კომენტარი

კბილაშვილი: პრემიერის განცხადება აბულაძის ლიკვიდაციაზე არ უკავშირდება ნულოვან ტოლერანტობას

8 აპრილი, 2015 •
კბილაშვილი: პრემიერის განცხადება აბულაძის ლიკვიდაციაზე არ უკავშირდება ნულოვან ტოლერანტობას

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 6 აპრილს პროკურატურასა და შსს-ს კრიმინალის წინააღმდეგ გაათმაგებული ბრძოლისკენ მოუწოდა. ეს განცხადება ღარიბაშვილმა დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. “წინააღმდეგობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქვთ პოლიციელებს სრული უფლება, რომ მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია,”- განაცხადა პრემიერმა. შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს, სავარაუდოდ, შალვა აბულაძემ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი – მძიმედ დაიჭრა. მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე ციხიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გამოვიდა.

 

 

“ჩემი პროკურორობის დროსაც და ახლაც, ხელისუფლების მცდელობა, რომ კრიმინოგენული ვითარება ყოფილიყო მდგრადი, ვგულისხმობ კრიმინალის დონის არგაზრდას და განსაკუთრებით, ფართო ამნისტიის შემდეგ კრიმინალური ვითარების არშეცვლას გაუარესების კუთხით, ეს მაშინაც და დღესაც, იყო და არის პრიორიტეტი. ასე რომ, არა მგონია, რომ რაიმე განსხვავებული ხდებოდეს დღეს, ვიდრე არ ხდებოდა ეს 1 წლის წინ,”- განაცხადა კბილაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

ყოფილი მთავრი პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამნისტიის შედეგად რამდენიმე ისეთი ადამიანი გათავისუფლდა, ვისაც არ ეკუთვნოდა, ეს ამნისტიის მნიშვნელობას ვერ დააკნინებს:

 

“შეიძლება გარკვეული დოზით, როდესაც ხდება ფართო ამნისტია, რასაკვირველია, შანსი იმისა, რომ დანაშაულის დონე გაიზარდოს, ლოგიკურია. მაგრამ ამის მიუხედავად, ამნისტიის განხორციელება იყო სწორი და აუცილებელიც, და ის განხორციელდა.  მიზეზი ამინისტიის იყო ის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი საპატიმროებში მოხვდა იმის გამო, რომ მათ შეიძლებოდა დანაშაული არ ჰქონოდათ ჩადენილი, ან ჰქონდათ, მაგრამ ისე მკაცრად დაისაჯნენ, როგორც არ იყო საჭირო, ან კიდევ მათ მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობის მაღალი ხარისხი. ამიტომ, აი, ამ ელემენტების გათვალისწინებით, სახელმწიფოს, ცხადია, არ შეეძლო ინდივიდუალურად 24 000 პატიმართან დაკავშირებით ეს საკითხი შეესწავლა. აქედან გამომდინარე, ამნისტია დასაბუთდა ამ თეორიული საფუძვლებით და ეს სწორი იყო, რადგან ზოგადად, ადამიანების უმეტესობამ ამნისტიით შვება მიიღო და ერთგვარად კომპენსაცია იმ უსამართლობისა, რაც წარსულში განიცადეს. თუმცა აქ შეიძლება ერთეული ადამიანები აღმოჩნდნენ ისეთები, ვისაც არ ეკუთვნოდათ ეს და არ უნდა მიეღოთ ასეთი შვება,  მაგრამ ეს შეიძლება გარკვეული კანონზომიერებაც იყოს გამონაკლისის სახით ამნისტიისა. მაგრამ მაინც, ამ ღონისძიების მნიშვნელობას ასეთი გამონაკლისები ვერ დააკნინებენ,”- განაცხადა კბილაშვილმა.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ შეიძლება რაიმე კავშირი ქონდეს ღარიბაშვილის განცხადებას სააკაშვილის განცხადებასთან ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ, კბილაშვილმა განაცხადა, რომ აქ კავშირს ვერ ხედავს:

“მე რაც მოვისმინე პრემიერის განცხადებისგან, ეს იყო, რომ პოლიციელებმა დაიცვან კანონი და კანონის ფარგლებში საკუთარი სიცოცხლე, რაც აბსოლუტურად კანონის შესაბამისი და სწორი განცხადებაა და არ უკავშირდება ნულოვან ტოლერანტობას. არ მოუწოდებია პრემიერს, რომ უანგარიშსწორებოდ ან ძალადობა იქნეს გამოყენებული, ან სხვა. ასე რომ, მე ვერ ვხედავ კავშირს ამ უკანასკნელ განცხადებასა და ნულოვანი ტოლერანტობის მოწოდებას შორის,”- განაცხადა კბილაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი