კომენტარი

ზურაბ ჯაფარიძე: არ ვაპირებთ ენმ-ს შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას

27 მაისი, 2015 •
ზურაბ ჯაფარიძე: არ ვაპირებთ ენმ-ს შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას

პირველ რიგში რომ აგვიხსნათ, ვინ აპირებს ამ ოთხეულიდან 2016 წელს საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას და ვინ არა, რადგან ეს ნაწილი განცხადების ტექსტში ცოტა ბუნდოვანია. ერთგან წერია, რომ კენჭისყრას არ აპირებთ და შემდეგ საუბარია 2016 წლის გეგმაზე ახალი პოლიტიკური ცენტრის თაობაზე…

მანდატისთვის ბრძოლას მე ვაპირებ, თუმცა ამის გაკეთებას არ აპირებენ ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ პარტიიდან.

 

რატომ?

 

პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე მიიჩნევენ, რომ მოსახლეობაში სიახლის მოლოდინია და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოების დაკვეთას უპასუხოს. ისინი ამბობენ, რომ იბრძოლებენ თავისი მიზნებისთვის, რომლებიც არ შეცვლილა, თუმცა არა ადგილებისთვის პარლამენტში, რადგან იქ სხვა, ახალი ადამიანები უნდა შევიდნენ.

 

ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრი, სადაც ძალიან ბევრ კვალიფიციურ ადამიანს მოვიზიდავთ, რომლებიც ჩაერთვებიან პოლიტკურ პროცესში და იბრძოლებენ იმისთვის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვან ღიად და ან დე ფაქტო პრორუსული ძალების გამარჯვება. ჩვენი მთავარი მიზანი არის ეს. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან, უბრალოდ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები გავააქტიუროთ. იმედი გვაქვს, ისინი მოვლენ და ჩვენთან ითანამშრომლებენ.

 

რა ხედვას შესთავაზებთ ამომრჩეველს? პროგრამაში იქნება ასახული თქვენი ლიბერტარიანული ხედვები?

საგარეო საკითხებს რაც შეეხება, ხედვა იქნება ცალსახად პროდასვალური კურსის, ანუ ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეოკუპაციის პოლიტიკა, რაც ტარდებოდა ქვეყანაში წლების წინ, ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა ეს პოლიტიკა შესუსტებულია.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, კი, ჩვენ ვიქნებით თავისუფალი ბაზრის მომხრე და ვეცდებით, რომ დავიცვათ ეს პრინციპები იმიტომ, რომ ეს არის ერთადაერთი გზა იმისათვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს სიღატაკიდან, სწრაფად მივაღწიოთ გამდიდრებას და დავეწიოთ ევროპულ საშუალო ცხოვრების დონეს. ჩვენი მიზანი გაცილებით ამბიციურია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო შეიძლება უკეთესიც იყოს [ვიდრე საშუალო ევროპული ცხოვრების დონეა].

 

რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც დატოვეთ პარტია, თავისუფალი ბაზრის პრინციპის დაცვის საკითხი, იგივე ახალი ადამიანების მოზიდვის თუ განახლებების თემა, ენმ-ს შიგნით დისკუსიის ფარგლებში ვერ გადაწყდებოდა?

 

გარდა იმისა, რაც ჩვენი განცხადების ტექსტშია მოცემული, დამატებით განმარტებებს მიზეზებთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ.

 

მხოლოდ ესაა თქვენი განმრტება?

 

არ ვაპირებთ ენმ-ს შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანას. არც ახლა და არც მომავალში ეს არ მოხდება. მიზეზებზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ იმით, რაც განცხადებაში წერია.

 

რაც შეეხება წამოსვლის ფორმებს, რის თაობაზეც გაისმა კრიტიკა თქვენი მისამართით თქვენი უკვე ყოფილი თანაგუნდელებისგან?

 

ამაზეცაა ჩვენი განმარტება ტექსტში და დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ.

 

შესაძლებელია თუ არა თქვენი თანამშრომლობა მოძრაობა “ივერიასთან”, რომელიც ყოფილმა დიპლომატებმა დააფუძნეს?

 

“ივერიასთან” ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ივერიის წევრია ჩემი ძმა, რომელთანაც რაღაც დონის კომუნიკაცია მაქვს. მინდა გითხრათ, რომ ენმ-დან ჩემი წამოსვლის გადაწყვეტილება მისთვისაც სიურპრიზი იყო. ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, როდესაც აქ გუნდი ჩამოყალიბდება.

 

გუნდს ახსენებთ და საიდან უნდა მოვიდნენ ის ახალი ადამიანები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ?

 

ეს ადამიანები არიან აკადემიურ წრეებში, უნივერსიტეტბში, არასამთავრობო სექტორში, არიან ინდივიდუალური ექსპერტებიც… ისინი გარკვეული თვალსაზრისით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულები არიან, მაგრამ არა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ გვინდა, რომ ისინი პოლიტიკაშიც გავააქტიუროთ.

 

ენმ-დან ხომ არ აპირებს კიდევ ვინმე თქვენთან გადმოსვლას?

 

არ მიფიქრია ამაზე. ჩვენ არავისთან არ გვაქვს კონსულტაცია, რა მოხდება, მომავალი გვაჩვენებს.

რაც შეეხება თქვენს საპარლამენტო საქმიანობას, ამჟამად გაქვთ ოთხი მანდატი, გაკლიათ ორი დეპუტატი იმისათვის, რომ ფრაქცია ჩამოაყალიბოთ. რას აპირებთ?

 

ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში ბრძოლის ისე გაგრძელებას, როგორც აქამდე ვიბრძოდით. ჩვენ ყოველთვის წინა ხაზზე ვიყავით და ვაპირებთ დავრჩეთ აქტიურები. რაც შეეხება ფრაქციას, არავისთან ამ თემაზე პარლამენტში კონსულტაცია არ გვაქვს. თუ ასეთი რამ იქნება, საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებთ.

 

თავისუფალ დემოკრატებთან შესაძლო თანამშრომლობაზე რას ფიქრობთ?

 

რაც შეეხება ზოგადად თანამშრომლობას, სხვადასხვა საკითხი შეიძლება იყოს, რომელზეც ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. ეს ძალიან ნორმალური პროცესია. ჩვენთვის მთავარია პრინციპები და არა რაღაც აფილაცია რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

 

ელისო კილაძემ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაგადანაშაულათ იმაში, რომ პარტიის დატოვების რეალური მოტივაცია ფულია, იგი რამდენიემ სახელსა და გვარს ახსენებდა, მათ შორის ჯოზეფ ქეის და ასე შემდეგ. რას უპასუხებთ ამ ამ განცხადებებს?

ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული ნეგატიური კამპანიის მიზანი არის ის, რომ იმ კვალიფიციურ და კომპეტენტურ ადამიანებს, რომელთა გააქტიურებას ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, გაუჩნდეთ ნეგატიური განცდა ჩვენთან მიმართებაში… მოერიდონ ჩვენთან თანამშრომლობას და იფიქრონ, თუ ამ ადამიანების გვერდით დავდგებით, ჩვენც მოგვხვდება ტალახიო. ეს არის ხელის შეშლის მცდელობა, რათა ჩვენთან არ მოვიდნენ წესიერი ადამიანები, თუმცა ამ კამპანიით ვერ დადასტურდება ვერც ერთი ის სიბინძურე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ტრიალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი