კომენტარი

ირაკლი მჭედლიშვილი: თურქეთი ნატოში საქართველოსთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის

18 მაისი, 2015 • • 2319
ირაკლი მჭედლიშვილი: თურქეთი ნატოში საქართველოსთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის

რამდენად მნიშვნელოვანია თურქეთის მხრიდან დაფიქსირებული ასეთი მკვეთრი პოზიცია და რას ცვლის ის საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე?

 

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, შესაბამისად, მისი პოზიცია, რომ ასე აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს, ხაზი გაუსვას მის ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნოს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის პროგრესი ნატოს სტანდარტზე გადასვლის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ნატო, ისევე როგორც ბევრი სხვა დასავალური ორგანიზაცია, ყველა წევრს შორის კონსენსუსის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ, თითოეული ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

 

ნატოში გაწევრიანების საკითხში თურქეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი, მაგრამ ამის ხაზგასმა ზედმეტი არასოდეს არის და ჩავუშოღლუს ეს განცხადება ჩვენს პოზიციებს აძლიერებს.

თქვენ თქვით, რომ თურქეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ გახსენდებათ თქვენ, რომ თურქეთს კონკრეტული თარიღი დაესახელებინოს, რომ აი, ამ წელს, საქართველო ნატოში მოვიწვიოთო?


ირაკლი მჭედლიშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ირაკლი მჭედლიშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება

თუ არ ვცდები, ჩიკაგოს სამიტზე [2012 წელი] იყო [თურქეთის] განწყობები ისეთი, რომ შემდეგი სამიტი გაფართოების მიეძღვანასო, მაგრამ ერთია განწყობები, სურვილები და მეორეა რეალობა, ანუ გარემოებები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ სურვილების რეალიზაციის გზაზე. კერძოდ, რომ არ ყოფილიყო დაძაბული საერთაშორისო გარემო, რის გამოც ნატოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება მოუხდა, იგივე ჰიბრიდულ ომზე რუსეთთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, 2014 წლის უელსის სამიტზე უფრო მეტი ყურადღება დაეთმობოდა საქართველოს. ასეთი კონკრეტულობა [თურქეთის] მხრიდან ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, ეს არის პროცესი და თურქეთის პოზიცია ჩვენთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

 

თუმცა რამდენად გაქვთ იმედი, რომ თურქეთის პოზიცია რეალობას შეცვლის, თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ბოლო განცხადების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც “ამ ეტაპზე NATO არ უნდა გაფართოვდეს”, მანამდე დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც.

რთული სათქმელია, ეს იყო თურქეთის მხრიდან (ნატოს) საერთო პოზიციის ასახვა, თუ სპეციფიკურად თურქეთის დამოკიდებულების დემონსტრირება გაფართოების საკითხისადმი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება: უსაფრთხოების გარემო ჩვენ რეგიონში კვლავაც არ არის პროგნოზირებადი, ჩვენი უსაფრთხოების სისტემებიც… ძალიან ბევრი ფაქტორზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, არსებობს შემაფერხებელი ფაქტორები, რომელიც ხელს გვიშლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი დავყაროთ და სტრატეგიული გეზი შევიცავლოთ.

 

რუსეთს გულისხმობთ შემაფერხებელ ფაქტორებში?

 

დიახ. რუსეთს აქვს თავისი ქსელი და მეთოდები, რასაც ჰიბრიდულ ომს ეძახიან, ეს სწორედ ის საშუალებებია, რითიც რუსეთს შეუძლია იმოქმედოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

 

ჩვენ მივისწრაფით, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა იყოს ძლიერი დამოუკიდებელი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ასე არ არის. საქართველოში ჯერაც არ მომხდარა ის ძირეული დმეოკრატიული რეფორმა, რომელიც ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გატარდა. ვგულისხმობ სისტემის ძველი, რუსეთზე ორიენტირებული ჯგუფებისგან გაწმენდას. ეს ძალიან რთული პროცესია. ამას მარტო ქვეყანა ვერ დაძლევს სჭირდება ხელშემწყობის ფაქტორები და საჭიროა წინ მოძრაობა.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ 2016 წელს სამიტი გაფართოებას მიეძღვნება და ქვეყნებმა, რომლებმაც პროგრესი აჩვენეს, დადებითი პასუხი უნდა მიიღონო. მან ასევე განაცხადა, რომ  ამ ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ვარშავაში უნდა მიიღონ მოწვევა წევრობაზე. ჩემთვის რამდენადაცაა ცნობილი, მოწვევა ნატოში გაწევრიანების ბოლო ეტაპია, თუმცა მანამდეა მაპი, იგივე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რაც საქართველოს არ აქვს. გამოდის, რომ ჩავუშოღლუმ საქართველოსთან მიმართებაში მაპის ეტაპი გამოტოვა?

 

როცა ამბობენ, რომ საქართველომ თავის დროზე მაპზე უკეთესი მიიღო, მართლაც ასეა, იმიტომ, რომ გარკვეული  რეფორმები [რასაც საქართველოს ახორციელებს] მაპის დონის არის. ნატოში გაწევრიანების პროცესი არ გავს აბიტურიენტის მიერ ეროვნულ გამოცდების ჩაბარებას, სადაც ყველაფერი გაწერილია. ნატოში ასეთი დადგენილი პროცედურა არ არსებობს. ნატო წვერობის მსურველთათავის მოთხოვნების და პირობების მოზადებისას ამოდის კონკრეტული სიტუაციიდან, შესაბამისად გადაწყვეტილებებიც ასე მიიღება.

 

ამიტომ, ცოტა რთული გასაანალიზებელია რა იგულისხმა მოწვევაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ის გულისხმობს, რაიმე კონკრეტულს თუ ზოგადად ინტეგრაციას ნატოსთან, ამიტომ ამაზე უფრო კონკრეტულად ვერ ვიმსჯელებთ.

თუ იქნება ახალი პირობები მეტი ინტეგრაციისთვის, ძალიან კარგია, მაგრამ ამ ეტაპზევე წევრობას მე გამოვრიცხავ, თუ რაღაც გლობალური პოლიტიკური მიწისძვრა არ მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი