კომენტარი

საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი გახდეს ერთობის შემამტკიცებელი

17 ოქტომბერი, 2019 •
საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი გახდეს ერთობის შემამტკიცებელი

ავტორი: დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

საჭიროება არ მოითხოვს განვმეორდეთ უკვე ნათქვამსა და ცნობილში, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. არც პათეტიკურნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ მართლმადიდებელი ეკელსია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დიდი საშიშროება არსებობს საერთო-მართლმადიდებელი ერთობის დარღვევისა. 

ჩვენ შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს ეკლესიის იმ დგომარეობაზე, რომელშიც მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე იმყოფება, რადგან საჭიროა დაისახოს ახალი პერსპექტივები მათთვის, რომელნიც ფიქრობენ და ცდილობენ, ან შეეცდებიან გამოსავლის ძიებას, და შესაძლოა, არჩევანის დადგომის შემთხვევაში, მხარი დაუჭირონ, ან არ დაუჭირონ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

იმ ადამიანთა, მათ შორის მღვდელმთავართა, ნაწილი, რომლნიც ღიად თუ შიდა წრეებში მხარს უჭერენ უკრაინის ავტოკეფალიას, შიდა თუ გარე საფრთხეების მიზეზით (საკმაოდ არარაციონალური არგუმენტებით), ამჯობინებენ, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა აღნიშნული საკითხის განხილვა გადადოს და საქართველოს ეკლესიას რაც შეიძლება ნაკლები პასუხისმგებლობა შეხვდეს ამ საკითხში, ან საერთოდ არ შეხვდეს. ავტოკეფალიის მოწინააღმდეგენიც სწორედ ამისკენ მიილტვიან, რადგან მათ გაცნობიერებული აქვთ (ან იდეოლოგიზირებულები არიან თავიანთ ზემდგომთაგან), რომ სწორედ საკითხის გაყინვა და უვადოდ გადაწევა აღრმავებს კონფლიქტსა და გამოყოფს მხარეებს — ერთი მხრივ, კონსტანტინოპოლს, ხოლო მეორე მხრივ — მოსკოვს.

ჩვენთვის არც ისაა უცხო და მოულოდნელი, რომ რუსული იმპერიალისტური ძალები თავისი ინტერესების გატარებას ცდილობენ ყვლგან, მათ შორის საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციულ სტრუქტურებშიც. ამის თქმით ჩვენ არ ვაკნინებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა ღირსებას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ეკლესიის სტრუქტურის-ადმინისტრაციულ ერთეულებზე მსგავსი იმპერიალისტური გავლენის მცდელობები სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც შეინიშნება და ეს სულაც არ არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, არამედ მეტადრე პირველივე ათასწლეულიდან თან სდევს ქრისტიანობას.

ეკლესიის ზოგიერთი მესვეურნი საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში დიპტიხის რიგით უნდა იმოქმედოს, ან სულაც ყველაზე ბოლომ (შესაძლოა, რუსეთის მერედაც კი) აღიაროს. საწინააღმდეგოს მეტყველებს ისტორიული გამოცდილება,  მაგ. რუსეთის მიერ ამერიკის მართლ. ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის დროს, მოწინავენი აღმოვჩნდით და სულ არ დაველოდეთ დიპტიხის მიმდევრობას და არც სხვა, მნიშვნელოვანი საეკლესიო გადაწყვეტილებების დროს დაგვიცავს რიგითობა (საკითხთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს).

ახლა კი გვსურს უშუალოდ იმ პერსპექტივაზე ვისაუბროთ, თუ რას ნიშნავს ჩვენი მხრიდან ავტოკეფალიის მხარდაჭერა და მისი უარყოფის შემთხევაში რას უნდა მოველოდეთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში: ყველასთვის ცნობილია მოსკოვისეული „მესამე რომის“, იგივე მოსკოვის, როგორც მართლმადიდებლობის იმპერიული ცენტრის იდეა. ამ იდეის განსახორციელებლად, ან უფრო სწორად, იმისათვის, რომ ეს იდეა გააქტიურდეს, ან აღარ უნდა იარსებოს „ახალმა რომმა“, ანუ კონსტანტინოპოლმა, ან მოსკოვისა და კონსტანტინოპოლს შორის საეკლესიო ურთიერთობა აღარ უნდა არსებობდეს. იმპერიალისტური მოსკოვი კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მან დისტანცირება მოახდინოს კონსტანტინოპოლთან. იგი იმუქრება იმითაც, რომ ვინც უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, მასთანაც გაწყვეტს ევქარისტიულ კავშირს, და ამის მაგალითს ელადის (საბერძნეთის) ეკლესიასთან მიმართებაში ვხვდებით. ცხადია, რუსეთს ესმის, რომ ზოგიერთმა ბერძნულმა ეკლესიამ შესაძლოა კონსტატინოპოლის მხარე დაიკავოს, მაგრამ მას ეიმედება, რომ მისი გავლენების წყალობით უმრავლეს ადგილობრივ ეკლესიებს თავისკენ მიიმხრობს. მათი გეგმა ცხადია: საეკლესიო განხეთქილების ნიადაგზე „მესამე რომის“, იგივე მოსკოვის საეკლესიო-პოლიტიკური ცენტრის შექმნა. რუსეთი ამას ვერ განახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ იგი მარტო დარჩება ამ საკითხში. კერძოდ, თუკი ელადის მსგავსად, სხვა ადგილობრივი ეკლესიებიც გადალახავენ იმპერიალისტური გავლენებისა და მუქარების ტალღას და მხარს დაუჭერენ კონონიკურ-სამართლებრივ და ისტორიულ სამართლიანობას, შესამაბისად, უკრაინის ავტოკეფალიის ცნობას, მაშინ რუსეთი სამართლმადიდებლოში აღმოჩნდება მარტო და „მესამე რომის“ იდეის განხორციელების, მინიმუმ, დროებით გადაწევა მაინც მოუწევს.

ახლა კი სხვა მხრიდანაც შევხედოთ საკითხს: რა უნდა იყოს ჩვენი მოტივაცია იმისთვის, რომ ამ ზეწოლის ძლიერ ტალღას გავუძლოთ და მაინც დავუჭიროთ მხარი უკრაინის ავტოკეფალიას, თან არა მოგვიანებით, არამედ ახლო მომავალში? საქართველოს ეკლესიას აქვს შანსი გახდეს ერთობის შემამტკიცებელი, თუკი იგი სულიერ-სამოძღვრო ჭრილში დაინახავს მოცემულ ვითარებას, იზრუნებს რა ყველა მხარეზე, მათ შორის რუსეთის ეკლესიის იდეოლოგიზირებულ მდგომარეობაზე და ააცილებს მას მძიმე საეკლესიო განხეთქიელებას. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მიუხედავად რთული შიდა თუ გარე პოლიტიკურ-სოციალური პრობლემებისა, გავხდეთ თვითმყოფადნი ჩვენს გადაწყვეტილებაში და ამავდროულად ერთი პატარა ეკლესიიდან გაისმეს ერთობის ხმა, უფლისმიერი მოწოდება ყველასათვის: „რათა ყოველნი ერთ იყვნენ“. მოსკოვის მარტო დატოვებით, დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ვიყოთ განმსაზღვრელნი მართლმადიდებლობის ერთობისა, რომელსაც ჩვენგან ყველაზე ნაკლებად მოელიან, და ამით დავამტკიცოთ, რომ მიუხედავად მძიმე ვითარებისა, გააზრებული გვაქვს ჩვენი თანაპასუხისმგებლობა საერთო მართლმადიდებელი ერთობის ზრუნვაში.


ავტორის შესახებ: ირაკლი ჯინჯოლავა არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის დიაკონი. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდგომ, სწავლობდა თეოლოგიას აიხშტეტის (გერმანია), თესალონიკისა (საბერძნეთი) და ბოსე/ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტებში. ამჟამად არის მიუნხენის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი თეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი. 

რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი