ავტორი: მანანა შალვაშვილი
ასე მომინდა დამეწერა წერილი მშობლების, კონკრეტულად ჰომოსექსუალ შვილთა მშობლების და თავად ამ შვილების მიმართ!
17 მაისი საქართველოს ეკლესიამ ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ლოცვა-კურთხევით უნდა ასწავლონ ვინმეს საკუთარი ოჯახის სიყვარული, მით უმეტეს, სწორედ იმ დღეს, რომელიც ჰომოსექსუალთა უფლებებთან ასოცირდება. არც ის ვიცი, რატომ გააკეთეს ეს ჰომოსექსუალთა ჯიბრზე. არ ვიცი არც ის, თუ რატომ ჰგონიათ, რომ ჰომოსექსუალობა და ოჯახის სიყვარული ერთმანეთთან შეუთავსებელია და თითქოს გეი შვილებს დედები არ ვუყვარვართ, ან ჩვენ არ გვიყვარს, მაგრამ რაც ვიცი, ისაა, რომ ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვარ, მაქვს ბევრი კითხვა, რომელიც მინდა დავუსვა ჩემი ქვეყნის მოქალაქე დედებს!
როგორ გახსოვთ შარშანდელი 17 მაისი? როგორ გახსოვთ მღვდლები და ბიჭები, რომლებიც მოსაკლავად მისდევდნენ სხვის შვილებს, მოსაკლავად მისდევდნენ ჩემს საკუთარ შვილს? როგორ გგონიათ, რა უნდა მექნა მე, მორწმუნე ქრისტიანს ამ დღეს? სახლიდან გამეგდო ან მომეკლა შვილი, მომეკვეთა ოჯახიდან, შემდეგ წავსულიყავი ეკლესიაში და სანთლები დამენთო მისი სულის სახელზე? ფიქრობთ, რომ ასე ქრისტიანზე უფრო ქრისტიანი გამოვჩნდებოდი და ღმერთსაც ასე უფრო ვეყვარებოდი? ვინმეს ასე ესახება ოჯახის პატივისცემა? რაზე ფიქრობენ მღვდლები, როცა ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრების სიძულვილისკენ მოგვიწოდებენ, გვეუბნებიან, რომ ვთქვათ, ევროპაში შვილის გაშვება საშიშია და ამ დროს კი აურაცხელ ფულს ახარჯავენ საკუთარი შვილების კეთილდღეობას, მათ განათლებას ევროპაში და საიდან? ვისგან? სწორედ იმ მშობლების ნაყიდი სანთლებიდან აღებული ფულით, რომელ მშობლებშიც სიძულვილს აღვივებენ?
რა უნდათ, ვის დაკარგვიან ის ბოროტი პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის მართვა-გამგეობაზე აცხადებენ პრეტენზიას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ავადმყოფებად და ანომალიებად მოიხსენიებენ? ვინ- ვინ და ხალხის, ჩვენს ხარჯზე ქონებამოხვეჭილი ქურდები უნდა გვიკითხავდნენ მორალს კარგსა და ცუდზე? მათ დავუჯეროთ? რატომ მეუბნება ქვეყნის პრემიერი, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა და რომ ჩემს, როგორც ქვრივის ოჯახს ოჯახი არ ჰქვია?
სად არიან ის ვაჟკაცები, რომლებიც უსაქმურობისა და მუქთახორობისგან წელში გაწყვეტილები, ცოლებს საზღვარგარეთ აგზავნიან უმძიმეს საქმეებზე სამუშაოდ, ომის დროს კუდამოძუებულები გარბიან ქვეყნიდან, სცემენ ცოლებსა და შვილებს, ხოლო შემდეგ გვიბრუნდებიან და 17 მაისს ოჯახის პატივისცემას გვასწავლიან? იმ 17 მაისს, როდესაც ჩემს შვილს შვილისტოლა ბიჭები მოსაკლავად მისდევდნენ და სწორედ იმ შვილს, რომელსაც, თითქოს აფხაზეთის ომში მამის დაღუპვა არ ეყოფოდა, 2008 წლის აგვისტოში საკუთარი ფეხით ჩავყევი კომისარიატში, რეზერვისტებში ჩასაწერად. სად იყავით ამ დროს, ბიჭებო, სად გახსოვდათ ოჯახისა და ქვეყნის სიყვარული, რომელიც წელიწადში ერთხელ, მხოლოდ 17 მაისს გახსენდებათ?
არ ვწერ ამას ნიშნის მოგებით, ღმერთმა დამიფაროს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსუსურობა მიხაროდეს. ტკივილით ვწერ, გულის ტკივილით, რომ ვერც ხვდებიან, ისე გვიმწარებენ სიცოცხლეს ოჯახებს – ოჯახის სიყვარულის სახელით. აბა, რომელ დედას გაუხარებს გულს იმის ცოდნა, რომ მისი შვილი სძულთ, ლამის ყველას: ეკლესიას, რომელშიც ვლოცულობ; პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხმა მივეცი; მოქალაქეებს, რომლებსაც შვილივით ვუყურებ.
მახსოვს, ჩემი მეორე შვილი, რომელსაც ერთ დროს თინეიჯერული ავარდნილი ბლატაობის პერიოდი ჰქონდა, რომ აღარ ვიცოდი რა მექნა, ერთ მღვდელთან მივიყვანე. ვფიქრობდი- დაარიგებდა, დაამშვიდებდა. შედეგი კი საპირისპირო მივიღე – მღვდელი უკვე თავად გამოცდილი მობლატავე იყო და იქვე მივხვდი, რომ ჯობდა საკუთარ ოჯახზე თავად მეზრუნა, ფარისეველი მორალისტების დახმარების გარეშე და საბოლოო შედეგიდან გამომდინარე, არც ვნანობ, რომ ასე გადავწყიტე.
ამიტომ გეკითხებით, დედებო! არ მესახება ქალი, რომელსაც საკუთარი შვილისთვის კარგი არ უნდოდეს, მაგრამ რას ვუწოდებთ ამ „კარგს“? სხვის დევნასა და სხვის სიძულვილს, სხვისი შვილის სასიკვდილოდ გამეტებას?
ან როგორ გგონიათ, ერთ დღესაც საკუთარი პირმშო რომ მოგადგეთ და გითხრათ, გეი ვარო, რას იზამთ? შეგძულდებათ, ოჯახიდან მოიკვეთთ შვილს, რომელიც თავად შობეთ, ელოლიავეთ, წუთები, საათები და წლები ახარჯეთ მის სიცოცხლესა და მის ცხოვრებას და ასე უფრო პირნათლად წარსდგებით ღმერთის წინაშე?
ამ წერილიდან ისე ჩანს, თითქოს პასუხზე მეტი შეკითხვა მქონდეს, მაგრამ ხშირად, პასუხები თავად შეკითხვაშია, თავის სევდასა და გულის ტკივილთან ერთად. ამიტომ, თუ მაინც მკითხავთ, როგორ მოვიქეცი მე, გიპასუხებთ, რომ პასუხი თავადაც იცით: არ არსებობს დედა, რომელიც შვილის სიყვარულისთვის ბოლომდე არ იბრძოლებს, თუნდაც ამისათვის ყველაზე გაუტეხელ კედელთან თავით შეჯახება მოუწიოს და თუნდაც ამ კედელს ეკლესია ან საზოგადოებრივი, ნათესავებისა თუ მეზობლების აზრი ერქვას. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი პირმშოები იმიტომ გვიყვარს ყველაზე მეტად, რომ ეკლესიის ან მეზობლის კი არა, ჩვენია.
ვიფიქროთ ამაზე, დედებო, მამებო და შვილებო. ვიფიქროთ სწორედ იმ დღეს, როცა აგრესიისა და სიძულვილისაგან დაბრმავებულები ოჯახის წევრების სიყვარულის დღეს აღნიშნავთ და ვიფიქროთ იმაზეც, რომ ის, ვის წინააღმდეგაც 17-ში გამოხვალთ, იქნებ თქვენი საკუთარი შვილია ისე, რომ არც იცით. და თავად იფიქრეთ ამაზე, ჰომოფობი მშობლის ჰომოსექსუალო შვილებო.
მანანა შალვაშვილი ნეტგაზეთის ავტორის, გიორგი კიკონიშვილის დედაა.