კომენტარი

რა მიიღო საქართველომ ნატოს უელსის სამიტზე – ინტერვიუ ირაკლი მჭედლიშვილთან

8 სექტემბერი, 2014 • • 1408
რა მიიღო საქართველომ ნატოს უელსის სამიტზე – ინტერვიუ ირაკლი მჭედლიშვილთან

გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც საქართველოს გადაეცა , იყო თუ არა ის მაქსიმუმი, რისი წამოღებაც საქართველოს დელეგაციას უელსიდან შეეძლო?

როდესაც ამ პაკეტზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი გლობალურად უნდა განვიხილოთ. ჩვენ ალიანსის ერთ-ერთი პარტნიორი ვართ და საერთო მიდგომების ჩარჩოებში უნდა ჩავჯდეთ. მე მთლიანად ვნახე სამიტის დეკლარაცია და ჩვენ სწორედ მთლიან სტრატეგიულ სურათში ვჯდებით – ერთი მხრივ, საუბარია დემოკრატიული რეფორმების განვითარებაზე და მეორე მხრივ, უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ფონზე ლაპარაკია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, ასევე ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე. აქ უფრო მეტის მოლოდინი რომ გვქონოდა… შეიძლება ასეთი ვარაუდის დაშვებაც, მაგრამ ჩემი აზრით, ის, რაც ჩვენ მივიღეთ, აბსოლუტურად პასუხობს ნატოს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უელსის სამიტის დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული. თვითონ დოკუმენტი ძალიან განსხვავდება წინა სამიტების დეკლარაციებისგან და ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯია ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ.

კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს წინსვლა?

 

ორ მომენტს გამოვყოფდი: პირველი, ამ დოკუმენტში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ადრე საუბარი უფრო ზოგად საფრთხეებზე იყო ხოლმე, მაგალითად, ტერორიზმი ან ბირთვული რაკეტები. ამ დოკუმენტში კონკრეტულდაა საუბარი, თუ რომელი ქვეყნიდან და რეჟიმიდან [მომდინარეობს საფრთხე]. როდესაც ტერორიზმზეა ლაპარაკი, ეს უფრო ბუნდოვანი აბსტრაქტული თემაა, რომელიც კარგად ვერ წარმოგვიდგენია… რაკეტების საფრთხეზე აქცენტირებაც გასაგებია, მაგრამ აქაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც ირანი, ისე რუსეთი თუ ჩინეთი და ასე შემდეგ… აქამდე ცოტა ბუნდოვანი ტექსტები იყო, რომლის უკანაც ბევრი რამის ჩადება შეიძლებოდა, მაგრამ უელსის სამიტის დეკლარაცია ძალიან კონკრეტულია, რასაც,  სიმართალე გითხრათ, არ მოველოდი. აქ პირდაპირაა ლაპარაკი რუსეთის საფრთხეზე. არა მხოლოდ ქვეყნის სახელია დასახელებული, არამედ აღიარებულია ის მეთოდები, რომლითაც ასეთი რეჟიმები მოქმედებენ.

 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ნატო ხდება გლობალური უსაფრთხოების სისტემა, ამ დოკუმენტით სწორედ ამის დეკლარირებას აკეთებს. ნატო აღარ არის კონკრეტული ქვეყნების რეგიონული გაერთიანება და  გლობალურად ხდება იმ საზოგადოებების და ქვეყნების სისტემა, რომელთაც მყარი პრინციპები აქვთ, რის შესახებაც ისინი არანაირ კომპრომისზე არ წავლენ. დოკუმენტში მოცემულია იმ ღონისძიებების ნუსხა, რასაც ნატო გააკეთებს: ჩვეულებრივი შეიარაღების გაძლიერებაზეა საუბარი, სწრაფი რეაგირების ძალებზე, ანტისარაკეტო სისტემები, ასევე ბირთვული იარაღის განვითარება, სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა და პოტენციური აგრესორისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მსგავსი მობილიზაცია, ჩემი აზრით, შოკისმომგვრელი იქნება. ნატო ძალიან კარგად ხედავს გლობალური უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებს და მზად არის საკუთარი რესურსების მაქსიმლაური მობილიზაციისთვის, რათა გამოწვევებს უპასუხოს. სწორედ ეს ჩანს ამ დოკუმენტში.

უშუალოდ საქართველოს რაც შეეხება…

დიახ, მე ამ გლობალურ კონტექსტზე საუბარი ამიტომ დავიწყე. რასაც ვუსმინე სამიტის თემაზე გაკეთებულ კომენტარებს, ძირითადად საუბრობენ იმ პუნქტებზე, რომელიც საქართველოს ეხება, მაგრამ სტრატეგიული კონტექსტიც უშუალოდ გვეხება ჩვენ. ამ სტრატეგიულ დონეს ჩვენი კომენტატორები რატომღაც უყურდაღებოდ ტოვებენ. ის, რომ ჩვენი პარტნიორი ასე ძლიერდება, საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელი და დადებითი ფაქტორია.

 

რაც შეეხება საქართველოს, აბსოლუტურად პოზიტიურია ნატოს მხრიდან გაკეთებული შეფასებებიც და პერსპექტივებიც. კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. გარდა ამისა, როცა ტერიტორიულ მთლიანობაზეა ხოლმე ლაპარაკი, აქ ხშირად იმართება დისკუსია იმის თაობაზე, თუ ვინ არიან კონფლიქტის მხარეები, ამ დოკუმენტში კარგად ჩანს, რომ მხარეები საქართველო და რუსეთი არიან და არა ქართველები და ოსები, თუ აფხაზები.

რა იგულისხმება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში? გარდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და ტრენინგებისა შესაძლოა თუ არა, რომ საუბარი შეიარაღებით დახმარებაზეც იყოს?

ის ამოცანები, რაც საქართველოს წინაშე დგას, გარკვეულწილად იგივეა, რაც ჩიკაგოს წინა სამიტის დროს დაისვა. აქ არის ორი კომპონენტი: დემოკრატიული რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. დოკუმენტი, სწორედ დემოკრატიული რეფორმებით იწყება, რადგან ეს ნატოს ფუნდამენტია. არ შეიძლება, რომ ქვეყანა, რომელიც შეიარაღებული ძალებით, მაგალითად, რუსეთის მსგავსი სისტემით იმართება, თავსებადი იყოს ნატოს სტანდარტებთან. თუ იქ სხვა სისტემით იღებენ გადაწყვეტილებას და აქ სხვანაირად, ალიანსი ფუნქციონირებადი ვერ იქნება. ამიტომ დემოკრატიულ რეფორმას ძალიან დიდი მნიშვენლობა ენიჭება. დემოკრატიულ რეფორმებს ბევრი კომპონენტი აქვს, მათ შორის სამოქალაქო ნაწილი და უშუალოდ უსაფრთხოების სეგმენტი. თუ სისტემა მომზადებული არ არის მმართველობის დემოკრატიული კონტროლისთვის… მოუმზადებელ სისტემას, რომ მაღალტექნოლოგიური იარაღი მისცე, რაზეც ჩვენ გვაქვს აქცენტი – ანტისატანკო, ანტისაჰაერო იარაღი, ეს იგივეა, რომ ბავშვს ავტომატი დააჭერინო ხელში, რომელმაც მისი გამოყენება არ იცის. რა თქმა უნდა, იარაღის თემა აუცილებლად იქნება, მაგრამ პარალელურად მოხდება სტრუქტურების მომზადების პროცესიც, სწავლება. ჩემი აზრით, აქ არ იქნება ის, რომ მოდით, ახლა საქართველოს იარაღი მივცეთ, ასე უკრაინის შემთხვევაშიც არ არის, ამ იარაღის მიწოდებისთვის მზად უნდა იყოს ქვეყნის როგორც სამოქალაქო ნაწილი, ასევე უსაფრთხოების სეგმენტი. სხვა შემთხვევაში ამ იარაღმა შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს და მტრის ხელში აღმოჩნდეს, როგორც 2008 წლის ომში.

საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნები საქართველოში, ნატოს ინსტრუქტორები, რომლებიც საქართველოს ჯარს კონსულტაციებს გაუწევენ, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს?

ნატოს დეკლრაციიდან ჩანს, რომ საქართველოს გარდა რუსეთს ძალიან ბევრი თავისტკივილი ექნება. დასავლეთის საზოგადოება აღარ ხუმრობს, მათი მხრიდან ლაპარაკია ძალიან დიდი ოდენობის რესურსების  მობილიზაციაზე. ჩემი ხედვით, რუსეთის მთელი ყურადღება უკრაინისა და დასავლეთისკენ იქნება მიმართული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ამ დაპირისპირების ერთ-ერთი რგოლი, მაგრამ რუსეთის რესურსებიც შეზღუდულია. მას არ შეუძლია ყველა მიმართულებით თანაბრად გადაანაწილოს თავისი ძალისხმევა, ამიტომ, სავარაუდოდ, რუსეთის ფოკუსი გლობალური გამოწვევების მხარეს იქნება მიმართული, უკრაინისა და დასავლეთისკენ. რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღების შესუსტება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ კრემლი ნატოს საქართველოში შემოსვლას, ან სამხრეთ კავკასიის დასავლეთისკენ გადახრას შეეგუება. ის შეეცდება, რომ მის ხელთ არსებული რესურსებით შეაკავოს ეს პროცესი, რასაც ჯერ კიდევ მაშინ იყენებდა, როცა სუსტი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საუბარია ქაოსის, დესტაბილიზაციის ხელშეწყობაზე, შეიარაღებული ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება, კრიმინალის გააქტიურება – ეს არის მისი არსენალი – თუ თვითონ ვერ აკონტროლებს სიტუაციას, სხვამაც ვერ უნდა გააკონტროლოს.


ირაკლი მჭედლიშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ირაკლი მჭედლიშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველომ კვლავ ვერ მიიღო მაპი, სამიტზე არ ყოფილა დასახელებული კონკრეტული თარიღები საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც გაწევრიანების მეორე მსურველ მონტენეგროს უთხრეს, რომ ალიანსი არაუგვაინეს 2015 წლის ბოლომდე გადაწყვეტს, მიიწვიოს თუ არა ეს ქვეყანა ნატოს წევრად…

მაპის საკითხი ჩვენთან ძალიან მისტიფიცირებულია და მასზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება, თუმცა ეს არც უმნიშნელო საკითხია, რადგან როდესაც მაპს გაძლევს, ალიანსიც იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას შენზე, უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, საქართველოში რომ აქცენტი დემოკრატიულ რეფორმებზე ყოფილიყო, მაპის საკითხი გაცილებით უფრო სწრაფად იმოძრავებდა წინ, მაგრამ რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ აი, ჩვენ ხომ ავღანეთში ჯარს ვაგზავნით – ბევრს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებსაც ეგონათ, რომ სწორედ ეს იყო ნატოს მოთხოვნა და ავღანეთში ჯარების გაგზავნის გამო ჩვენ მაპი გვეკუთვნის. წინა სამიტების დეკლარაციებში მკაფიოდ წერია, რომ [მოთხოვნა] არის დემოკრატიული რეფორმები. თუ ნატოს ისე უახლოვდები, რომ შენი სტრუქტურები ამისთვის მზად არ არის, ამით მის უსაფრთხოებასაც ასუსტებ. თუ გადაწყვეტილების მიღების ავტორიტარული მექანიზმები გაქვს შენ და დემოკრატიულ სისტემაში შედიხარ, იქ შეიძლება ქაოსი შეიტანო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების კუთხით წარმატება პროცესს ძალიან დააჩქარებს.

 

ამაზეც არსებობს დისკუსია, შესაძლებელია თუ არა, რომ მაპის გარეშე გაწევრიანდეს ქვეყანა ნატოში?

 

მაპი ეს არის უკვე დანერგილი პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ალბათ მაინც მოგვიწევს ჩვენ ამ პრაქტიკის გავლა, მაგრამ თუ მაპის კომპონენტებს სხვა პროგრამის ფარგლებში შეასრულებს ქვეყანა, იქნება ეს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული სამოქმედო პროგრამა, პლუს ახლა ძლიერდება თანამშრომლობა და სამხედრო კომპონენტებიც შემოდის, მაშინ რა უდგას ნატოში მიღებას წინ?! იყო პერიოდი, როდესაც მაპი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ალიანსის ძირითადი ბირთვი სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა.

 

1999 წელს შეიქმნა წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე მაპის მექანიზმი და მას შემდეგ თუ გახსენდებათ, რომელიმე ქვეყანა, რომელმაც მის გარეშე შეძლო ნატოში გაწევრიანება?

 

არა… მაპი [გაწევრიანების] ბოლო ეტაპია, როდესაც სტრუქტურები მწყობრში მოდის, მათ შორის დემოკრატიული რეფორმები… ქვეყნის სტრუქტურებს სპეცილაური მომზადება უნდა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის შენახვის თვალსაზრისით, რადგან საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა ჟონავდეს და ასე შემდეგ.

 

ანუ მაპი ნებისმიერი შემთხვევაში სჭირდება საქართველოს?

თეორიულად არსებობს შანსი, რომ მაპი არ იყოს, მაგრამ მისი კომპონენტები სხვა პროგრამებში იყოს გაბნეული და ჩვენ ის შევასრულოთ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არსებულ ხელისუფლებას ასეთი მოლოდინი არ შეუქმნია, თუნდაც იგივე უკრიანის კრიზისის გამო ადამაინების ნაწილში მაინც არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ ქვეყანა მაპ-ს მიიღებდა, როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ საქართველომ მაპის მიღება ვერ შეძლო, გარკვეული ნიჰილისტური მოსაზრებების გაძლიერებას ხომ არ შეუწყობს ხელს მოსახლეობის ამ ნაწილში?

ის, რომ საქართველო ამ სამიტზე მაპს ვერ მიიღებდა, ეს ამ წლის დასაწყისშიც და შარშანაც საკმაოდ ნათელი იყო. მე სხვადასხვა კონფერენციაში მიწევს ხოლმე მონაწილეობა და ამას იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ. ჩვენთან რატომ რეაგირებდნენ ასე, არ ვიცი, ალბათ მედიაც უნდა ჩაუღრმავდეს ხოლმე უფრო საკითხს. ნიჰილიზმი მე არ მგონია. ამაზე არ მიუთითებს სოციოლოგიური გამოკითხვები. ზოგადად ნიჰილიზმი შეიძლება შეიქმნას იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა რეფორმები ისეთი სისწრაფით არ მიდის, რაც ჩვენ ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე მიგვიყვანს, მაგრამ თვითონ ნატოს მიმართ რანაირად შეიქმნება ნიჰილიზმი?! ნატო არა და მაშინ რუსეთი? ნატოს ალტერნატივა არ აქვს.

რეფორმების ტემპი ახსენეთ და არასაკმარისად სწრაფია ის?

 

თუ გვინდა, რომ უფრო სწრაფად მივიღოთ, უფრო სწრაფად უნდა წავიდეთ. ეს გლობალურ საკითხებთანაც არის მიბმული, როდესაც ავტორიტარული რეჟიმებით ხარ გარშემორტყმული, უცებ დემოკრატიული კუნძულის მოწყობა ძნელია, თუმცა  ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვქონდა და მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით საქმეს არაუშავს, იგივე უელსის სამიტის დეკლრაციაში აღნიშნულია არჩევნები, სხვა რეფორმებიც, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მეტია საჭირო.

 

თქვენ კი საუბრობთ, რომ დემოკრატიული რეფორმებია მთავარი ამ პროცესში, მაგრამ სამიტის დეკლრაციის 31-ე მუხლში გვხვდება ჩანაწერი სამხრეთ კავკასიაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტებზე.  “ამ გაჭიანურებული კონფლიქტების არსებობა კვლავაც განსაკუთრებული შეშფოთების საგანია, რადგანაც ზიანს აყენებს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების შესაძლებლობას მიაღწიონ სრულ პოტენციალს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა”. იგულისხმება თუ არა ამ ჩანაწერში, რომ ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში გაწევრიანებისათვის შემაფერხებელი გარემოებაა?

ამ კონფლიქტებით რუსეთს სურს, რომ შეაჩეროს ამ ქვეყნების მოქალაქეების სწრაფვა ნატოსკენ. ესაა დაფიქსირებული.

 

ანუ ამ კონფლიქტების არსებობის ფაქტი შემაფერხებელი გარემოებაა ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით?

 

ამ კონკრეტულ წინადადებაში მე ვხედავ იმას, რომ რუსეთი ცდილობს ამ კონფლიქტების გამოყენებას იმისთვის, რომ რეგიონის სწრაფვა შეაფერხოს ნატოსკენ. ანუ ეს რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული ჩანაწერია… უფრო ამას ნიშნავს, ვიდრე იმას, რომ ჩვენ ნატოში არ მიგიღებთო. ჩემი ხედვა ასეთია.

ტერიტორიული კონფლიქტების პირობებში შესაძლებელია, თქვენი აზრით, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს?

 

ამ საკითხსაც გლობალურად უნდა შევხედოთ. რუსეთი გამოვიდა კონტროლიდან, ყველანაირ საერთაშორისო ნორმაზე ამბობს უარს, ლაპარაკობს დაბომბვაზე, ატომურ ბომბზე პირდაპირ იმუქრება. ნატო ემზადება იმისთვის, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დასუსტებით დასრულდება. მას მოუწევს შეეგუოს რეალობას, რომ ვისაც ალიანსში გაწევრიანება სურს, ამას გააკეთებს. აქ რუსეთია პრობლემა და არა ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ და რუსეთი ვერ ვინაწილებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი