ავტორი: არჩილ იაკობაშვილი
The Economist-მა საერთაშორისო დემოკრატიის ახალი ინდექსები გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაცია არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით არის საინტერესო, არამედ ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონაწილეებისთვის, საინვესტიციო ფონდებისთვის, კომერციული ბანკებისთვის და მულტინაციონალური კომპანიებისთვის.
The Economist-ის მეთოდოლოგიით, რაც უფრო მაღალია დემოკრატიის ხარისხი (მაქსიმალური ქულა: 10), მით უფრო დაბალია ქვეყნის პოლიტიკური რისკი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საინვესტიციო მიზიდულობის გასაუმჯობესებლად.
რვა წლის განმავლობაში ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხუთჯერ სამთავრობო გუნდის შეცვლა (ხუთი პრემიერი: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე, გახარია) არასტაბილურობის და პოლიტიკური კურსის არათანმიმდევრულობის გამომხატველია, რაც ლოგიკურად იწვევს საერთაშორისო დონეზე უნდობლობის გაზრდას და შეიცავს არა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების, არამედ მთელი ქვეყნის, ეკონომიკისა და სახელმწიფოს თვითიზოლაციის ნიშნებს.
შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო და კვლავ დადგა ის სამწუხარო რეალობა, რომ 2019 წელს დემოკრატიის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით განმეორებით ვარდნა (2019 – 5.42; 2018 – 5.51; 2017 – 5.93) დაფიქსირდა, რომლის შედეგად საქართველომ უკვე სტაბილურად დაიმკვიდრა და ტკეპნის ადგილს ჰიბრიდულ-ავტორიტარული ქვეყნების ჯგუფში (იხილეთ: The EIU Democracy Index Infograph).
ავტორიტარულ-ჰიბრიდული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია არჩევნების მიუხედავად ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების მონოპოლიზაცია, სახელმწიფო ვერტიკალის უზურპაცია, სწრაფვა საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ და “მართული დემოკრატიის” ნიღბით ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ფასადური ოპოზიციის ხელშეწყობა.
სამაგიეროდ, შეინიშნება კონკრეტული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან გავლენების გაძლიერება კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებზე (მაგალითად, სასამართლო), რამაც გამოიწვია ინდექსის მნიშვნელოვანი ვარდნა მართლმსაჯულების და იუსტიციის სისტემის კომპონენტში.
ე.ი. დემოკრატიის დეფიციტია სახელმწიფოს სისტემურ მართვაში, რის გამოც ადგილი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების შერჩევით და კლანურ-კულუარულ კონტროლს ერთი ინტერესთა ჯგუფის მიერ, ხოლო რეგიონალური თვითმმართველობა ფასადურია და სინამდვილეში მოქცეულია კლანისადმი ერთგული უშიშროების სამსახურების სრული კონტროლის ქვეშ.
უახლოეს მომავალში საქართველოს სჭირდება დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და მიაღწიოს საინვესტიციო ხარისხს, საერთაშორისო ინვესტორებს გაეზარდოთ ინტერესი და ნდობა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების დასაფინანსებლად.
დემოკრატია, და სახელდობრ, ლიბერალური დემოკრატია (ე.ი. პოლიტიკური მრავალპოლუსიანობა და იდეოლოგიების კონკურენცია) არის ერთადერთი კაპიტალი, რომლის გამოყენების პირობებში საქართველო შეძლებს აუცილებელი რეფორმების გატარებას მართლმსაჯულებასა და იუსტიციაში, ეკონომიკაშიც, განათლებაშიც, სოციალური დაცვის სისტემებშიც, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.