კომენტარი

კახა გოგოლაშვილი: შემოდგომზე შესაძლოა, ზედმეტი ხმაურის გარეშე მოგვანიჭონ უვიზო რეჟიმი

14 მაისი, 2015 • • 1369
კახა გოგოლაშვილი: შემოდგომზე შესაძლოა, ზედმეტი ხმაურის გარეშე მოგვანიჭონ უვიზო რეჟიმი

– შტაინმაიერის ეგ განცხადება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს ეხებოდა, რომელიც პირდაპირ კავშირში რიგის სამიტთან არ არის. სკეპტიკური მოსაზრებები კი იგივე რადიო თავისიუფლების მხრიდან უფრო უშუალოდ რიგის სამიტთან დაკავშირებით ვრცელდება. ჩვენ ეს ორი რაღაც უნდა გავმიჯნოთ. რიგის სამიტზე ჩვენ იმის განცხადებას მოველოდით, რომ საქართველომ სრული პროგრესი აჩვენა და ღირსია, რომ უვიზო რეჟიმი მიიღოს, რაც არ მოხდება…  ამას არ განაცხადებენ, უბრალოდ იტყვიან, რომ საქართველო და უკრაიანა უვიზო რეჟიმს მიიღებენ მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნებიან. მე იმედი მაქვს და ბევრი ამბობს ამას, მათ შორის ევროკავშირის წრეებშიც, რომ 2016 წელს უვიზო რეჟიმი უკვე გვექნება. რაც შეეხება უშუალოდ რიგის სამიტს, მოლოდინები გამართლებული არ იქნება იმიტომ, რომ ეს სამიტი, პრაქტიკულად, ახალს არაფერს იტყვის ინტეგრაციის სტატუსთან დაკავშირებით.


კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

 

თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

 

სამიტის დეკლარაციის ტექსტი უკვე მზად არის და მე მქონდა შესაძლებლობა, რომ არაფორმალურად გავცნობოდი, მაგრამ ეს სამუშაო დოკუმენტია, მისი სრული ციტირების უფლება  და გავრცელების უფლება არ გვაქვს… ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ იმ ტექსტში რაიმე შესწორების შეტანა შეუძლებელია.  ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ ტექსტზე კონსენსუსი უკვე არსებობს და მასში შესწორების შეტანა ახლიდან განხილვას, კონსულტაციებს და ხელახალ კონსენსუსს მოითხოვს, რაც ტექნიკურად ძალიან რთულია. ამიტომ, სავარაუდოდ, საბოლოოდ ის ტექსტი იქნება მიღებული, რომელიც დრაფტის სახით უკვე მომზადებულია. ეს სამიტი უბრალოდ აჩვენებს ევროკავშირის გარკვეულ სტაბილურ დამოკიდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, სტაგნაციაზე არ არის საუბარი.

 

წევრობის პერსპექტივაზე თუ არის საუბარი იმ ტექსტში, რომელიც თქვენ ნახეთ?

 

ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი არ არის, სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ არავითარ გარღვევაზე არ არის იქ ლაპარაკი.

 

კონკრეტულად უვიზო მიმოსვლაზე რა წერია დეკლარაციის დრაფტში?

 

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემა ძალიან ნეიტრალურ კონტექსტშია ნახსენები: ქვეყნები მიიღებენ მაშინ, როდესაც მზად იქნებიან ამისთვის. პრინციპში მაშინ, როცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედება დაუშვეს. სწორედ ასე გვითხრეს, რომ როცა შეასრულებთ  სამოქმედო გეგმას (VLAP), შემდეგ მიიღებთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასო.

 

თუმცა ცოტა ურთიერთგამორიცხავი საკითხები ხომ არ არის, თუ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში პოზიტიურია,  დეკლარაციაში რატომღა უნდა ჩაწეროს ევროკავშირმა, რომ როდესაც მას შეასრულებთ, შემდეგ დავაწესებთ უვიზო რეჟიმსო?

 

არაფერი ურთიერთგამომრიცხავი არ არის. VLAP-ის ანგარიში რიგის სამიტთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის. არავინ თხოვს ევროკავშირს და რიგის სამიტს, რომ თუ VLAP-ის ანგარიში დადებითია, გინდა თუ არა განცხადება გააკეთეთ, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმს ვაძლევთო. სამიტის ჰოლდინგი აუცილებლად არ უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშის ლოზუნგს, თან ამ ანგარიშშიც არაა ნათქვამი, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა მიენიჭოსო.

 

რა არის მიზეზი, რომ ამ სამიტზე არ ელით იმას, რისი მოლოდინიც საქართველოში საზოგადოებას აქვს უვიზო მიმოსვლის კუთხით, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ეს არის უკრაინა, უფრო სწორად ის, რომ უკრაინა და საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ერთ ხაზზე განლაგდნენ ამ სამიტის წინ და ეს შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი იყოს საქართველოსთვის…

 

სამიტის დეკლარაციის კონტექტსში ვიტყვი, რომ ასეთი მოსაზრება შეიძლება მართალი იყოს. ანუ იმის გამო, რომ უკრიანასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღწევა შეუძლებელია ევროკავშირის მხრიდან, ორივე ქვეყანაზე ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომ მათ მივცეთ უვიზო რეჟიმი, არ გამოვიდოდა… მეორე მხრივ, ამ დეკლარაციაში მხოლოდ საქართველოს დაწინაურება ასევე არ იქნებოდა მართებული, რადგან უკრაინელები დაჩაგრულად იგრძნობდნენ თავს. მათ ახლა ძალიან სჭირდებათ პრესტიჟი და არ არის საჭირო, რომ რუსეთმა ილაპარაკოს, საქართველო წინ წასწიეს და უკრაინა ჩამორჩაო. სწორია, რომ დეკლქრაციაში ასეთი რაღაც არ წერია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ, მაგალითად, 2015 წლის შემოდგომაზე ევროკავშირის საბჭომ განიხილოს საკითხი და თქვას, რომ საქართველო უკვე მზად არისო და ასე ჩუმად არა, მაგრამ ზედმეტი ხმაურის გარეშე მოგვანიჭონ უვიზო რეჟიმი. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ასე მივიღოთ უვიზო რეჟიმი, ოღონდ, რიგის სამიტზე ამის გაცხადება ალბათ მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

 

იმიტომ, რომ უკრაინას არ აძლევენ უვიზო რეჟიმს?

 

დიახ.

 

რა არის ამის მიზეზი?

 

არის პირობები, რომელსაც უკრაინა ახლა ფიზიკურად ვერ შეასრულებს, მაგალითად, კიევი ვერ აკონტროლებს თავის საზღვრებს და მიგრაციულ ნაკადებს დონბასიდან რუსეთში და ვინ გადადის, ვინ გადმოდის, რა შეირაღებული ჯგუფები მოძრაობენ – ამას უკრაინა სრულად ვერ აკონტოლებს. მიგრაციული პოლიტიკის აღსრულების დარგში უკრაინას აქვს პრობლემა. თან ძალიან ბევრი ლტოლვილი გაჩნდა უკრაინაში, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი. არსებობს უსაფრთხოების პრობლემები. დოკუმენტების უსაფრთხოებაც ამ პირობებში მაინცდამაინაც გარანტირებული არ არის. ეს არის ობიექტური პირობები, რომლებიც უკრაინის ომთანაა დაკაშირებული.

 

საზღვრის საკითხზე იმავე ლოგიკით შეიძლება საქართველოც არ იყოს მზად…

 

საქართველოში ბევრად უფრო კარგად კონტროლდება იმავე აფხაზეთის მონაკვეთი და სამხრეთ ოსეთიც. იქიდან ტერორისტები მარტივად ვერ გადმოვლენ და ასე შემდეგ. უკრაინაში კი ცხელი წერტილია და დაახლოებით 100-კილომეტრიანი მონაკვეთი მოშიშვლებულია, სადაც ადამიანებს მხოლოდ დონბასის შეიარაღებული ფორმირებები ამოწმებენ, რომლებსაც როგორ შეიძლება ენდო?

 

პოლიტიკურად რამდენად ადეკვატური იქნება, თუ საბოლოო ჯამში სამიტზე ევროკავშირი იმ დეკლარაციის ტექსტს გამოიტანს, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ? თუნდაც იმავე რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში…

 

საერთო ჯამში, [ეს ტექსტი] პესიმიზმს იწვევს. ჩვენთან სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, რომ ხალხი პროგრესს სხვა მიმართულებიდან ელოდება, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცის კუთხით. რა თქმა უნდა, სამიტი, რომელიც ამაზე არაფერს ამბობს, ჩვენთვის ცოტა იმედის გაცრუების საბაბს იძლევა და ამ თვალსაზრისით მოსახლეობასთან კომუნიკაცია ძნელდება, რთულია ადამიანების დარწმუნება, რომ პროგრესი არსებობს. მაგრამ ამ ყველაფერს გრძელვადიანი პერსპექტივით რომ შევხედოთ და გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც ახლა ძალიან მაღალია ევროპაში… იგივე შიშები ტერორიზმთან ან მიგრაციასთან დაკავშირებით. თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ხმელთაშუა ზღვიდან ათასობით მიგრანტი შედის ევროპაში, ნაწილი ვერც შედის, იღუპება და ასე შემდეგ. ასევე ევროპაში იზრდება ნაციონალისტური პარტიების გავლენა, რომლებიც მოითხოვენ, რომ მიგრაცია საერთოდ ჩაიკეტოს და ასე შემდეგ. ამ ფონზე ევროკავშირის მხრიდან ასეთი ღია განაცხადის გაკეთება რთულია.

 

თქვენ თქვით, რომ არა ამ სამიტზე, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ საქართველომ უხმაუროდ მიიღოს უვიზო რეჟიმი შენგენის ზონასთანო, მაშინ ამ მოლოდინის საფუძველი საიდან გაქვთ?

 

ჩვენ გეგმას თუ შევასრულებთ, მერე ძნელი იქნება [ევროკავშირის მხრიდან] უარის თქმა. შემდეგ საქართველოს დიპლომატიამ უნდა იმუშაოს, სულ უნდა შეახსენოს, უნდა განახორციელოს პრესინგი ევროსტრუქტურებზე, რათა ისინი დათმობაზე წავიდნენ. გასაგებია, რომ ევროკავშირის მოსახლეობაში ეს იდეა [ახალ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება] მაინცდამაინც პოპულარული არ არის, მაგრამ მთავრობები უნდა წავიდნენ რისკზე და თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღონ.

 

2014 წლის ბოლსკენ, როდესაც თავისუფალი დემოკრატები იკავებდნენ საგარეო პოლიტიკის წარმმართველ თანამდებობებს მთავრობაში, ისინი იმედოვნებდნენ, რომ რიგის სამიტზე მოესწრებოდა უვიზო რეჟიმზე პოლიტიკური განცხადების გაკეთება… მას შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ ხომ არ დააკლო რაიმე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს?

 

არა, ჩემი აზრით. ამის შემდეგ დაჩქარდა კიდევაც რეფორმები, რომლებიც VLAP-ის განხორციელებისთვის იყო საჭირო. უბრალოდ, საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა და კიდევ ერთხელ დამძიმდა ევროპაში განწყობები, რომლებიც ხელს არ უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის სწრაფად დასრულებას. რაც შეეხება ამ მიმართულებებით მთავრობის მუშაობას, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი