Interviewsკომენტარი

რუსეთის საეგზარქოსოდ ყოფნის პრობლემის წინაშე ვდგავართ – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

16 იანვარი, 2019 • 3472
რუსეთის საეგზარქოსოდ ყოფნის პრობლემის წინაშე ვდგავართ – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

რატომ იკავებენ თავს, ერთი მხრივ, საქართველოს საპატრიარქო და, მეორე მხრივ, საერო ხელისუფლლება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისგან? – ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.

– 5 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრანის ეკლესიას ოფიციალურად გადასცა ავტოკეფალიის ტომოსი. საქართველოს საპატრიარქო ჯერ კიდევ თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან, თუმცა, სანამ ეკლესიის გადაწყვეტილებაზე გკითხავდეთ, საერო ხელისუფლების რეაქცია განვიხილოთ. რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თავშეკავებას, მიულოცონ უკრაინელ ხალხს ავტოკეფალიის მიღება? მით უმეტეს, რომ ამ საკითხს, რელიგიურის გარდა, პოლიტიკური კონტექსტიც აქვს… 

– თავად ხელისუფლების წარმომადგენლები თავშეკავებას ხსნიან იმით, რომ ჯერ ეკლესიამ უნდა გამოხატოს პოზიცია და შემდეგ მიულოცავენ ან არ მიულოცავენ უკრაინას. უკრაინის ავტოკეფალია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საკითხია, რამდენადაც ამით დიდი დარტყმა მიაყენეს რუსეთის იმპერიალიზმის საფუძვლებს. რუსეთის იმპერიალიზმის უპირველესი პოსტულატი რა არის? – რომ ის არის მესამე რომი და სადაცაა მართლმადიდებლობა, იქ არის რუსეთის საზღვრები. ამ თვალსაზრისით რუსეთი მუდმივად იყენებს მართლმადიდებლობას პოლიტიკურ იარაღად და Русский мир-ის იდეა სწორედ ამას გულისხმობს. კონსტანტინოპოლისა და უკრაინის ამ თამამი ნაბიჯებით, ფაქტობრივად, მართლმადიდებლობა რეალურად უბრუნდება ევროპას – ის ხდება არა რუსული პოლიტიკური, არამედ დასავლური რელიგიური აღმსარებლობა. ამასთანავე, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ეს არის უკრაინის რელიგიური დამოუკიდებლობის აღიარება. საქმე გვაქვს ძალიან დიდ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენასთან და, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მე ვფიქრობ, მაინც უფრო უფრთხიან არა საპატრიარქოს, არამედ უფრო რუსეთის რეაქციას. თუმცა ამ მოვლენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არის საკითხი, რომელზეც უბრალოდ არ შეიძლება, რომ  პოლიტიკურ ძალას დამოკიდებულება არ ჰქონდეს გამოხატული. გაჩუმება მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის ინტერესებს და პოზიციას უწევენ ანგარიშს. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის. პოლიტიკური აღიარება არ არის მნიშვნელოვანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი როლისა და ადგილის განსაზღვრისთვის მსოფლიო რუკაზე – ვართ რუსეთის სატელიტი ქვეყანა, თუ ვართ დასავლური დემოკრატიის ნაწილი.

– კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს საქართველოს ეკლესიის მხრიდან დროის გაჭიანურებამ და როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებამდე მივა საპატრიარქო?

– სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი საქართველოს საპატრიარქოსადმი. არ მაქვს მოლოდინი, რომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერენ. წლების განმავლობაში საპატრიარქოს პოზიციონირება საერთაშორისო მართლმადიდებლურ ასპარეზზე გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ის არის რუსეთის იმპერიული მართლმადიდებლობის უერთგულესი სატელიტი. ამის მაგალითებად შემიძლია მოვიყვანო კრეტის კრების ჩაშლის მცდელობა – მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეულ მერვე მსოფლიო კრებაზე პირველი იყო საქართველო, რომელმაც გადათქვა კრებაზე წასვლის სურვილი და ობსტრუქცია მოუწყო ამ კრებას; რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა ევროპის ეკლესიათა კონფერენციაზე და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოზე, სადაც რუსეთის პოზიციის შემდეგ საქართველომ უბრალოდ დატოვა ეს ფორუმები; მუდმივი დაპირისპირება კონსტანტინოპოლთან რუსეთის სასარგებლოდ. საქართველოს ეკლესიის მესვეურები ამბობდნენ, რომ კონსტანტინოპოლის მხარდაჭერა იქნება ამერიკელებისა და ვატიკანის პოზიციების გაძლიერების მხარდაჭერა.  2017 წლის 10 ნოემბერს “რუსთავი 2”-ით გამოქვეყნებულია ფარული ჩანაწერი, სადაც პატრიარქთან საუბრობს სამი ეპისკოპოსი და პირდაპირ იყენებენ სწორედ ამ არგუმენტაციას, რომ ეს არის ამერიკული პროექტი, პროვატიკანური პოზიცია და ამიტომ უნდა ჩავშალოთო კრეტის კრება. როგორც ჩანს, იმ ეპისკოპოსების რაოდენობა სინოდში, ვისაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს, უმრავლესობას წარმოადგენს. ასე რომ, ერთი შეხედვით ფრთხილი, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოხატული უკრაინის ავტოკეფალიისადმი.

თუმცა, მეორე მხრივ, პოზიტიურია ის, რომ ღიად გამოჩნდნენ ის ეპისკოპოსები, რომლებიც არ იზიარებენ უშუალოდ საპატრიარქოს პოზიციებს, სინოდის წევრთა უმრავლესობის პოზიციებს, და დაახლოებით 10-მდე არის ამ ეპისკოპოსების რაოდენობა, რაც ჩვენ ვიცით ღია განცხადებების საფუძველზე. შესაძლებელია მათი რაოდენობა მეტიც იყოს. (უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს სინოდის წევრებმა: პატრიარქის ქორეპოსკოპოსმა იაკობმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა; ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ; ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა; ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა; შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა-“ნეტგაზეთი”).

–  ჩანს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით აზრი გაყოფილია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია განსხვავებული იქნება ზემოთ ნახსენები ეპისკოპოსების მოსაზრებისგან, შეიძლება ეს სინოდის შიგნით განხეთქილების საბაბი გახდეს?

– სინოდის შიგნით განხეთქილების ერთადერთი საბაბი არის პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველა სხვა საკითხიც. ამიტომ, უშუალოდ უკრაინის ავტოკეფალია არ იქნება განხეთქილების საბაბი. განხეთქილების საბაბი იქნება ტახტისთვის ბრძოლა. შეიძლება, დაპირისპირების ეს რეალური მიზეზი უბრალოდ შეიფუთოს ნებისმიერი სხვა საკითხით.

– შესაძლებელია, რომ უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს საპატრიარქომ საერთოდ არ დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია?   

– მე მგონია, რომ საპატრიარქო დროში მაქსიმალურად გაწელავს საკუთარი პოზიციის გამოხატვას. გახსოვთ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა თქვა, რომ ჯერ ტომოსის გამოცხადებას ელოდებიან და შემდეგ გამოხატავენ პოზიციას; ტომოსის გამოცხადების შემდეგ ითქვა, რომ ჯერ წაიკითხავენ მას და შემდეგ გამოხატავენ პოზიციას; ახალქალაქის მიტროპოლიტმა თქვა, რომ წავიკითხეთ ტომოსი, მაგრამ იქ რაღაც გაურკვევლობებია და უნდა გავარკვიოთო: ამ გაურკვევლობის გასარკვევად, ალბათ, შეიქმნება რაღაც თეოლოგიური კომისია; შემდეგ დაელოდებიან ინტრონიზაციას; შემდეგ- სხვა ახალ მოვლენას და ეს გაგრძელდება უსასრულოდ. საქართველოს ეკლესია ეცდება, პოზიციის დაზუსტება და ამ საკითხში სიცხადის გამომჟღავნება დროში მაქსიმალურად გადაწიოს. მაგრამ ისინი, ვინც პირდაპირ არ უჭერენ მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რუსეთის ინტერესებს ახორციელებენ და ამას ტომოსის წაკითხვის, ინტრონიზაციისა და ათასი სხვა არარეალური მიზეზებით ფუთავენ.

– საქართველოს საპატრიარქოს სიფრთხილეს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის აღიარებასთან დაკავშირებით ხშირად რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხით ხსნიან. რამდენად საფუძვლიანია ეს არგუმენტი?

– ერთადერთი ეკლესია, რომელსაც თანამედროვე მდგომარეობით შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს სხვა ეკლესიას, არის კონსტანტინოპოლის ეკლესია. ეს არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სჯულის კანონით განმტკიცებული პრივილეგია. არცერთ სხვა ეკლესიას არ შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია  ამ პრივილეგიის უკანონო მითვისებას ცდილობს. მაგალითად, 1970 წელს ავტოკეფალია მიანიჭა ამერიკის ეკლესიას, რაც არ არის აღიარებული არც კონსტანტინოპოლის, არც ძველი საპატრიარქოების მიერ. ამ ავტოკეფალიას აღიარებენ მხოლოდ საქართველო, სერბეთი და პოლონეთი – ანუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესიები. რუსეთის საპატრიარქოს მიერ ამერიკის ეკლესიისთვის მინიჭებულ ავტოკეფალიას აღიარებს და კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებულს – არა. უცნაურია, ხომ?! ამიტომ, კანონიკურად თუ ვიმსჯელებთ, აფხაზეთის ეკლესიის აღიარების კუთხით საქართველოს ეკლესია უფრო მეტად უნდა უფრთხოდეს კონსტანტინოპოლის პოზიციას, ვიდრე რუსეთის, მაგრამ, მეორე მხრივ, ავტოკეფალია შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ეკლესიას, რომლის ტერიტორიული სივრცე ჩამოყალიბებულია ერად და სახელმწიფოდ. შესაბამისად, კონსტანტინოპოლი არასოდეს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. დასავლური სამყარო ამას არ გააკეთებს და ეს საკითხიც, უბრალოდ, არ დგას დღის წესრიგში. ერთადერთი, ვისაც შეუძლია რაღაც მოძრაობები გააკეთოს ამ კუთხით, არის რუსეთის ეკლესია, თუმცა აქაც ძალიან ბევრი პრობლემაა.

რუსეთის ეკლესიამ ეს ნაბიჯი რომ გადაგას, ძალიან ბევრი სხვა პრობლემა აუფეთქდება და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესიებიც, შესაძლებელია, დაუპირისპირდნენ და მოითხოვონ ავტოკეფალია. ეს ათქვეფს მართლმადიდებლობის პოლიტიკურ თუ რელიგიურ რუკას, ძალიან ბუნდოვანს გახდის ყველა საზღვარს. ამიტომ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას ყველანაირი კანონის დარღვევით. სჯულის კანონის მიხედვით, რუსეთს უბრალოდ არა აქვს აფხაზეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება, ვინაიდან აფხაზეთის ეკლესია რუსეთის ეკლესიის ნაწილი არ არის. სხვა იურისდიქციაში მყოფ ეკლესიას როგორ უნდა მისცეს ავტოკეფალია?!

რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება შეიერთოს აფხაზეთის ეკლესია, ეს შესაძლებელია, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს უკვე განხორციელებულია და სხვა ყველაფერი თავის მოტყუებაა. რუსეთის ეკლესია ნიშნავს იქ სასულიერო პირებს, აჯილდოებს მათ, განხეთქილებაში მყოფ ეკლესიას ყველანაირად აძლიერებს და ახორციელებს რელიგიური რუსიფიკაციის პოლიტიკას, რასაც თვითონ აფხაზი სასულიერო პირების ნაწილი ეწინააღმდეგება. ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც, სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე არ მოჰყვა საქართველოს ეკლესიის რეალური პროტესტი, რაც შეიძლებოდა გამოხატულიყო საქართველოს ეკლესიის მხრიდან ამ საკითხის ძალიან მწვავედ დასმასა და ევქარისტული კავშირის გაწყვეტაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთნ. ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო თავის დროზე. ამის სანაცვლოდ, საქართველოს საპატრიარქო მონურ მორჩილებას იჩენს რუსეთის ეკლესიისადმი და ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც კიდევ უფრო გამოაშკარავდა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების პროცესში. უკრაინის ავტოკეფალიამ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დაგვანახა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სჭირდება რეალური ავტოკეფალიის მიღწევა რუსეთის იმპერიულ-პოლიტიკური მართლმადიდებლობისგან.

– ხედავთ კი ასეთი ავტოკეფალიის მიღწევის შანსს? 

– შეიძლება გვქონდეს ამის იმედი იმიტომ, რომ 5 წლის წინ საერთოდ არ ჩანდნენ ეპისკოპოსები, რომლებიც რაღაც განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ, და დღეს უკვე საჯაროდ 10-ზე მეტი ეპისკოპოსი გამოხატავს  სინოდის წევრთა უმრავლესობისგან და პატრიარქისგან განსხვავებულ პოზიციას. ეს გზა [რუსეთისგან დამოუკიდებლობის] უნდა გააგრძელოს საქართველოს ეკლესიამ, ვინაიდან ეს არის ის გზა, რომელზეც იდგნენ ამბროსი ხელაია, ლეონიდ კათალიკოსი, კირიონ საძაგლიშვილი. ამის გარეშე ჩვენი ეკლესია არსობრივად აღარ იარსებებს როგორც მართლმადიდებლობა, არამედ იქნება მართლმადიდებლობის ფუტლიარი თავისი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შინაარსებით – იქნება საეგზარქოსო. რეალურად ვდგავართ საეგზარქოსოდ ყოფნის პრობლემის წინაშე, ვინაიდან ჩვენი საპატრიარქო დამოუკიდებლად ვერ წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს და მოცულია შიშებითა და მსახურებრივი დამოკიდებულებებით რუსეთისადმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი