დღეს “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულმა ოთხმა წევრმა განცხადება გაავრცელა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ დატოვეს პარტია, ამ განცხადების მიხედვით, მთავარი მიზეზი ისაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მოახერხა არჩევნებში დამარცხების შემდეგ განახლება….
პრინციპში დაადასტურეს ის, რომ კონკრეტული მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს. უბრალოდ ისინი მუშაობენ, შედეგს ვერ იღებენ და როდესაც შედეგს ვერ იღებ, ამას ყველა ერთმანეთს აბრალებს. მე მაგალითი მოვიყვანე, ეს არის ჩვეულებრივი მოდელი საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახის, სადაც ერთ დროს ცხოვრობდნენ ძალიან კარგად, მდიდრულად და შემდეგ სხვადასხვა მოვლენების გამო – დედ-მამა პენსიაზეა, ერთი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ორი დიპლომი აქვს, უმუშევარია, მეორე შვილი ციხეში ზის, ჩაიკეტა სისტემა, არიან ძალიან უბედურები და შემდეგ იწყებენ ურთიერთბრალდებებს. ქმარი ცოლს ეუბნება, ჭურჭელი რატომაა დაურეცხავი, ბავშვები მამას ადანაშაულებენ, რომ ამდენი ფული გვქონდა და რაში გაფლანგე, მამა შვილს ეუბნება- ორი დიპლომი გაქვს და რატომ არ მუშაობ და იწყება ასეთი სკანდალები. მე, სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერში ვერ დავინახე მიზეზი. ის, რომ შედეგს ვერ იღებენ, ეს მათ შორის ამ ოთხი კაცის წარუმატებლობაც არის. სხვისკენ ხელის გაშვერა როგორ შველის ამ პრობლემას, ცოტა არ იყოს, არ მესმის. ამ განცხადებაში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი. რაიმე ტაქტიკური უკმაყოფილება არ ყოფილა.
რა არ განახლდა “ნაციონალურ მოძრაობაში”, ეს არ ჩანს ამ განცხადებიდან?
დიახ. რა უნდა განახლებულიყო, ხომ? “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც არჩევნების გზით კი არ წავიდა უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევანი ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ამ არჩევნებზე ელექტორატმა გარკვეულწილად განაჩენი გამოუტანა პარტიას, რომელიც ეჭვმიტანილი იყო პოლიტიკურ დანაშაულში. ასე გაფორმდა ეს არჩევნები. პოლიტიკური დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სამართლებრივს არ ვგულისხმობ, პოლიტიკურზე ვსაუბრობ, რეაბილიტაცია არ არის მარტივი პროცესი. ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა”, რაც არ უნდა რებრენდინგი გააკეთონ, სანამ ეს ჭრილობები არ მოშუშდება, მათი წარმატება, ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ამ ხალხს ვისთან აქვს პრეტენზია, ცოტა არ იყოს, არ მესმის.
მათ უნდა დაეცადათ პარტიის შიგნით ის დრო, რაც ჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ დამოკიდებულების შეცვლას?
რა თქმა უნდა, ეს უნდა დაივიწყონ ადამიანებმა. დღეს შეიძლება პროტესტი მაღალია და ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმათ აპატიონ. ძალიან ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ადამიანები არ თვლიდნენ ასე- შეიძლება მე მყავს ცუდი ხელისუფლება, მაგრამ მყავს კიდევ უარესი ოპოზიცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, ამ პარტიის ჰიპერაქტიურობა ვერ იქნება წარმატებული ამ სისტემური ხარვეზის გამო. როდესაც ბევრს მუშაობ და შედეგი არ გაქვს, ბუნებრივია, ღიზიანდები, არც ერთ ქართველს თავის თავისთვის დაბრალება არ უნდა და აბრალებს თავის ოჯახის წევრებს. ჯაფარიძის და საერთოდ ამ ოთხეულის ბრალდებები “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ფაქტიურად ავტობრალდებებია იმიტომ, რომ ამ ყველაფერში თავადაც იღებდნენ მონაწილეობას, ეს თითის გაშვერა რას ნიშნავს?
თუ, ვთქვათ, ზურაბ ჟაფარიძე ხედავს, რომ მას არ აქვს საკმარისი ძალა პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს, რატომ უნდა დარჩეს ამ პარტიაში და არ წავიდეს ცალკე?
მე არ ვამბობ, რომ არ უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს, უნდა დარჩეს. საერთოდ არ არის ეს ჩემთვის საინტერესო.
იყო შეფასებები, რომ ეს ადამიანები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ
ეს გასაგებია, ეს არის მათი გარჩევები. ჩემთვის და საზოგადოებისთვის, მე მგონი, ეს არ არის საინტერესო. შინარსი ამ ყველაფერში ნამდვილად არ არის. ჯაფარიძეს რომ ეთქვა, რომ მე მოვდივარ, რადგან შევთავაზე კონკრეტულად, დაუშვათ, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაგვეყენებინა პარტიის თავმჯდომარეობიდან იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილი არის დამნაშავე და ჩვენ გვჭირდება განახლება, გვჭირდება ახალი თავმჯდომარე. ეს იქნებოდა რაციონალური განაცხადი, რაზეც მე შემეძლებოდა მეთქვა, რომ სწორია, ის მართალია თუ არ არის მართალი ამაში. ასეთი არაფერი არ უთქვამს ჯაფარიძეს, ილაპარაკა ბუნდოვანი ცვლილებების აუცილებლობაზე, რაზეც მეორე მხარემ უწოდა უპასუხისმგებლო. ეს ყველაფერი არის ისეთი გარჩევა, რაზეც შეიძლება კომენტარი გავაკეთო.
ისინი ახალ პარტიას აფუძნებენ, თუ ხედავთ რაიმე რესურს მათში?
ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც საქართველოში ყველას გონია, რომ შეუძლია ქვეყნის გადარჩენა. კიდევ ერთი რიგითი გადამრჩენელი მოევლინა ამ ქვეყანას. ასეთები ათასობით არიან ამ ქვეყანაში, ვისაც გონია, რომ აქვს ამის რესურსი.
ბატონო გია, არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ისინი შეუერთდნენ პოლიტიკურ გაერთიანება ივერიას. ვერც ამ შემთხვევაში ვერ ხედავთ რესურს?
არ არის საინტერსო, რაც უნდათ ის ქნან, ან ეს ივერია ვინ არის?
ის ადამიანები არიან, მაგალითად, როგორც გია ნოდია ამბობს, რომლებიც ნაკლებად ასოცირდებიან “ნაციონალური მოძრაობის” უარყოფით მხარებთან
რატომ ასოცირდება იმ რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაკლებად უარყოფით მხარეებთამ?
მაგალითად, ისეთ ფიგურებთან შედარებით, როგორიცაა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია
კი ბატონო, ციხეში არ სხედან, ეს განსხვავება არის, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სად გაურბის ეს ხალხი, ამას ხომ ვერ გაექცევა? პასუხისმგებლობა მარტო სისხლის სამართლის ხომ არ არის. პოლიტიკურიც ხომ არსებობს?! მათი ტანდემი კი არა, კიდევ 5 პარტიაც რომ მიიერთონ, მაინც ვერ იქნება წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მის მიმართ იყოს უარყოფითი განწყობა, ერთადრთი ავტორიტეტი ამ ფლანგზე არის მიხეილ სააკაშვილი, მის გარეშე, მის მიღმა ამ ფლანგზე რაიმეს გაკეთება არის უბრალოდ ილუზია. იმიტომ, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური მოთამაშეები. ამ ფლანგზე ერთადერთი მოთამაშე არის მიხეილ სააკაშვილი.
ის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც არსებობს “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, არ არსებობს მიხეილ სააკაშვილი მიმართ?
უარყოფითი დამოკიდებულებაც დამოკიდებულებაა, მთავარი ინდიკატორი ამ შემთხვევაში არ არის რეიტინგი, მთავარი ინდიკატორი არის ავტორიტეტი. მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულებაა აქვთ მის მიმართ, პოზიტიური თუ ნეგატიური, ის აღიარებული ავტორიტეტია. მას შეუძლია. შესაბამისად, ელექტორატს, რომელიც ამ ფლანგზე ყალიბდება, შეიძლება რაღაც არ მოწონდეს სააკაშვილის, მაგრამ მათ აქვთ განცდა, რომ სააკაშვილს შეუძლია ამოცანების გადაწყვეტა, სხვებს არ უყურებენ სერიოზულად. ისევე როგორც მეორე ფლანგზე, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება ან დადებითი, მაგრამ ის არის აღიარებული ავტორიტეტი. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ის ახდენს გავლენას პროცესებზე, სხვები არიან მხოლოდ შეფუთვა. ასეა მიხეილ სააკაშვილიც. კი ბატონო, გაღიზიანებულია ვიღაც მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ ყველას გონია, რომ პროცესებს ის მართავს და, შესაბამისად, ის ახდენს ელექტორატის კონსოლიდაციას. დანარჩენი ყველაფერი ეს არის შეფუთვა, ვიღაცები ჭკვიანურად ლაპარაკობენ ტელეეკრანებთან, მაგრამ რეალური განცდით ისინი არ წარმართავენ პროცესებს. ისინი არიან პროცესის ფიგურანტები, მსახიობები, მაგრამ მთავარი მოთამაშე არის სააკაშვილი, შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი იქნება იქ, სადაც იქნება სააკაშვილი.
“ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” ჰყავს თავის ამომრჩეველი, მაგრამ ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს სივრცე ახალი პარტიებისთვის, ხომ შეიძლება, რომ ამ ოთხულმა მოიზიდოს ის ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი?
არა, საქმეც ეგ არის. “ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფებმა რომ მოიზიდონ ეს ელექტორატი, რამდენიმე პროცნტი შესაძლებელია, მაგრამ მათ აღქმაში ასეთი დანაყოფი ინაწილებს განვლილ 9 წელიწადზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ეს მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხალია. მით უმეტეს, ახალი გზავნილი ხომ ამ ადამიანებს არაფერი არ აქვთ, მათი რიტორიკა იმეორებს “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას. რაზეა საუბარი ? ეფექტურ მმართველობაზე, ევროინტეგრაციაზე, არაფერი სიახლე მათ არ მოაქვთ. შესაბამისად, რატომ უნდა მისცეს ხმა მათ ამომრჩეველმა? თქვენ გგონიათ, რომ არსებობდა ვინმე, ვისაც მოსწონდა ჯაფარიძე და არ მოსწონდა “ნაციონალური მოძრაობა”? ასეთი ადამიანი არ არსებობს საქართველოში. მას შეუძლია ელექტორატი წამოიყვანოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებიდან. ნეიტრალური ადამიანებიდან, რომლებმაც “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებზე ვერდიქტი გამოუტანეს, იქიდან ისინი ამ ციკლში ვერავის ვერ წამოიყვანენ. შემდეგ ციკლში შეიძლება.
რამდენად მნიშვნელვანი დანაკლისია ეს ოთხი ადამიანი “ნაციონალური მოძრაობისთვის”?
ეს ტექნიკური დანაკლისი შეიძლება იყოს. დღეს რომ გავზომოთ, შეიძლება გამოჩნდეს, რომ რაღაც დააკლდათ, მაგრამ გადაჯგუფდებიან და ორი სამი კვირის შემდეგ არც არავის ეხსომება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ პროცსების წარმართვა ვერტიკალში უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. პარტია და პარტიის მხარდაჭერა არის იქ, სადაც არის მიხეილ სააკაშვილი.