია საკმაოდ თამამია. აქ სხვა პრობლემაც არსებობს, რამდენად ასახავს ეს განცხადება მთლიანად მთავრობის პოზიციას, მაგრამ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ის არ არიდებს თავს საკმაოდ სარისკო განცხადებას იმიტომ, რომ თუ არ გამოვიდა [MAP], რა თქმა უნდა, ეს მინუსებში ჩაიწერება.

 

კონკრეტულად თინა ხიდაშელის პოლიტიკურ კარიერას გულისხმობთ?

რომც არ გამოვიდეს, ხიდაშელი გამოჩნდება პოლიტიკოსად, რომელმაც ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ამიტომ თვითონ თინა ხიდაშელი არაფერს კარგავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვის რისი მომტანი იქნება. ბუნებრივია, არჩევნები საუკთესო პერიოდი არ არის ამ ყველაფრისთვის… მე ეჭვი მაქვს, რომ ეს არჩევნები საკმოად პოლარიზებული და ტურბულენტური იქნება, არ ვიცით როგორი გადანაწილდებიან პროდასავლური ძალები… ცხადია, ეს საუკეთესო პერიოდი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო სტრატეგიულ მიმართულებებზე უარი ვთქვათ. რაც არ უნდა იყოს, ამ დისკუსიის დაწყება ამ მთავრობას თუ არა, შემდეგ მთავრობას მაინც გამოადგება.

 

მონტენეგროს მაგალითი, თუ ის ამ რეალობაში მოახერხებს გაწევრიანებას და საქართველო map-ის ეტაპზე კვლავ ვერ გადავა, დაადასტურებს თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რეალურად რუსეთია საქართველოსთვის შემაფერხებელი ფაქტორი?

 

რუსეთი რომ შემაფერხებელი ფაქტორია, ეს არის ჩამოყალიბებული რეალობა. თავის დროზე ჩვენი ბალკანეთის ქვეყნებთან დაჯგუფება კარგი იმიტომაც იყო, რომ რუსეთის ფაქტორი დაბლა იწევდა და ჩვენ ბალკანეთის კონტექსტში განგვიხილავდნენ. რუსეთის ფაქტორი უნდა გვესმოდეს და გავიაზროთ. ამას ოფიციალურად ნატო არ იტყვის, მაგრამ რუსეთის ფაქტორი რომ არ იყოს, სტანდარტების თვალსაზრისითი ჩვენ სერიოზული პრობლემები არ გვაქვს. თუმცა, მიუხედავად რუსეთისა, ინტეგრაციის პროცესი არ გაჩერებულა და არავინ ამბობს, რომ რუსეთის გამო საქართველო წინ ვერ წავა. ფანჯარა, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებელოთ, უკრიანის მოვლენების გამო ჩემი აზრით კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან ახლა ბევრად მეტი ყურადღებაა კონცენტრირებული ამ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

 

რაც შეეხება უშუალოდ MAP-ის საკითხს. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაზე ითქვა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემდგომი ეტაპი MAP იქნება. მომდევნო სამიტებმა ბუქარესტის გადაწყვეტილების  ელემენტები კვალვ გაიმეორა, თუმცა 2014 წლის უელსის სამიტზე ნატომ უკვე განაცხადა: “საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენეტებს იმისათვის, რომ საქართველომ ნატოს საბოლოო წევრობისაკენ იმოძრაოს”. ნიშნავს თუ არა ეს ჩანაწერი იმას, რომ საქართველოს გაწევრიანებისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდეს და ისე გახდეს ნატოს წევრი?

 

ისეთი ფორმულირება, რომ ჩვენ მაპი აღარ გვჭირდება და გაწევრიანებისათვის ეს ფორმატიც კმარა, არ არის, ცოტა ბუნდოვანი ტექსტია, რომელიც ღიად ტოვებს საკითხს. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ამის პოლიტიკური ნება ჯერ არ იყო. მაპს, როგორც ინსტრუმენტს, რამდენიმე ფაქტორი ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში გაწევრიანების გარანტია არც ეს არ არის. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ყველას ესმის, რომ მაპის მიღება, საბოლოო ჯამში, გაწევრიანებას ნიშნავს. ეს გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რომ პროცესი სერიოზულია. მეორე მხრივ, მაპს თან დაჰყვვება ბუქარესტის აჩრდილი, სადაც სერიოზული განხეთქილება და პოზიციების გაყოფა მოხდა, ამიტომ ამ მხრივ ძალიან პოლიტიზებულია მაპის თემა.  ჩვენ თუ ცალსახად გვეტყვიან, რომ მაპი აღარ გვჭირდება და გაწევრიანების ბოლო ეტაპზე ვართ, ამას რომ მივაღწიოთ, ესეც მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა ჩანაწერი ბუნდოვანი არ უნდა იყოს.

 

თუ ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც რუსეთმა შექმნა [ალიანსის წევრი ქვეყნები] გადააბიჯებენ პოლიტიზების თემას და მაპს მოგვცემენ, ესეც ძალიან დიდი მიღწევა იქნება. სიტუაცია იმდენად ტურბულენტურია უკვე, რომ მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაწევრიანებაზეც დავიწყოთ რაღაც მომენტში ლაპარაკი. შეიძლება სწრაფი გაწევრიანება უფრო კარგი პასუხი იყოს არსებულ გამოწვევებზე, ვიდრე მაპის მიღება იმიტომ, რომ მაპი ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებას არ ნიშნავს, ანუ რუსეთი გზავნილს იღებს და ნატოში შესული ჯერ არ ხარ. ეს ყველაფერი რეგიონის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

 

დიახ, საკმაოდ საინტერესო საკითხია და ამაზეც მიმდინარეობს ხოლმე დისკუსია. ამ ვითარებაში MAP უფრო თავდაცვითი საშუალება იქნება საქართველოსთვის თუ პირიქით…

 

საფრთხე უკვე შექმნილია ჩვენთან მიმართებაში და ჩვენ საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ. იმის შიშით, რომ რუსეთი კიდევ უფრო არ გაბრაზდეს, ჩვენი გეზიდან გადახვევა ფუნდამენტურად არასწორი მიდგომა იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, რუსეთის ამ მდგომარეობიდან გამომდინარე  სწრაფი გაწევრიანება ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე მაპის მოცემა. თვითონაც ნატოსთვისაც ასე იქნება უკეთესი, რადგან სწრაფი გაწევრიანებით ამ საკითხს დახურავს.

 

ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყოთ დისკუსია და პროცესში კატეგორიული პოზიციებით შევიდეთ. აქედან რა გამოვა, მთელი წელია წინ და ვნახავთ. უნდა მივყვეთ რეგიონის დინამიკას, ნატოს წევრი ქვეყნების მდგომარეობასაც დავაკვირდეთ. იგივე გერმანიის პოზიცია დღითიდღე ტრანსფორმირებს და ევოლუციას გნაიცდის. ერთი წლის განმავლობაში კიდევ რა შეიცლვება, ამას თვალყური უნდა მივადევნოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი