კომენტარი

კვნესის ხმა, რომელიც ისევ გვესმის

28 აგვისტო, 2014 • • 2302
კვნესის ხმა, რომელიც ისევ გვესმის

გიორგი ცომაიას, მოქალაქეს, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ პოლიციაში სასტიკად სცემეს, არ ვიცნობ. არ ვიცი ვინაა, რაზე სწავლობს, სად მუშაობს, რა მუსიკას უსმენს, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილდება, ფეხით, ტაქსით თუ მეტროთი. საბავშვო ბაღში მასაც თუ ყველაზე მეტად „გარბუშკა“ უყვარდა; სკოლაში, მისი რუსულის მასწავლებელიც თუ ყველაზე დიდი ტირანი იყო და თანატოლებთან ერთად სათამაშოდ გასვლის წინ, მშობელი კარგად გართობას უსურვებდა, თუ გრიპითა და ჭუჭყიანი ტანსაცმლით შინ დაბრუნების პერსპექტივას უსახავდა?

 

როდესაც ძალადობის მსხვერპლ ნებისმიერ მოქალაქეზე ამბებს ვიგებ, უცნაურია, მაგრამ პირველ რიგში ასეთი კითხვები მიჩნდება, რაც თითქოს მეხმარება მსხვერპლისა და მოძალადის ერთგვარი, თუნდაც იმიტირებული ფსიქოტიპის წარმოსახვაში. თითქოს ასე უფრო მიადვილდება გავცე პასუხი მთავარ კითხვას, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე ხშირად მიჩნდება: როგორ ხდება, რომ პაწაწინა, საყვარელი ჩვილი, რომელიც ერთ დროს ყველას უყვარს, ყველა ეფერება, წლების შემდეგ მოძალადე მონსტრად, ან ამ მონსტრის მიერ გადასანსლულ უბედურ მსხვერპლად იქცევა? უფრო მარტივად, როგორ ხდება, რომ ადამიანები ბოროტდებიან?

 

და მაინც, თუკი ამ კითხვაზე პასუხის ძიებას ვიწყებ, ორიენტირად საქართველოს უახლესი ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს ვსახავ: 2012 წლის სექტემბრის სტუდენტური „ციხის აქციები“ და 2013 წლის 17 მაისი. სად იყო, კონფლიქტის რომელ მხარეს იდგა მოქალაქე A, B, ან C იმ დროს, იმ დღეებში?

 

ორივე თარიღი, ჩემი აზრით, საქართველოს, როგორც არა ნაყოფიერი მიწისა და მწვანე მთა-ბარის მქონე გეოგრაფიული ობიექტის, არამედ, როგორც საზოგადოებად წოდებული ადამიანთა ერთობის უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. ერთი, (ციხის აქციები) როგორც სისტემურ ძალადობაზე უარის თქმისა და მისგან გათავისუფლების სახალხო ამბოხი, ხოლო მეორე, როგორც სულ რამდენიმე თვეში, თავად სახალხო ძალადობად ქცეული შემზარავი აქტი! 2012 წლის ციხის აქციებზე სტუდენტებისკენ ვიდექი, ხოლო 2013 წლის 17 მაისს – ლგბტ საზოგადოებასთან. ორივე შემთხვევაში ვაპროტესტებდი ძალადობას, როგორც ქვეყანაში მოდებულ დამღუპველ სიმსივნეს. ხოლო ერთ დროს ჩემი თანამოაზრეები, ისინი, ვისთან ერთადაც ანტიძალადობრივი პოსტერები მეჭირა და ერთმანეთს ძალადობის დამარცხების იმედით მეგობრულად ვუღიმოდით, 17 მაისს უკვე დუჟმორეულები მიყურებდნენ ბარიკადების მეორე მხრიდან და ვინ იცის, იქნებ ჩვენს თბილ-თბილ სისხლსაც მოელამუნებოდნენ ფრჩხილებით, წამებში რომ არ გაგვესწრო. ამიტომ მაინტერესებს, სად იდგა გიორგი ცომაია ამ დროს?

 

შეცვლით, ეს ბევრს არაფერს ცვლის ჩემს დამოკიდებულებაში. 17-ში, სულ რომ დამრბევთა რიგებში მდგარიყო, ძალადობის მსხვერპლთან ნიშნის მოგებით საუბარი იმაზე ბევრად ნაკლები ბოროტება არ მგონია, ვიდრე თავად ძალადობა. აი, ჩემს კითხვაზე პასუხის გასაცემად კი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია იქნებოდა, ნამდვილად.

 

ძალადობა ერთჯერადი აქტი არაა და ის არც რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების პრეროგატივაა, ამას გვაჩვენებს როგორც სხვისი, ისე საკუთარი ქვეყნის წარსულიცა და აწმყოც. საინტერესო აქ ისაა, რამდენი ახალი შემზარავი ვიდეო-კადრები, ან რამდენი ახალი მსხვერპლი გვჭირდება, რომ ამ სისტემურ სენს არა ერთჯერადი და რეაქციული, არამედ სისტემური ბრძოლა გამოვუცხადოთ? და ჰო, 2012 წლის აქციები, დღევანდელი გადასახედიდან, ჩემთვის უკვე ერთჯერად, რეაქციულ აქტად ისახება, რომელიც პარტიული მანიპულაციებისთვისღა აღმოჩნდა ხელსაყრელი. ის, რაც ერთი შეხედვით ორგანულ, ავთენტურ, ქვემოდან წამოსულ სტუდენტურ პროტესტად ჩანდა, რომელსაც აუტანელი ძალადობრივი ყოფის ძირეული გარდაქმნის შესაძლებლობა ჰქონდა,  მხოლოდ გვიან მივხვდი, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლის, მანიპულაციების ინსტრუმენტადღა შემორჩა ბოლო ორწლეულის ისტორიას, ფრაგმენტულად, ნაგლეჯ-ნაგლეჯ.

 

ფრაზას, რომელიც ჩემს თვალწინ, ჩემს ყურთან, ჯერ კიდევ 1 ოქტომბრამდე ამ აქციების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეს უთხრა ერთი ნაკლებად პოპულარული, როგორც ამბობენ, მემარცხენე პარტიის ლიდერმა, თავდაპირველად სერიოზულად ვერ შევხედე. მოგვიანებით კი, როდესაც ხელისუფლების ცვლილებით რაღაცნაირად, დარდიმანდულად დასვენებულმა, ამოსუნთქულმა საზოგადოებამ კვლავ გააგრძელა ძალადობაზე წაყრუება და ზოგჯერ თავადაც წარმატებით შეითავსა მოძალადის როლი, მივხვდი, რომ ეს ფრაზა, უკვე თავის დროზევე, ბევრს, თითქმის ყველაფერს ამბობდა მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ: „ძალიან კარგი, ეგ არაფერი, მშვენიერი ამბავია შენი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის!“ – ასე დაამშვიდა პარტიულმა ლიდერმა ციხის აქციების ახალგაზრდა აქტივისტი. ოპერ-მუშაკებს, რომლებიც რამდენიმე წამის წინ ჩვენ, ამ აქციის მონაწილეებს დაგეშილები დაგვსდევდნენ, სწორედ ამ პარტიული ლიდერის მანქანით დავუსხლტი. მანქანიდან გადმოსულმა მადლობა გადავუხადე, გზა გავაგრძელე და ესღა გავიფიქრე: „რეებს ბოდავს, რა დროს პოლიტიკური კარიერაა, პატიმრებს წამებაში სულს ხდიან,“ – გავიფიქრე, გნებავთ თქვით, რომ მიამიტურად, მაგრამ მაინც გავიფიქრე და დავიკიდე მისი მთქმელიცა და ადრესატიც.

 

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ძალადობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა ჩემთვის ერთ რამეს ნიშნავს: თითოეული ჩვენგანი, ყველა, ვისაც კი ნებისმიერ სახის ძალადობა ერთხელ მაინც უწვნევია – და ასეთია ყველა – უბრალოდ ერთ დღესაც, ავდგეთ, შევიკრიბოთ, გნებავთ, როგორც ძველი ბერძნები –  აგორაზე და ხმამაღლა ვთქვათ, რომ ამის უფლება აღარავის უნდა მივცეთ, არც სხვას, არც საკუთარ თავს! პატიმრები, ქალები, კაცები, შვილები, დასაქმებულები და დაუსაქმებლები, გეები, ლესბები თუ ჰეტეროები, მართლმადიდებლები, ევანგელისტ-ბაპტისტები თუ მუსლიმები – ყველა! შევიკრიბოთ და გავიხსენოთ, რომ მოძალადე და მსხვერპლი ხშირად ელვის სისწრაფით ცვლიან როლებს. ერთ დროს ძალადობის მსხვერპლი პატიმარი, ახლად გათავისუფლებული, 17 მაისს უკვე სხვებს მისდევდა საწამებლად. 17 მაისს სიკვდილს გადარჩენილი რომელიმე გეი, ვინ იცის, იქნებ სასტიკი დამსაქმებელია, რომელიც თავის დაქვემდებარებაში მყოფთ სისხლს სწოვს. ამავე 17 მაისს გადარჩენილ გეებზე მოქილიკე რომელიმე მოძველბიჭო ბაბულიკს შავი დღე იქნებ მაშინ გაუთენდა, საკუთარმა მოძღვარმა „კაზანტიპზე“ წასვლა რომ აუკრძალა, ან მის ხელოვნური განაყოფიერებით შობილ შვილს – ცოდვის შვილი უწოდა?

 

უბრალოდ, ავდგეთ და ჩამოვთვალოთ ძალადობის მსხვერპლთა სახელები, რომლებიც თუნდაც მხოლოდ ბოლო 10 წლის ისტორიიდან გვახსოვს. ჩამოვთვალოთ სხვადასხვა ნიშნით გაერთიანებული საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებსაც ეს მუშტი მოხვდა და თუ მეხსიერებას ოდნავ მაინც დავძაბავთ, ხომ ცხადზე ცხადად დავინახავთ, ამ მუშტის გარეშე არავისი, ერთ დროს გაბადრული, სახე არ დარჩენილა, პეტრე იქნება, პავლე, თუ გიორგი ცომაია.

 

შევთანხმდეთ, რომ როცა ძალადობა სისტემურია და ადრე თუ გვიან მისი მუშტი ხვდება ყველას, მაშინ მას სისტემურადვე უნდა ვებრძოლოთ – ყველა. სხვა დანარჩენი კი ერთჯერადი ორთქლის გამოშვებისა და ხალხმრავალი ამბოხისგან მიღებული თვითკმაყოფილების აქტია, რომელსაც შედეგად ისღა მოაქვს, რომ რომელიმე განსაკუთრებით მოწადინებულ ახალგაზრდას პარტიულმა ლიდერმა გზა გაუკვალოს ძველი სისტემის ძველ, ობიან ბილიკებზე.

 

სხვა რა? იმის იქით კი, ქალაქის ყოველდღიურ ფუსფუსს გარიდებული, რკინა-ბეტონის სქელკედლიანი ნაგებობების მიღმა კვლავ ისმის სიკვდილამდე მისულ პატიმართა, და არა მხოლოდ პატიმართა კვნესის ხმა! 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი