მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის ღამესვე ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში ვუყურებდი თბილისში განვითარებულ მოვლენებს და გათენებიდან დაღამებამდე ერთმანეთის მიყოლებით ვიგებდი ტრაგიკულ ისტორიებს, დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრის დაწერა ვერ შევძელი. უფრო ზუსტად, მიმაჩნდა, რომ თბილისიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით მყოფი ადამიანის მიერ თუნდაც სოციალურ ქსელში რაიმეს დაწერა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ადამიანები თბილისისთვის აკეთებდნენ იმ მომენტში. უბრალოდ, იმ სიტუაციაში იქ უნდა ყოფილიყავი, იმ ადამიანების გვერდით და მორჩა.
და მაინც, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ გადავწყვიტე 13 ივნისის სტიქიის შესახებ დამეწერა. ოღონდ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიზეზი შვედეთში, კერძოდ, ლუნდში არსებული რკინიგზის ლიანდაგი გახდა. ერთი შეხედვით უწყინარი ხაზი, რომელიც შესაძლოა ვერც შეამჩნიო, თუ არ იცი, გარდა მატარებლების მიმოსვლისა, სხვა რა დატვირთვა აქვს ლუნდში ლიანდაგებს. ლიანდაგების როლის შესახებ ოდნავ ქვემოთ. მანამდე ქალაქზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
ლუნდი ათას წელზე ცოტა მეტს ითვლის. 1658 წლამდე დანიის ტერიტორია ოყო, ხოლო შვედეთის შემადგენლობაში გადასვლიდან უმოკლეს დროში, 1666 წელს ქალაქში ლუნდის უნივერსიტეტი დაარსდა. უნივერსიტეტი, რომელიც დღეისათვის დაახლოებით 42000 სტუდენტს ითვლის და ბოლო წლების მონაცემების მიხედვით მუდმივად მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის. 833 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტის 70%-ზე მეტი სხვადასხვა სახის გრანტზე მოდის. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ლუნდი საუნივერსიტეტო ქალაქია და ქალაქის განვითარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული უნივერსიტეტთან.
თბილისისგან განსხვავებით ლუნდი არ ტოვებს ქაოტური და უსახური ბეტონის კონსტრუქციებით გადავსებული ქალაქის შთაბეჭდილებას. არც სიმწვანის და პარკების ნაკლებობა იგრძნობა და არც მზის შუქის (იგივე შეიძლება ითქვას მალმოსა და ბევრად დიდ კოპენჰაგენზე). ისტორიულ ნაწილში ვერსად ნახავ უსახური, თანამედროვე არქიტექტურის ჩვენეულ „შედევრებს“. არავის მოსდის აზრად რომელიმე სკვერში სასტუმროს ან ვებერთელა რესტორნის აშენება. უფრო მეტიც, როგორც მითხრეს, ძველი და გამორჩეული შენონების მნიშვნელოვან ნაწილს საერთოდ არ აქვს ძეგლის სტატუსი. არა იმიტომ, რომ არ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ სტატუსის გარეშეც მშვენივრად იცავენ და უფრთხილდებიან.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი მომცრო ზომის ისტორიული შენობის შემდეგ, თვითმმართველობისთვის საჭირო ახალი, მესამე შენობა ქალაქის არა ისტორიულ, არამედ სხვა ნაწილში ააშენა. სწორედ ეს ახალი შენობაა რკინიგზის მოპირდაპირე მხარეს და, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ლუნდში რკინიგზის ლიანდაგები პირობით გამყოფ ხაზს წარმოადგენს. გამყოფ ხაზს ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და უსაზღვრო შესაძლებლობების ნაწილს შორის. ლუნდში ამაყობენ, რომ ეს არის იმ ხედვის ნაწილი, რომელიც ქალაქის სამომავლო განვითარებას ეხება და რომელმაც კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს აქაურობა. ლუნდში ყველაფერი კარგად გათვლილი, დაჯამებული და გააზრებულია. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ერთი ხილული გამყოფი ხაზი რკინიგზის ლიანდაგების სახით და ბევრი უხილავი ხაზი, რომელიც მკაფიო და ნათელ წესებს ადგენს ყველასთვის, მიუხედავად ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა სახის შესაძლებლობებისა.
ლუნდის ფონზე, 13 ივნისის თბილისის სტიქია ჩვენში არსებული გამყოფი ხაზის მრავალგზის დარღვევის ბრალი მგონია მე. იმ გამყოფი ხაზის, რომელიც იმდენჯერ და იმდენით შეიძლება შეცვალო, რამდენჯერაც ჩათვლი საჭიროდ. 13 ივნისი ალბათ გამყოფი ხაზის დარღვევის ის შედეგია, რომელიც ყველაზე საშინელი ფორმით შეიძლება დადგეს.
თუმცა უამრავი წინაპირობა არსებობს კიდევ, რომ ჩვენ გამყოფ ხაზს გადავაბიჯოთ. ვაკის პარკი, „პანორამა თბილისი“, მირზა-შაფი… ამას დავამატოთ კაზრეთი, ჭიათურა, დარიალი, ასევე სხვა დიდი თუ პატარა ჰესები და უამრავი შემთხვევა ლამის უსასრულობამდე უკვე. მერე ჩვენი დამოკიდებულება გავიხსენოთ ამ ყველაფრისადმი და ის სამოქალაქო აქტივობა, რომელსაც ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მართავენ. ადამიანები, რომლებსაც ყველა ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულს და მართულს უწოდებს. სინამდვილეში კი არ უნდათ დაიჯერონ, რომ ბინძური პოლიტიკის მიღმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის ქალაქი და მთლიანად ქვეყანა დგას, რომელიც ჩვენია და არა რომელიმე ხელისუფლების, თუ ე.წ. წმინდა ინვესტორის.
მინდა, აი, ძალიან მინდა, რომ ბევრი ვიყოთ. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ეს რომელიმე ხელისუფლებას შეუძლია წარმოიდგინოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდა, რომ 2015 წლის 13 ივნისი გამყოფი ხაზი გახდეს დაშვებულ შეცდომებსა და უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოს შორის. შეიძლება 13 ივნისი ერთდროულად ბოლო შანსი და გაფრთხილებაა საამისოდ, რომ გამყოფი ხაზი აღარ დავარღვიოთ.