კომენტარი

უმცირესობების წინააღმდეგ

11 ივნისი, 2014 • • 1273
უმცირესობების წინააღმდეგ

რელიგიური სიძულვილით განპირობებული ქმედებების ზრდა შეიძლება წინასაარჩევნო კონტექსტით აიხსნას, როცა უმრავლესობის პოლიტიკური ვნებები მატულობს და ის ძალაუფლებასთან თამაშს იწყებს. ამ თამაშში საკუთარი ძალაუფლების საწარმოებლად უმრავლესობა მასალად უმცირესობას (სხვადასხვა უმცირესობას), როგორც ყველაზე სუსტ რგოლს იყენებს. წინასაარჩევნო პირობებში ხელისუფლება ცდილობს უმრავლესობის მიმართ ლოიალური და, შესაბამისად, უმოქმედო დარჩეს. ბოლო პერიოდში დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიერ საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციის ვერც ერთ მცდელობას ხელისუფლება ეფექტურად ვერ (ან არ) გაუმკლავდა. დომინირების მექამიზმი კი განაგრძობს მუშაობას და სხვადასხვა რეალობაში უფლების შეზღუდვის მსგავს შემთხვევებს აწარმოებს.


საბოლოოდ, რელიგიური უმცირესობების ნებისმიერი აქტიურობა, რელიგიური ღვთისმსახურება თუ პრაქტიკა მთავრდება მათი სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის შეზღუდვისკენ მიმართული აგრესიული აქციებით. ამ ყოველივეს დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითიც საკმარისია, რომელსაც მიმდინარე წლის მაისის მიწურულსა და ივნისის თვეში ჰქონდა ადგილი და რომელსაც სახელმწიფო ასტიმულირებს აქტიური ქმედებით ან ლოიალობას უცხადებს უმოქმედობით.


მაგალითად, ასე მოხდა „იმედის ფესტივალთან“ დაკავშრებით. საჯარო ღონისძიების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე საპატრიარქომ განაცხადა, რომ მრევლი შეცდომაში შეჰყავთ და მათ „არავითარი კავშრი არ აქვთ ევანგელისტურ  ღონისძიებასთან“. ამას მოჰყვა ექსტრემისტული ჯგუფის წევრის, გიორგი გაბედავას განცხადება, რომ არ დაუშვებდა ფესტივალის ჩატარებას და სირცხვილის დერეფანს მოაწყობდა სპორტის სასახლეში მიმსვლელი ადამიანებისთვის.


ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ თერჯოლაში განვითარებული მოვლენებიც. იეჰოვას მოწმეებს კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გამგეობამ სამეფო დარბაზის მშენებლობის ნებართვა მისცა, რასაც 2 ივნისს ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის საპროტესტო აქცია მოჰყვა მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით. მშენებლობასთან ჯვარიც აღმართეს და ნაგებობის განადგურების მუქარა არაერთხელ გაჟღერდა. პროტესტს მუნიციპალიტეტის გამგებელი – მალხაზ გურგენიძე შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “ყველაფერი მართლმადიდებლების სასარგებლოდ გადაწყდება“. შედეგად, მიმდინარე წლის 3 ივნისს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მშენებლობა შეჩერდა. ადგილობრივი მოსახლეობის ზემოხსენებულ პროტესტს უძღვებოდა ღვანკითის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის დეკანოზი, სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ნაგებობას „რასელისტების ბუდეს“ უწოდებდა, ხოლო რელიგიური უმცირესობის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს “მამათმავლებად” მოიხსენიებდა. 


მშენებლობის ნებართვა სამ ეტაპად გაიცემა და თითოეულ ეტაპზე მოწმდება, როგორც მიწასთან, ისე შენობის პროექტთან დაკავშირებული რისკები, რის შემდეგაც ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობა რელიგიურ-საკულტო შენობების ნებართვებთან დაკავშირებით ხელგაშლილობით არ გამოირჩევა და ხშირია გაჭიანურებისა და დაუსაბუთებელად უარის თქმის შემთხვევები, მოცემულ საქმეში ნებართვა გაიცა. ამ ნებართვის საფუძველზე დაწყებულ მშენებლობას მოჰყვა ზემოთ აღწერილი მოვლენები, საბოლოოდ კი მშენებლობა შეჩერდა. 


აღსანიშნავია, რომ როგორც მშენებლობის ნებართვის შეჩერების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის N244 ბრძანებაში, ისე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის N710 მითითებაში, აღნიშნული არ ყოფილა მშენებლობის ნებართვის შეჩერების საკანონმდებლო საფუძველი. შესაბამისად, შეუძლებელია კეთილსინდისიერი მშენებელისთვის სახელმწიფო გადაწყვეტილების საფუძლიანობისა და კანონიერების გადამოწმება, რომ დაგეგმოს მისი სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა მშენებლობის შეჩერების შესაძლებლობას ნებართვის გაცემის შემდეგაც, თუმცა კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, რომელთაგან, როგორც ითქვა, ხელისუფლება არც ერთს უთითებს.  


მსგავსი შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, რომლის ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემას, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შედეგად დაკარგა თემმა. მათ შენობის დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა, როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლებაც მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებით ეხმაურებოდა მათ თხოვნას. არც ამჯერად მოხდა გამონაკლისი, თუმცა მათ მცდელობას დაუპირისპირდა ადგილობრივი მართლმდიდებელი მრევლი, რომელთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ სოფლის ცენტრში მეჩეთის აღდგენას. 


რელიგიური უმცირესობის  მხრიდან სალოცავის ასაშენებლად მიწის სარგებლობაში გადმოცემის, ან კიდევ საკუთარ მიწაზე მშენებლობის ნებართვის მიღების განცხადებას რელიგიური უმრავლესობის მხრიდან ხელმოწერების შეგროვება და გაპროტესტება ავტომატურად მოჰყვება ხოლმე. ეს ხელწერა ახალი არ არის და მას წინა წელსაც ჰქონდა ადგილი, როგორც იეჰოვას მოწმეთა და მუსლიმების, ისე სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ. მაგალითად, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის  მცდელობა, თეთრიწყაროს დასახლებაში აეშენებინა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, გაჭიანურდა სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერისა და ხელოვნურად გაზრდილი სტანდარტების გამო. ამ საქმემ სახალხო დამცველის ანგარიშშიც ჰპოვა ასახვა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. 


როგორც ჩანს, სახელმწიფო არ არის დაინტერესებული “უმრავლესობის” განაწყენებით.

თაკო გეგელია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 

მასალების გადაბეჭდვის წესი