კომენტარი

ორი ცვლილება უკეთესი პროკურატურისთვის

14 ნოემბერი, 2014 •
ორი ცვლილება უკეთესი პროკურატურისთვის

მსგავსი  შინაარსის განცხადებებს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების პოლიტიკური პირებისგანაც ვისმენთ ხოლმე. ამ პრეტენზიების არსებობა გვაფიქრებინებს ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად შეიძლება რეაგირებდეს არსებული სისტემა პროკურატურის მუშაკთა შესაძლო უკანონო ქმედებებზე, მათ შორის იმ საქმეებზეც, რომლებსაც პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ. სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი პრობლემურად არის მიჩნეული თომას ჰამერბერგის 2013 წლის რეკომენდაციებშიც, სადაც აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებში არსებული მოდელები შეიძლება საფუძვლად დაედოს საქართველოში ახალი, ეფექტური მოდელის შექმნას.

 

ის, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული პროკურატურა, არ დაკარგავს აქტუალობას მანამ, სანამ არ შეიქმნება ისეთი მექანიზი, რომელიც აამაღლებს საზოგადოების ნდობას ამ სტრუქტურის მიმართ. ისევე როგორც სხვა უწყების, ასევე პროკურატურის მუშაკთა გამართული და წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია მათი პროფესიონალიზმის ამაღლება, სამართლიანი შრომითი პირობების არსებობა, საკანონმდებლო გარანტიების შექმნა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათი მიუკერძოებლობა სხვადასხვა საქმეში გადაწყვეტილების მიღების დროს და სხვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოქმედებს გენერალური ინსპექცია, რომლის მთავარ ამოცანას პროკურატურის მუშაკთა ქმედებების კანონიერების შესწავლა წარმოადგენს (ადრე ეს ფუნქცია იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჰქონდა), მხოლოდ უწყების შიგნით არსებული კონტროლის მექანიზმი სათანადოდ ვერ შეძლებს აამაღლოს საზოგადოებაში ნდობა, რადგან ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ სურვილის არარსებობის შემთხვევაში უწყების შიგნით, თანამშრომელთა უკანონო ქმედების შესახებ საჩივარს, თუნდაც საფუძვლიანს, შესაძლოა სათანადო რეაგირება არ მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული მექანიზმი მოითხოვს იმგვარ გარდაქმნას, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონის სავარაუდო დარღვევიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს.

 

გამოსავლის პოვნა შესაძლებელია მაღალი ლეგიტიმაციის  მქონე ორგანოს – ინსპექციის შექმნაში, რომლის წევრები  დაინიშნებიან  არა მთავრობის რომელიმე წევრის, ან პროკურატურის ხელმძღვანელობის მიერ, არამედ აირჩევს პარლამენტი საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე იურისტებისგან, რაც ამ ორგანოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფის გარანტი გახდება. ასეთ შემთხვევაში, კონტროლის მექანიზმი პროკურატურის გარეთ  იარსებებს, რომლის ანგარიშები და დასკვნები შემდგომი შეფასებისთვის პარლამენტს წარედგინება, რაც გაზრდის პროკურატურის გამჭვირვალობის ხარისხს. ბუნებრივია, ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს არსებობა ხელს არ შეუშლის პროკურატურას საკუთარი შიდა კონტროლის სამსახური ჰქონდეს, თავად გამოავლინოს შესაძლო კანონდარღვევები და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესებლად  ექსპერტები მოიწვიოს.

 

გარე კონტროლის მექანიზმის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფუნქციონირება გაზრდის საზოგადოების ნდობას პროკურატურის, როგორც სტრუქტურის მიმართ. გარეკონტროლის მექანიზმი, რომელიც დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და, ამავდროულად, არ ექვემდებარება პროკურატურის ხელმძღვანელს, წარმატებით ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში.

 

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია პროკურატურის მუშაობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის განსაზღვრა. საქართველოში  მოქმედი აშშ-ის მოდელი 2013 წლის მაისში შეიცვალა, რის შედეგად იუსტიციის მინისტრი აღარ არის გენერალური პროკურორი, არც უფლებამოსილი, მიიღოს ინფორმაცია რომელიმე კონკრეტული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობა განაპირობა გადაწყვეტილებამ, იუსტიციის მინისტრი დისტანცირებული ყოფილიყო გამოძიებისგან.  

 

საბჭოთა მოდელისაგან განსხვავებით,  იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც პროკურატურა არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების ნაწილს, პროკურატურის მუშაობაზე დადგენილია მკაფიო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, პასუხისმგებელი პირი უშუალოდ არ არის საპროკურორო უფლებამოსილებით აღჭურვილი. სამწუხაროდ, ეს საკითხი საქართველოში 2013 წლის მაისის საკანონმდებლო ცვლილებამ ბუნდოვანი დატოვა. კანონი მხოლოდ ზოგადად საუბრობს პროკურატურის საპარლამენტო კონტროლზე, მისი საქმიანობის შესახებ მთავრობის მეთაურისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ასევე, იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მთავარი პროკურორის დანიშვნა და/ან გათავისუფლება. ამ ხარვეზის არსებობამ შესაძლოა ავნოს პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს იმიჯს, ვინაიდან სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურას ხშირად უწევს განცხადებების გაკეთება, რაც  პოლიტიკური დებატების საგანი ხდება.

 

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნებოდა პროკურატურის საქმიანობაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრი იყოს. შესაბამისად, ჰქონდეს კომპეტენცია და შესაძლებლობა, გასცეს პასუხი ამ უწყების საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. ბუნებრივია, ამგვარი პასუხისმგებლობა აუცილებელს ხდის,  მინისტრი საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობდეს და იყოს კვალიფიციური იურისტი, რათა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ითანამშრომლოს პროკურატურასთან სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროპული მოდელის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი, ამავდროულად, არ უნდა იყოს  გენერალური პროკურორი და პროკურატურა გამოძიებას დამოუკიდებლად უნდა წარმართავდეს.

 

ზემოაღნიშნული  ცვლილების განხორციელება, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი პროკურატურის გამართული მუშაობისთვის, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ სფეროს რეფორმირების გზაზე, აამაღლებს რა პროკურატურის მუშაკთა პატივისცემას კანონის მიმართ, გაზრდის საზოგადოებაში პროკურატურისადმი ნდობას, განსაზღვრავს ამ უწყების მუშაობაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს მის დისტანცირებას პოლიტიკური დებატებისგან.

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

ავტორის შესახებ

დავით ჯანდიერი არის იურისტი. ის იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე 2012-13 წლებში, მანამდე იცავდა მოსარჩელეების, ირინა ენუქიძის და გირგვლიანის ინტერესებს სტრასბურგში,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი