კომენტარი

CENN: მეწყრებს მომხდარი კატასტროფაში არსებითი როლი არ მიუძღვით

18 ივნისი, 2015 •
CENN:  მეწყრებს მომხდარი კატასტროფაში არსებითი როლი არ მიუძღვით

 

მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ

 

მდინარე ვერეზე ჩავლილი კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევი ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ამ მდინარის წყალშემკრებ აუზში 3–3.5 საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა.

 

ასეთი რაოდენობის ნალექი შედარებით პატარა მდინარის აუზში ათეული წლების მანძილზე ერთხელ ხდება. ჩვენი დაკვირვებით, მდ. ვერეს აუზში აღნიშნული წვიმის შედეგად, სავარაუდოდ, მოვიდა დაახლოებით 100 მმ რაოდენობის ნალექი, რაც ამ მდინარის აუზისათვის თითქმის ორი თვის ნორმაა. აღნიშნულის შედეგად, მდინარის ხეობის კალთებზე წარმოიქმნა დიდი რაოდენობის ზედაპირული წყალი. მდ. ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული.

 

აუზის ზედაპირი ამჟამად დაფარულია XX საუკუნეში ადამიანის მიერ ძლიერ სახეშეცვლილი ტყითა და ტყე–ბუჩქნარებით, რასაც თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა (ერთ წამში მდინარის კალაპოტის განივ კვეთში გატარებული წყლის მოცულობა).

 

კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას. ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზიუმთავრესი ხელოვნური მიზეზი ამ წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება.

 

აღნიშნულმა ფაქტმა კალაპოტის გასწვრივ განაშენიანებული ტერიტორიების ნგრევა–განადგურება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ორმა მიწისქვეშა გვირაბმა, არასაკმარისი დიამეტრის გამო, თავისუფლად ვერ გაატარეს დიდი მოცულობის წყალი და გამოიწვიეს მდინარის კატასტროფული ნაკადის შეტბორვა, წყლის ნაკადის მიერ წამოღებული ხის მორებისა და ტოტების ჩახერგვით. ნაკადის შეტბორვის გამო, სწრაფად მოხდა მდინარის დონის აწევა და გვირაბებთან მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა.

 

პირველი წყალგამტარი გვირაბი გასული საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისში იქნა აგებული დღევანდელ გმირთა მოედანთან არსებული მდ. ვერეს ბუნებრივი კალაპოტის ადგილზე. გვირაბის სიგრძე 400 მ–ს აღემატება. ამ გვირაბით მტკვარში, “ლაგუნა ვერეს“ ადგილთან, ხდება მდ. ვერეს კალაპოტის განტვირთვა წყლით. მდ. ვერეს შეტბორვის გამო, ამ გვირაბის დასაწყისში, წყლის დონემ 5–7 მეტრით მაღლა აიწია, რის შედეგადაც ლაფითა და ქვა–ღორღით გაჯერებული ნაკადი გადავიდა ზოოპარკის ტერიტორიაზე და გამოიწვია ადამიანებისა და ცხოველების მასობრივი დაღუპვა. წყლის ნაკადი, ასევე, გადავიდა გმირთა მოედანზე და გააგრძელა გადინება „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით.

 

მეორე წყალგამტარი გვირაბი 1959 წელს ააგეს, ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაყვანის დროს. აქ მდ. ვერეს კალაპოტი მოაქციეს აღნიშნულ გვირაბში, რომელსაც ზემოდან დააყარეს, იქვე, კლდეების აფეთქებით წარმოქმნილი, დაახლოებით, 20 მ სისქის, დაქუცმაცებული მასალა. გვირაბის თავზე ამჟამად გადადის აღნიშნული გზის მონაკვეთი. არც ამ გვირაბის დიამეტრი იძლეოდა კატასტროფული წყალდიდობების დროს წარმოქმნილი წყლის ნაკადის თავისუფალი გატარების საშუალებას.

 

სწორედ ამ გვირაბის მიერ წყლის შეტბორვის შედეგად წყლის დონემ სულ მცირე, 7 მ–ით აიწია მაღლა, რამაც გამოიწვია სვანიძის ქუჩის მდინარისპირა ტერიტორიების ნგრევა–განადგურება. აღნიშნულმა გვირაბებმა ორ დამოუკიდებელ მონაკვეთებად გაყო ტრაგედიის ზონა: გმირთა მოედნიდან ვაკე–საბურთალოს გზამდე და ვაკე საბურთალოს გზიდან სვანიძის ქუჩის ბოლომდე. მდინარის ხეობის პირველ მონაკვეთზე გაყვანილ ახალი გზის დაპროექტების პროცესში არ იყო გათვალისწინებული 1961 წელს მდ. ვერეზე ჩავლილი ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალდიდობის ფაქტი, რამაც მაშინაც გამოიწვია ზოოპარკის დაღუპვა. ეს ფაქტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ამ გზის პროექტის ავტორები დადგებოდნენ მისი ცალკეული მონაკვეთების აკვედუკებზე (5– 7 მ სიმაღლის ხიმინჯებიანი ნაგებობები) განლაგების აუცილებლობის წინაშე. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ახალი გზის გავლენით მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის შეზღუდვა.

 

რაც შეეხება მეწყრებს, მათ მომხდარი კატასტროფის ხდომილებაში რაიმე არსებითი როლი არ მიუძღვით. დეტალურმა გეოლოგიურ–გეომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა და აეროგადაღების მასალებმა ეჭვიმიუტანლად დაადასტურა, რომ ბეთანია–ახალდაბის არეალში წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა, საბედნიეროდ, მდ. ვერეს კალაპოტის ძირამდე ვერ ჩაიტანა ისეთი მოცულობის მეწყრული მასალა, რასაც შეეძლო კალაპოტის ჩახერგვა და ნიაღვრების ხანგრძლივი დროით შეკავება.

 

მაგრამ მომავალში ეს და სხვა შესაძლო მეწყერი დიდი ალბათობით ზემოქმედებას იქონიებენ წყალდიდობებზე. მდ. ვერეზე ჩავლილი უძლიერესი წყალმოვარდნის კატასტროფული ეფექტის მთავარი მიზეზი არის ამ მდინარის კალაპოტისპირა დაბალი ტერიტორიების ადამიანის მიერ არცთუ იშვიათად, წინდაუხედავი, გაუაზრებელი, საღი აზრით დასაბუთებას მოკლებული, სამეურნეო ათვისება, რაც გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან მიმდინარეობს. ეს ხდებოდა, დასაწყისში მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიწის ნაკვეთების დროებით სარგებლობაში გაცემით, რაც შემდეგ კერძო სახლების ასაგებად იქნა გამოყენებული.

 

უფრო დიდი შეცდომა დაშვებულ იქნა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, მაშინ როცა უშუალოდ კალაპოტისპირა დაბალ ტერიტორიებზე დაიწყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაპროექტება და მშენებლობა. ასეთი ნაგებობები მდ. ვერეს ჭალაში და ჭალისპირა დაბალ ტერიტორიებზეა აგებული, რომელთა ზედაპირი ელემენტარული გეოგრაფიული გაგებით პერიოდულად იტბორება ძლიერი წყალდიდობების დროს. რთულია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნა. ბუნებას თავისი დაუწერელი კანონი აქვს. ისეთი ძლიერი წყალდიდობა, რასაც 13 ივნისს ჰქონდა ადგილი, მომავალშიც აუცილებლად განმეორდება. თავიდან რომ იქნეს აცილებული კატასტროფა, ამისათვის საჭირო იქნება, რომ მდინარის ხეობას დაუბრუნდეს ბუნებრივი მორფოლოგიური იერი. ამის მიღწევა არარეალურია, რადგან საჭირო იქნება გმირთა მოედნის გაუქმება, მისი ზედაპირის ქვეშ მდინარის ხეობის აღდგენა, ყველა საინჟინრო ნაგებობის (სახლები, გზები, გვირაბები და სხვ.) გაუქმება და ა.შ.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდ. ვერეს აუზში თუ მოხდება ბუნებრივი ტყის აღდგენა, მაშინ კატასტროფული წყალდიდობების რისკი შემცირდება, მაგრამ ასეთი ღონისძიების გატარებასაც სულ მცირე 40–50 წელი დასჭირდება. მდ. ვერეს შევიწროებული ხეობის ძირის პირობებში, მდინარის მაქსიმალური ჩამონადენის შეკავების მიზნით, წყალსაცავების შექმნაც ნაკლებ ეფექტს მოგვცემს. ეს იმიტომ, რომ წყალსაცავების ფართობი იქნება მცირე (ხეობის მორფოლოგიიდან გამომდინარე) და მათში დაგროვილი წყლის მოცულობა – შეზღუდული. რკინა–ბეტონის კედლებით მდინარის ნაპირების დაცვა დროებითი ღონისძიებაა, თანაც ნაკლებ ეფექტიანი, ნაპირებისა და ჭალების ინტენსიური სამეურნეო ათვისების გამო.

 

დღეისათვის მდ. ვერეზე შექმნილი ჰიდრომორფოლოგიური ვითარების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით რჩება ერთი გამოსავალი – წყალგამტარი გვირაბების დიამეტრის გაზრდა. ამ გვირაბებს შეუძლიათ გაატარონ მხოლოდ 40-50 მ3/წამი მოცულობის წყლის ხარჯი, მაშინ როცა ვერეს ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის (რომელიც წყალმოვარდნამ გაანადგურა) უფროსის, ბატონ მერაბ ალავერდაშვილის დაკვირვებით, 2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს მაქსიმალურმა ხარჯმა 400-500 მ3/წამს გადააჭარბა. უნდა დაიწყოს მდ. ვერეს (და თბილისის შემოგარენში არსებული მსგავსი მდინარეების) წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია. პირველ რიგში, მკაცრად უნდა შეიზღუდოს წყალშემკრებ აუზში ტყის გაჩეხვა და საქონლის ძოვება. პერიოდულად უნდა მოხდეს მდინარეთა კალაპოტების ჩახერგილი მონაკვეთების გაწმენდა სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი ნარჩენებისგან. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მდინარეების კალაპოტში ნარჩენების უკანონო განთავსება. მითუმეტეს, რომ მდ. ვერეს ხეობის ძირი, მისი გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დაკლაკნილი ვიწრო მონაკვეთებისაგან შედგება, რის გამოც კალაპოტის წყალგამტარუნარიანობა ისედაც გართულებულია. აღნიშნულთან ერთად, ხეობის პირველ უბანზე (ზოოპარკი – ვაკე–საბურთალოს გზა) გაყვანილი გზის ის მონაკვეთები, რომლებიც კალაპოტის ზედაპირთან ახლოს არიან განლაგებული, უნდა შეიცვალოს 5-7 მეტრის სიმაღლის აკვედუკებზე მოწყობილი გზის საფარით. არა მარტო მდ. ვერეს მაგალითზე, არამედ ასეთ ღვარცოფსაშიშ მდინარეებზე, რომლებთანაც დაკავშირებულია დასახლებული პუნქტები, გადაუდებლად საჭიროა ადრეული შეტყობინების სისტემების მოწყობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2000 წლის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლება–მოვალეობაში აღარ შედის ქ. თბილისის ტერიტორიის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტოფების მდგომარეობის კუთხით. უკვე 15 წელია არ ხორციელდება კატასტროფების რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

 

აუცილებელია შეიქმნას უწყება, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

მეწყერი ბეთანია–ახალდაბის არეალში, თბილისი, საქართველო, 14 ივნისი, 2015
მეწყერი ბეთანია–ახალდაბის არეალში, თბილისი, საქართველო, 14 ივნისი, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი