კომენტარი

გოგოლაშვილი: ეს 31% ცალსახად პრორუსული არაა და ხშირად არასწორადაა ინფორმირებული

11 მაისი, 2015 • • 1019
გოგოლაშვილი: ეს 31% ცალსახად პრორუსული არაა და ხშირად არასწორადაა ინფორმირებული

NDI-ის კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში პირველად ვერ მოხვდა, რით შეიძლება ამ საკითხის ჩამოქვეითება აიხსნას?

 

მე ასე მგონია, რომ ეს საკითხი კითხვის დასმისას არ იყო კარგად ახსნილი, რას გულისხმობდნენ.

 

ეს კითხვა ყოველთვის ერთნაირად იყო ფორმულირებული და ადრე მოწინავე ადგილს იკავებდა.

 

კი, ნამდვილად ასე იყო. სხვა კვლევებშიც ასე იყო, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რატომ მოხდა NDI-ის კვლევებში ასეთი ცდომილება. მე მაინც მეთოდოლგიას დავუკავშირებდი.

 

ამბობთ, რომ ეს მონაცემი NDI-ის მეთოდოლოგიას უკავშირდება და არა მოსახლეობის განწყობის ცვლას?

 

არა მგონია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შეცვლილიყო. უბრალოდ, გააჩნია, როგორ იყო საკითხი დაყენებული. თუ საუბრობდნენ გრძელვადიან პრიორიტეტებზე, მაშინ აუცილებლი იქნებოდა [პირველ პოზიციებზე], მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გამოკითხულების ერთმა ნაწილმა ისე გაიგეს კითხვა, როგორ მოკლე ვადაში გადასაჭრელი პრიორიტეტების საკითხი და ამიტომ მოხდა ჩემი აზრით ეს, შეიძლება სხვა ინტერპრეტაცია ჰქონდეს ამას, მაგრამ არა მგონია, მოსახლეობაში ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მოგვარების საკითხი პრიორიტეტულად არ ითვლებოდეს.

 

ამ შედეგის ანალიზისთვის დაგვეხმარებოდა ის საკითხები, რომლებიც წინ უსწრებს ამ პასუხს – ესენია სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა  და სიღარიბე. სამი მთავარი ეკონომიკური საკითხი მოხვდა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ჩამოქვეითება ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მწვავე გახდა ეკონომიური საკითხები და ამიტომ დაიკავა პირველი სამი პოზიცია?

 

ალბათ ამან ზემოქმედება იქონია, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ამ საკითხს დავაკვირდებით და თუ კარგად იქნებოდა ახსნილი, რომ  სახელმწიფო პრიორიტეტებზეა საუბარი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ, მე მგონი, ერთ-ერთ პირველ ადგილას ტერიტორიულ მთლიანობას დააყენებდნენ, მაგრამ სიღარიბე ლარის ინფლაციის ფონზე იმდენად აქტუალური გახდა მოკლევადიან პერსპექტივაში, თუნდაც დღევანდელობაში, რომ ამანაც ალბათ იმოქმედა. პასუხები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვიღებთ, შეიძლება არ იყოს იმდენად ობიექტური, რამდენადაც გამოწვეული ამ მომენტისთვის არსებული პანიკური სიტუაციით. თუ ლარი დასტაბილურდება, ცოტა ხანში ვნახოთ, რა რეაქციას მისცემს მოსახლეობა. ეკონომიკური საკითხები უფრო მოკლე და მაქსიმუმ საშუალოვადიანი გადასაწყვეტი საკითხებია, მაგალითად, ახლავე უნდა გაჩერდეს ლარის ვარდნა. ეს გადანაცვლება მყისიერად მოხდა, გრძელვადიანი პრიორიტეტები ასე მყისიერად არ იცვლება. შესაძლოა, კითხვები ისე იყო დასმული, რომ მოკლევადიანი პრობლემების პრიორიტეტიზაცია მოხდა.

 

ამ კონტექსტში ალბათ საინტერესოა შემდეგი მონაცემი, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 31 %-ისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია. არის თუ არა ეს გამოწვეული იმ ფრუსტრაციით, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება?

 

არა მგონია. ეს შედეგი არაინფორმირებულობითაა გამოწვეული. შესაძლებელია ქვეყანაში ადამიანების 31% იყოს, რომელიც ვერ ხედავს განსხვავებას ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის. შესაძლებელია, ზოგმა იფიქრა, რომ ეს ევროკავშირია. მოსახლეობის ნაწილს არ ესმის, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია ურთიერთგამომრციხავი ალტერნატიული პროექტებია. წარმოუდგენიათ, რომ ორივეგან ინტეგრაცია შესაძლებელია. ვიტყოდი, რომ დიდ ნაწილს არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ეწინააღმდეგება ევრო-ატლანტიკურ კურსს და გამორიცხავს მას. ამიტომ ის ამას პასუხობს როგორც დასაშვებ შესაძლებლობას – რატომაც არა, თუ ეს ცუდს არ მოგვიტანს?! საქართველოს ბევრ რეგიონში მოსახლეობას არ აქვს სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი რეალურად. ევროკავშირში ინტეგრაცია უნდათ, მაგრამ არ იციან, რა არის ასოცირება და სხვა.


კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

 

რის გამოა, რომ გვინდა ინტეგრაცია, მაგრამ არ ვიცით რა ორგანიზაციაა ის, სადაც გაწევრიანება გვსურს?

 

ბევრი მიზეზია. სულ ორი წლის წინ შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია, რომლის რეალიზაციაზე საკმარისი სახსრები არ იხარჯება, აუცილებელია კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერება, რომელიც მიმართულია იმაზე, ინფორმაცია მიაწოდოს ევროინტეგრაციის შესახებ მოსახლეობას. საკმარისი სახსრები და ძალისხმევა არ იხარჯება ამ მიმართულებით წინა და ამ ხელისუფლების მიერ. მაგალითად, სკოლებში არ არის სახელმძღვანელოები, სადაც ევროკავშირზე იქნებოდა ახსნილი, არ არიან მომზადებული მასწავლებლები. ფართო საზოგადოებაში არ ტარდება სემინარები და ლექციები, ბროშურები არ გამოდის, ტელეგადაცემები არ არის საკმარისი რაოდენობით. საბოლოო ჯამში, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის გარკვეულ ვაკუუმს, როცა ადამიანებს ზუსტ წარმოდგენა არ აქვთ ევროკავშირზე.

 

27 % პროცენტს არ აქვს პასუხი შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა  ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს 27% არის ის რესურსი, რომელიც რუსეთს აქვს მის მხარეზე გადასაბირებლად?

 

თუ 27% არა, მისი ნახევარი მაინც შეუძლია, რომ გადაიბიროს. იმ 31%-ის ნახევარიც, რომლისთვისაც მისაღებია ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია, ალბათ უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში, შესაძლებელია დაგროვდეს ადამიანების 30% საქართველოში, რომლებიც რუსული პროპაგანდის სხვადასხვა სახის ზემოქმედების შედეგად შესაძლოა შემდეგში ჩამოყალიბდეს, როგორც პრორუსული ორიენტაციის მოსახლეობა. მოლდოვაში ასეთია ქვეყნის ნახევარი, უკრაინაში- დაახლოებით 40% ან მესამედი. ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, როგორი პროპაგანდაც მოდის რუსეთიდან, რა თქმა უნდა, მოწყვლადია საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა და პრიორიტეტები.

 

გამოკითხულთა 20% აცხადებს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას უცხოური ტელევიზიების მეშვეობითაც იღებს. კვლევის მიხედვით TOP 3-ში სულ რუსული ტელეკომპანიები შედიან: რუსეთის პირველი არხი, ერ-ტე-ერი, რასია 1. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მონაცემები ხსნის იმ შედეგს, რომლის მიხედვითაც  31%-ს ევრაზიულ კავშირში უნდა შესვლა, გარდა იმისა, რომ მათ შესაძლო ინფორმაცია არ აქვთ ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის შესახებ და განსხვავები არ იციან?

 

ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ რუსული პროპაგანდის გავრცელება ხდება და სახელმწიფოს მხრიდან არ არის საკმარისი და ადეკვატური რეაგირება და კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მოსახლეობას ან არ აქვს ინფორმაცია, ან არასწორ ინფორმაციას იღებს. 20% როცა უსმენს რუსულ არხებს ძალიან დიდი ალბათობით ის ხალხი ევრაზიულ კავშირზე უარს არ იტყვის, შეიძლება მათი ნახევარი ევროინტეგრაციის მომხრეც არის, მაგრამ ევრაზიულ კავშირზე არ იტყვიან უარს. ასე მოქმედებს ეს პროპაგანდისტული მანქანა, ამის წინააღმდეგ ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკა უნდა გამოიყენონ. მეორეც შეიძლება, საკაბელო ტელევიზიებს ვერ მოვუხსნით რაღაც არხებს, მაგრამ მათი მიწოდება შეზღუდული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ეწევა აგრესიულ ომს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ.

 

საბოლოოდ რომ შევაფასოთ ის მონაცემები, რაზეც ვისაუბრეთ, იძლევა თუ არა შეშფოთების საფუძველს ის ცვლილებები, რომლებიც ამ კვლევამ გამოავლინა წინა კვლევასთან შედარებით?

 

აუცილებელია ამ შედეგების კარგად შესწავლა და გაანალიზება და შესაბიმისი პოლიტიკის შემუშავება იმ ტენდენციების წინააღმდეგ, რომლებიც იკვეთება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს 31% არ არის ცალსახად პრორუსული და ხშირ შემთხვევაში არასწორად ინფორმირებულია, მაგრამ ეს ხალხი ყველა მოწყვლადია იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, არასწორ ინფორმაციაზე შენდება არასწორი პერცეფციები, მოსაზრებები და შეხედულებები და შემდეგ უკვე არასწორი გადაწყვეტილებები, როდესაც კენჭს უყრიან რაღაცას.

მასალების გადაბეჭდვის წესი